"რას მოგვიტანს თბილისი-სოხუმი-მოსკოვის მატარებელი?".

"სავალდებულო სამხედრო სამსახური მოქალაქეებს დისკომფორტს არ უნდა უქმნიდეს. 18 წლის ასაკში წვევამდელი სკოლას ამთავრებს და კანონის შესაბამისად ის სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას ექვემდებარება. მას უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარების საშუალება აღარ ექნება, რაც ნიშნავს, რომ სახელმწიფო მას განათლების მიღებას უზღუდავს. მას შემდეგ, რაც ის შეიარაღებული ძალებიდან დაბრუნდება, სკოლაში მიღებული განათლების თავიდან მიღება უწევს. ჩემი ინიციატივაა, რომ სამხედრო გაწვევა 19 წლის ასაკიდან დაიწყოს. თუნდაც იმიტომ, რომ მათი ძვლოვანი ჩამოყალიბება ჯერ კიდევ გრძელდება, გარდა ამისა, როგორც მეთაურები აცხადებენ, 19-20 წელი ჯარის განვითარებისთვის საუკეთესო ასაკია. მომავალი გვიჩვენებს, ამ ინიციატივას მხარს დაუჭერს თუ არა მთავრობა ან პარლამენტი", - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ "არსენალისთვის" (7-20 დეკემბერი, 2012 წ.) მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "გაწვევა 19 წლიდან 12-თვიან ჯარში" .

"მას შემდეგ, რაც შეიარაღებული ძალების რეფორმირება დაიწყება, უკვე შეგვეძლება გაწვევის ვადის ეტაპობრივი შემცირება დავიწყოთ. ამ დროისთვის არის 15 თვე, ხოლო მას შემდეგ, რაც რეფორმის გეგმა იქნება წარმოდგენილი, შესაძლოა, 12-თვიანზე გადავიდეთ. ჩემი აზრით, გადავადების მოსაკრებელი უნდა გაუქმდეს, თუმცა, ეს არის ჩემი პოზიცია და იმედია, ჩემი კოლეგებიც გაიზიარებენ. ასევე ვაპირებთ გადავხედოთ სარეზერვო სისტემას, საჭიროა მისი სწორად დაგეგმვა და ორგანიზება. საველე რეჟიმში უნდა მოხდეს ალტერნატიული შრომითი სამსახურის სისტემის რეფორმირება. მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ ალტერნატიული შრომითი სამსახურის რეზერვს, რომელიც კანონში კი არის შეტანილი, მაგრამ პრაქტიკაში ვერ ვახორციელებთ", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი სესიაშვილი.


"ქართულ სამხედრო ავიაციას მოიერიშეები თითზე ჩამოსათვლელად დარჩა. ამის მიზეზი თავდაცვის სამინისტროს წინა ხელმძღვანელობის მიერ ჩატარებული "წმენდაა". თუ რის გამო დაითხოვეს 2010 წლის შემოდგომაზე ოთხი სამხედრო პილოტი, ამის შესახებ ურთიერთგამომრიცხავი ვერსიები ვრცელდება. თავად პილოტები ამ ფაქტს სამხედრო პოლიციის უხეში ჩარევით ხსნიან, მეორე ვერსიით კი გიგი კალანდაძემ "ნათესაური კლანების" წინააღმდეგ გაილაშქრა. ქართული ავიაციიდან გამოშვების შემდეგ, მალხაზ ტაბატაძემ და ტრიფონ წიქარიშვილმა აფრიკის ერთ-ერთი რესპუბლიკის საჰაერო ძალებში დაიწყეს სამსახური და თავის გამოცდილებას ადგილობრივ სამხედროებს უზიარებენ. საქმე ის არის, რომ უცხო მხარეში ქართველ სამხედროებს კარგი დაფასება და მატერიალური ანაზღაურება აქვთ", - წერს სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი "არსენალი" სტატიაში სათაურით "ქართველი პილოტები აფრიკის ცაში".

"შეიარაღებული ძალებიდან ახსნა-განმარტების გარეშე დაგვითხოვეს. 2010 წლის 14. გიგი კალანდაძემ მკითხა, რატომ ვმალავდი იმას, რომ ჩემს ნაწილში ნათესავები, მეგობრები და ოჯახის ახლობლები მყავდა დასაქმებული. მითხრა, რომ ჩემი პროტექციით მოყვანილი ადამიანების სია ჩამომეწერა, ასეთი კი მხოლოდ ორი პირი იყო, _ ერთი შეიარაღებების მექანიკოსი, მეორე კი საქმის მწარმოებელი გოგონა. ამის შემდეგ მთხოვა, შვებულებაში წასვლის შესახებ პატაკი დამეწერა და იქვე დასძინა, რომ კაბინეტიც დამეცალა, ვინაიდან შვებულებიდან, სავარაუდოდ, ვეღარ დაბრუნდებიო. კალანდაძეს კიდევ ერთხელ ვკითხე, ბატონო გიგი, გამაგებინეთ, რა ხდება-მეთქი. მე ახსნა-განმარტებებს არ ვიძლევი, პირიქით, თქვენ უნდა მომცეთო. მკითხეთ და თუ რამე გაურკვევლობაა, რამე დანაშაული მედება ბრალად, მზად ვარ, გიპასუხოთ-მეთქი. ყველა სიტყვაზე კედელაშვილი მეპასუხებოდა. როდესაც ჩემს კაბინეტში შევედი, კალანდაძე და გენერალური ინსპექციის წარმომადგენელი, გვარად სამადაშვილი შემომყვნენ. დავწერე საშვებულებო პატაკი, იარაღი ჩავაბარე და პირადი ნივთები მოვაგროვე. სამსახურებრივ მანქანაში ჩავჯექი და წამოვედი ", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სამხედრო პილოტი მალხაზ ტაბატაძე და შეკითხვას - "აფრიკის რომელ რესპუბლიკაში ხართ და რა გზები გაიარეთ იქ მოსახვედრად?" - პასუხობს:

