დღეს ჩვენი გაზეთით შეიტყობთ, რომ პრეზიდენტის მიერ გაუქმებული ავტომობილების ტექნიკური დათვალიერება დროებითი იყო და 2013 წლის 1 იანვრიდან პრეზიდენტის ხელისუფლების მიერ მიღებული კანონით სავალდებულო გახდება. 2004 წლამდე ტექდათვალიერების ფორმა იყო მანკიერი, ფულს გადაიხდიდი და ტექპასპორტსაც ჯიბეში იდებდი. სააკაშვილმა ორი კურდღელი დაიჭირა, წინასაარჩევნოდ მომხრეების გული მოიგო, ტექდათვალიერება დროებით აიკრძალა და მეორე მხრივ, გამოაცხადა, რომ ეს იყო კორუფციის წყარო და ამოვქოლეო.
"ალიას" ამ სკანდალური ინფორმაციის შესახებ დეტალებს "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" მთავარი საბჭოს წევრი, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი - შალვა ოგბაიძე უმხელს:
- ტექდათვალიერების აზრი არის ის, რომ მანქანა შემოწმდეს საგზაო მოძრაობისა და გარემოს დაცვის კუთხით, უხეშად რომ ვთქვათ, მანქანას მუხრუჭები უნდა უჭერდეს და გამონაბოლქვით გარემოს არ უნდა აბინძურებდეს, მაყუჩი უნდა ჰქონდეს მწყობრში. ამ კუთხით, 2004 წლამდე ერთი მანქანაც არ ყოფილა დაბრაკული, ვინც ფულს იხდიდა, ყველას ჰქონდა ტექდათვალიერების საბუთი. ამ ფორმით არ უნდა ეარსება, უნდა შემუშავებულიყო ისეთი მექანიზმი, რომელიც ჯიბეს არ დაარტყამს და ავტომობილის მძღოლს ეცოდინებოდა, ნამუსიც კარგი საქონელია და უკან რომ ლურჯი ბოლი გასდის მანქანას და მუხრუჭი რომ არ უჭერს, მოხვევის მაჩვენებელი რომ არ მუშაობს, რაც ავარიის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია, ტექდათვალიერებას რომ თავი დავანებოთ, მძღოლს შინაგანი კულტურა უნდა ჰქონდეს, რომ ეს მოაწესრიგოს და სხვას საფრთხე არ შეუქმნას. ეს იყო არსი უკეთესი მექანიზმის შემუშავებისა, მაგრამ სააკაშვილმა ეს გამოიყენა სოციალური კორუფციისთვის, - მოდი, მე შენ ტექდათვალიერებას გადაგივადებ, ოღონდ შენ მე არჩევნებზე ხმა მომეცი.
აქვე შეგახსენებთ, რომ სამარშრუტო ტაქსებისთვის ტექდათვალიერება გაუქმებული არ იყო, ეს გაუქმდა რიგითი მოქალაქეებისთვის და 2013 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდება ეს კანონი. ეს დღეც კარზეა მომდგარი და დააკვირდით, სააკაშვილი როგორი გაყუჩებულია, სხვადასხვა საერთაშორისო ტრიბუნებს იყენებს იმისთვის, რათა რაღაც იდეები ისროლოს იქიდან. სააკაშვილი სულხან-საბას მაოხრებელი გზირივითაა, მას ადამიანურად წასვლაც არ შეუძლია. სააკაშვილს შეეძლო გამოეცა ბრძანება, შემუშავებულიყო დოკუმენტი, დაწყებულიყო საზოგადოებრივი მსჯელობა, მაგრამ ეს არ გაუკეთებია. ამიტომაც, მინდა ჩემს თანამოქალაქეებს თქვენი გაზეთით შევახსენო, - 2013 წლის 1-ელ იანვარს შესაძლოა, ჩვენი ავტომობილები კანონგარეშე აღმოჩნდეს. ამიტომაც ამას დროზე სჭირდება შველა...
- და მაინც, რას ნიშნავს ჩვენი ავტომობილები შესაძლოა, კანონგარეშე აღმოჩნდეს?
- თუ წაიკითხავთ კანონს, 45-ე პრიმა მუხლი, კანონი საგზაო უსაფრთო მოძრაობის შესახებ, გარდამავალ დებულებებში წერია: მსუბუქი ავტომობილებისთვის ტექდათვალიერების სავალდებულობა გადადებულია 2013 წლის 1-ელ იანვრამდე. ამ თარიღამდე ჩვენ ავტომობილების ტექდათვალიერებას არავინ გვავალდებულებს, მაგრამ, თუ ხელისუფლებამ რამე არ იღონა და არ გამოიცა საკანონმდებლო ნორმატიული აქტი, აღმოჩნდება, რომ ავტომატურად შედის ძალაში 1-ელ იანვარს ტექდათვალიერება.
ახლა ორ ნაწილად გავყოთ და ვთქვათ, რა ეშველება საკითხს. პირველი - რაც შეიძლება მალე უნდა წავიდეს სააკაშვილი, რადგან ჩვენ ის ბევრჯერ აღმოგვაჩენს მსგავს სიტუაციაში და მეორე, - სასწრაფოდ უნდა დავიწყოთ შემუშავება სამოქმედო გეგმის, ეტაპობრივად, ნელ-ნელა გადავიდეთ სავალდებულო ტექდათვალიერებაზე, რომ მოქალაქეების ჯიბე ამან არ აზარალოს, ძლივს რომ შეუკოწიწებია ფული და მანქანა უყიდია კრედიტით, მისთვის ეს საკითხი არ უნდა იყოს მტკივნეული, ეს კი სააკაშვილის ინტერესში შედის, რომ გამოიწვიოს სოციალური მღელვარება. თქვენი ინტერვიუც ემსახურება ამ საკითხზე ღია, საჯარო დებატების გახსნას.
მე, როგორც პროფესიონალი ექსპერტი, მზად ვარ, ჩავერთო ამ საქმეში, დაიწყოს ღია დისკუსია, გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად, ასევე, შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან ერთად და შევიმუშაოთ სამოქმედო გეგმა, თუ როგორ უნდა გაახალგაზრდავდეს საქართველოში საავტომობილო პარკი, რადგან ყველაფრის თავი და თავი ხომ მოძველებული ავტომობილის პარკია, ადამიანებს უნდა მიეცეთ საშუალება, წინასწარ დაგეგმონ სატრანსპორტო საშუალების შეძენა, რომლის შემდეგაც არ გაუჩნდება დამატებითი პრობლემები. ამისთვის ვიმეორებ, რომ კარგია საჯარო დებატების გახსნა. მე, როგორც ექსპერტი, ვერანაირად ვერ დავუჭერ მხარს ისეთ ცვლილებას, რომელიც დაკავშირებული იქნება დრაკონულ მეთოდებთან. დღეს თქვენ ამ საკითხზე იმიტომ გელაპარაკებით, რომ აუცილებელია დროულად ვიდებატოთ ამ საკითხზე და დროულად იქნას სწრაფი გადაწყვეტილება მიღებული, არა ჩვენი მოქალაქეების ფინანსური გაჭირვების ხარჯზე.