ტრანსპორტის ამუშავების დრო მოახლოვდა, როდის იქნება კონკრეტული გეგმა?

ტრანსპორტის ამუშავების დრო მოახლოვდა, როდის იქნება კონკრეტული გეგმა?

დღეიდან ეკონომიკის გახნის მორიგი, უფრო დიდი ეტაპი დაწყო და სავარუდოდ, უკვე დადგება დღის წესრიგში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავების საკითხიც. თბილისის მერი კახა კალაძე კონკრეტულ თარიღს ისევ ვერ ასახელებს და ამბობს, რომ ეს პირდაპირ არის დამოკიდებული ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავება არ არის დამოკიდებული მუნიციპალიტეტზე. ეს პირდაპირ დამოკიდებულია არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე.

ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვადევნებთ თვალს როგორ მიმდინარეობს პროცესები, რა ეტაპზე ვართ, რა შეიძლება იყოს საფრთხე და რა გამოწვევა არსებობს. გადაწყვეტილება მაშინვე იქნება მიღებული, როდესაც გაჩნდება ტრანსპორტის მოძრაობის შესაძლებლობა.

ამ დღეებში მუდმივად ვსაუბრობდით, რომ ეკონომიკის გახსნა დაწყებულია იმაზე ადრე, ვიდრე თავიდან იყო წარმოდგენილი. აქაც მნიშვნელოვანია, რომ იმ დროს, როდესაც ნელ-ნელა ვუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რიტმს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გავითვალისწინოთ ყველა ის რჩევა და რეკომენდაცია, რაც უსაფრთხოების თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს მეტროპოლიტენში სარემონტო სამუშაოები, რათა ის დათქმულ ვადაში დასრულდეს. პროექტის ჯამური ღირებულება 15 მილიონ დოლარზე მეტია. მთლიანად განახლდება ან გამოიცვლება მეტროს ელექტროკაბელები და სავენტილაციო სისტემა. სამუშაოების შედეგად, გაუმჯობესდება მეტროს უსაფრთხოების ხარისხსა და ენერგოეფექტურობა. პროექტი 2020 წლის ივნისში უნდა დასრულდეს.

„დროულად დასრულდება სამუშაოები. რაც მეტრო ფუნქციონირებს, თითი არ დაუდია არავის და საფრთხეს წარმოადგენდა არსებული მდგომარეობა. ტენდერით გამარჯვებული კომპანია ამ პერიოდში არ შეჩერებულა. იმ ტემპით ვერა, როგორც სხვა პროექტები, თუმცა მაინც გრძელდება სამუშაოები“, - განაცხადა კალაძემ.

როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდება, მგზავრებს აუცილებლად უნდა ეკეთოთ პირბადე. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის ხათუნა ზახაშვილის თქმით, დღეისთვის აღიარებულია, რომ თუ დაავადებული ადამიანი გამოიყენებს ნიღაბს, ის დაახლოებით, 50-70%-მდე შეამცირებს რისკს, რომ ჯანმრთელ ადამიანს თავისი დაავადება გადასდოს. ხოლო თუ ჯანმრთელი ადამიანი გამოიყენებს ნიღაბს, ის შეიმცირებს რისკს, რომ მის ლორწოვან გარსებზე ვირუსი მოხვდეს.

„რეკომენდებულია დღესდღეობით, რომ ყველამ დახურულ სივრცეში გამოიყენოს ნიღაბი განსაკუთრებით ახლო ურთიერთობების დროს, ეს გულისხმობს 1 მეტრზე ახლო ურთიერთობას, საუბარს. ვფიქრობთ, რომ თუ დაავადების გავრცელება შენარჩუნდა იმ პერიოდშიც კი, როცა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება, რეკომენდებული უნდა დარჩეს მგზავრების მიერ სატრანსპორტო სივრცეში ნიღბის გამოყენება. ეს შეამცირებს დაავადების გავრცელების რისკს“, -განაცხადა ზახაშვილმა.

საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილი ფიქრობს, რომ ტრანსპორტი უნდა ამუშავდეს სწრაფად წესებისა და ჯანმოს რეკომენდაციების გათვალისწინებით.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ უნდა აკრძალულიყო. სოციალურად შეჭირვებული ძალიან ბევრია საქართველოში. მათ შესაძლებლობა არ აქვთ, რომ ტაქსით გადაადგილდნენ.

ტრანსპორტში, პირველ რიგში, საგანგებო წესები უნდა იქნას დაცული. არც ის არის სწორი, რომ ქართველი ხალხი, თურმე არ იცავს დისციპლინას. ამ პანდემიამ საპირისპირო დაგვანახა, თუ აუხსნი რა და რატომ კეთდება, ყველაფრის დაცვა მარტივად შესაძლებელია, უკეთესად, ვიდრე ევროპულ ქვეყნებში აკეთებენ. როგორც კი ეკონომიკის გახსნა დაიწყება, გამოჩნდება საჭიროებაც“, - აღნიშნა მესხიშვილმა.