ბოლო 24 საათის განმავლობაში ცხინვალის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აფხაზეთში კი - ერთბაშად 6. თუმცა, თბილისში აცხადებენ, რომ ვითარების გაუარესება ცხინვალში უფრო მეტადაა მოსალოდნელი, ვიდრე აფხაზეთში, რასაც თავისი ობიექტური მიზეზები აქვს.
„სამხრეთ ოსეთში“ ვვარაუდობ ინფექციის სერიოზულ აფეთქებას, ხოლო აფხაზეთში, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულ კრასნოდარის მხარეს ესაზღვრება, უფრო მაღალი დონეა სამედიცინო მომსახურების. რასაკვირველია, აფხაზეთშიც ვვარაუდობ კორონავირუსის გავრცელებას, მაგრამ მძიმე მდგომარეობა, ალბათ, უფრო ცხინვალში იქნება“, - ასე აფასებს „რეზონანსთან“ საუბრისას ანალიტიკოსი მამუკა არეშიძე სეპარატისტულ რეგიონებში კორონავირუსით გამოწვეულ მდგომარეობას.
აფხაზეთში, 9 მაისის მონაცემებით, COVID-19 დამატებით 6 ადამინს დაუფიქსირდა, ხოლო ცხინვალის რეგიონში სიტუაცია შედარებით უფრო მძიმეა - ახალი კორონავირუსი 17 ადამიას აქვს, ხოლო ასობით კი კარანტინშია.
აფხაზეთში „კორონავირუსისგან მოსახლეობის დაცვის ოპერატიული შტაბის“ მონაცემებით, ოფიციალურად დაფიქსირებული ინფიცირების სულ 9 შემთხვევა. აქედან 2 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ერთი კი გარდაიცვალა.
რაც შეეხება ახალ შემთხვევებს, 6-ვე ინფიცირებული მოსკოვიდან დაბრუნებული სტუდენტები არიან, რომლებიც კარანტინში იმყოფებოდნენ.
ამას გარდა, სარაკანტინე ზონისთვის გამოყოფილ სოხუმში მდებარე სასტუმრო „აიტარში“ 209 ადამიანია გადაყვანილი. აღსანიშნავია, რომ ვირუსის შიდა გავრცელება აფხაზეთში ჯერჯერობით არაა დაფიქსირებული.
რაც შეეხება ცხინვალის რეგიონს, იქ კორონავირუსით გამოწვეული მდგომარეობა შედარებით რთულია - კარანტინში 297 ადამიანია, ხოლო ოფიციალურად დადასტურებული ინფიცირების შემთხვევა - 17.
ბოლო ორი შემთხვევა „ძალოვან სტრუქტურებში’ დაფიქსირდა - კორონავირუსი დაუდგინდა სამხედროსა და კურსანტს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „რესი“ იუწყება. 17-ვე დაავადებული ბოქსებში არიან გადაყვანილი და ყოველი მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
თუმცა, დაინფიცირებულთა რაოდენობა შესაძლოა კიდევ უფრო გაიზარდოს, რადგან 9 მაისს ჩატარებული ტესტების შედეგები ჯერჯერობით არაა ცნობილი.
ანალიტიკოსი მამუკა არეშიძე „რეზონანსთან“ საუბრობს იმ მიზეზებზე, რომელმაც გამოიწვია აღნიშნული მდგომარეობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე:
„ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდგომარეობა საკმაოდ რთულია იმ თვალსაზრისით, რომ სამედიცინო ინფრასტრუქტურა და ექიმების პროფესიული დონე იმ სავარაუდო გამოწვევებს, რომელიც დღეს არის და მომავალში განჩნდება, ვერ გაუმკლავდება, არ აქვთ ამის საშუალება.
