ესპანეთის უმაღლესი ლიგის ბინადარ „ბეტისის“ სამ ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Cadena Ser-ი ავრცელებს.
ანდალუსიური კლუბის ორ ფეხბურთელთან დაავადება სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს, თუმცა, მიუხედავად ამისა, სამივე ინფიცირებული ორკვირიანი კარანტინის პერიოდს სახლში გაატარებს და ყოველ 72 საათში ერთხელ კორონავირუსზე ტესტს ჩააბარებს.
მანამდე კორონავირუსი ესპანეთის უმაღლესი ლიგის კიდევ სამ ფეხბურთელს - რემიროს („რეალ სოსიედადი“), იანხელ ერერას („გრანადა“) და რენან ლოდის („ატლეტიკო“) დაუდასტურდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.