ფიდელი გადადგა, სააკაშვილი?

ფიდელი გადადგა, სააკაშვილი?

ფიდელ კასტროს, როგორც იქნა, ჯანმრთელობამ უმტყუნა და კუბის უცვლელმა მმართველმა, რომელმაც ერთადერთობის რეკორდი დაამყარა, სადავეები ძმას გადააბარა (ამ დღეს, სავარაუდოდ, დიდხანს ელოდნენ დემოკრატიის აკვანში).

ამ ფაქტმა მეზობელ ამერიკაში, რომელიც ამჟამად ძირითადად შორეულ კონტინენტებზე დემოკრატიის დამყარებითაა გართული (თავის ყურის ძირში კი აქამდე ვერაფერი მოეხერხებინა), გვარიანი გამოცოცხლება გამოიწვია, თანაც არა მხოლოდ პოლიტიკური, კომერციულიც.

გავრცელებული ინფორმაციით, უბრალო ამერიკელები კუბის ბელადის გარდაცვალების ზუსტი თარიღის გამოცნობას ცდილობენ და ამ მიზნით ტოტალიზატორში ფსონებს ჩამოდიან.

მეორე მხრივ, მათი მთავრობა კუბის მოსახლეობას დემოკრატიული განვითარებისკენ მოუწოდებს, რისთვისაც პირველ ეტაპზე 80-მილიონიან დახმარებას ჰპირდება.

ხოლო, ვინაიდან რევოლუციური სიმწიფისთვის, გარდა ფინანსებისა, სულიერი წრთობაც აუცილენელი პირობაა, ვფიქრობ, დადგა დრო, რომ დემრევოლუციის ჩვენებურმა მამებმა ახლა უკვე ოკეანის გაღმაც გამოამჟღავნონ თავიანთი პოტენციალი, ანუ ექსპორტის არეალი გააფართოონ და აზიიდან თავისუფლების კონტინენტისკენ გაუტიონ.