„აფხაზეთში შედარებით უკეთესია მდგომარეობა, რადგან კვალიფიციური ექიმების რაოდენობა შედარებით მეტია. მაგრამ ამას ვამბობ სხვადასხვა დარგის კვალიფიციურ სპეციალისტებზე, რადგან ეპიდემიოლოგი 2 კაცი ჰყავდათ. ერთ-ერთ საავადმყოფოზე ჩამოკიდებული აბრა იმის შესახებ, რომ ეს ეპიდემიოლოგიური საავადმყოფოა, არ ნიშნავს იმას, რომ იქ რამე შეიცვალა.
„მოსკოვისგან მოსალოდნელი დახმარება, პრაქტიკულად, ვერ მიიღეს და გასაგებიცაა რატომ - მოსკოვს თავისი გასჭირვებია. განსაკუთრებით იგულისხმება ფილტვების სავენტილაციო აპარატები. მარტივი აღჭურვილობა მიიღეს, მაგრა არა მხოლოდ მოსკოვისგან, არამედ ამერიკის წარმომადგენლობისგანაც მიიღეს დახმარება აფხაზებმა. ოსებმა კი მხოლოდ მოსკოვისგან მიიღეს დახმარება.
„აფხაზეთში შეყვანილი ქიმიური ჯარების მარგი ქმედების კოეფიციენტი ნულია, ისინი მხოლოდ და მხოლოდ რუსულ საჯარისო ფორმირებებს და მათ მდგომარეობას აკვირდებიან“, - ამბობს არეშიძე.
ანალიტიკოსის თქმით, ცხინვალის რეგინში მდგომარეობის მეტად გართულებაა მოსალოდნელი, რადგან პროფილაქტიკა ძალიან დაბალ დონეზეა:
„რაც შეეხება ე.წ. სამხრეთ ოსეთს, აქ ინფექციის საწყისი ეტაპია. რამდენადაც ვხვდები, ინფექციის ორი წყაროა - ჩრდილოეთ ოსეთსა და ცხინვალში გადაადგილებული ადამიანების მიერ შემოტანილი ინფექცია და გარდა ამისა, სამხედროები.
„სამხედროების რაოდენობა ცხინვალში თითქმის იმდენივეა, რამდენიც ადგილობრივი მოსახლეობა. აფხაზეთშიც და ცხინვალშიც კორონავირუსის გავრცელება ჯერ საწყის ეტაპზეა, იმ ეტაპზე, რომელიც დიდი ხნის წინ გავლილი აქვს რეგიონის სხვა სუბიექტებს.
„ცხინვალის რეგიონი კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაშია, რადგან მას ესაზღვრება ჩრდილოეთ ოსეთი, რომელიც დაღესტანთან ერთად ყველზე მეტადაა დაზარალებული კორონავირუსის გავრცელების გამო მთელ ჩრდილოეთ კავკასიაში. „ტომარაში“ არიან და დამატებით არანაირ დახმარებას არ იღებენ ჩვენგან.
„განსაკუთრებით გვაწუხებს ახალგორში მყოფი ჩვენი თანამემამულეების მდგომარეობა, რომლებიც ისედაც რთულ ვითარებაში არიან - ჩაკეტილია „საზღვრები“ და ვერ იღებენ არა მხოლოდ კორონავირუსის საწინააღმდეგოდ საჭირო დახმარებას, არამედ ჩვეულებრივ დახმარებას ჰიპერტონიკებისთვის, ონკოლოგიური ავადმყოფებისთვის და ა.შ.
„სამხრეთ ოსეთში“ ვვარაუდობ ინფექციის სერიოზულ აფეთქებას, ხოლო აფხაზეთში, მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულ კრასნოდარის მხარეს ესაზღვრება, უფრო მაღალი დონეა სამედიცინო მომსახურების. რა საკვირველია, აფხაზეთშიც ვვარაუდობ კორონავირუსის გავრცელებას, მაგრამ მძიმე მდგომარეობა, ალბათ, უფრო ცხინვალში იქნება“, - დასძინა მამუკა არეშიძემ „რეზონანსთან“ საუბრისას.