"რესპუბლიკის დასახელებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ აქ მოხვედრა პრობლემა არ ყოფილა. ინტერნეტსაიტებზე შევიტანეთ ჩვენი მონაცემები და გამოგვეხმაურნენ. არის ქვეყნები, სადაც სამხედრო მფრინავები სჭირდებათ. უკვე მეოთხე თვეა, რაც აფრიკაში სამხედრო ინსტრუქტორებად ვმუშაობთ, თეორიულ კურსსაც ვკითხულობთ და პრაქტიკასაც ვატარებთ. დიდი პატივისცემით ვსარგებლობთ. საკმაოდ კარგი ანაზღაურება გვაქვს. საქართველოში ასეთი დაფასება ნამდვილად არ გვქონია".

"ერთ-ერთ თათბირზე გიგი კალანდაძემ გამომიცხადა, დათხოვნილი ხართო, მერე კი დასძინა, მე თქვენ გიჩვენებთ კლანურ შეკრებასო. ჩემი ქვისლი შეიარაღებულ ძალებში მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა, მაგრამ საქმე ის არის, რომ სამხედრო სამსახურში ჯერ კიდევ დაოჯახებამდე ვიყავით. მერე დავოჯახდით დებზე და დავნათესავდით, მაშინ რა ვიცოდით, რომ ეს ჩვენი საბედისწერო შეცდომა იქნებოდა. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით, ისე კი გათავისუფლების მიზეზად ეს დაგვისახელეს. აფრიკაში მეც იმავე გზით მოვხვდი, როგორც მალხაზ ტაბატაძე. გავიგე, რომ აფრიკის ერთ-ერთ რესპუბლიკაში სამხედრო მფრინავები სჭირდებოდათ, გავგზავნე მონაცემები და მიწვევა მომივიდა. გავრისკეთ და წამოვედით. მეოთხე თვეა აქა ვართ. ნორმალური საცხოვრებელი პირობები შეგვიქმნეს და ჩვენც ვცდილობთ, გამოცდილება აქაურ სამხედროებს გავუზიაროთ", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სამხედრო პილოტი ტრიფონ წიქარიშვილი.

"აქ საკმაოდ ბევრი უცხოელია, მათ შორის პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდანაც, უკრაინელი და ბელორუსი კოლეგები გვყავს. ჩვენთან ერთად არიან ფრანგი და ბელგიელი სამხედრო პილოტებიც. გაეროს ჯგუფთან ერთად ვცხოვრობთ. ამას წინათ გაეროს ეგიდით 47 ქვეყნის პრეზიდენტის შეკრება ჩატარდა, სადაც ყველა ქვეყნის დროშა იყო გამოფენილი და ჩვენს პატივსაცემად საქართველოს დროშაც გამოფინეს. ყველა ინტერესით კითხულობდა, ეს რომელი სახელმწიფოს დროშააო. ბევრმა არც იცოდა ჩვენი ქვეყნის შესახებ. ორივემ ექვსთვიანი კონტრაქტი გავაფორმეთ და ამ ვადის ამოწურვის შემდეგ ხელშეკრულებას გავაგრძელებთ თუ არა, არ ვიცით. ჩვენი პასუხი იმაზეა დამოკიდებული, როგორ განვითარდება საქართველოს შეიარაღებულ ძალებში პროცესები", - დასძენს ტრიფონ წიქარიშვილი.


"საქართველოს სათავეში მოსული ახალი ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტი რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობის აღდგენაა და იმავდროულად, აფხაზეთზე გამავალი სარკინიგზო მიმოსვლის ნებაც გამოიხატა, რაც ამასთან, ქართულ-აფხაზური ურთიერთობის განახლებას, საერთო-ეკონომიკური ინტერესების ძებნასა და სახალხო დიპლომატიის შესაძლებლობათა ფართო გამოყენებას უნდა წაადგეს. გარდა ამისა, მოსკოვის დაწესებულმა სანქციებმა საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობათა ორიენტირები შესამჩნევად შეცვალა. ამჟამად საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის წამყვანი პოზიცია თურქეთსა და აზერბაიჯანს უკავიათ, ხოლო რუსეთმა მე-8 პოზიციაზე გადაინაცვლა. თუ რუსეთის ბაზარი ქართული ღვინის, მინერალური წყლებისა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისთვის გაიხსნება, მაშინ ტვირთების რაოდენობა მოიმატებს და ვაჭრობის მოცულობაც გაიზრდება. ამ შემთხვევაში გამორიცხული არ არის, რომ სარკინიგზო მიმოსვლის განახლების საჭიროება ისევ დადგეს. მით უფრო, რომ რუსეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი, ზემო ლარსის საბაჟო-გამშვები პუნქტი ზამთარში გარკვეული დროით იკეტება", - წერს სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი "არსენალი" სტატიაში სათაურით "რას მოგვიტანს თბილისი-სოხუმი-მოსკოვის მატარებელი?".

"რუსეთთან პირდაპირი სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა მეზობელი სომხეთისთვის კვლავინდებურად აქტუალურია და მისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. სომხეთისთვის რუსეთი კვლავინდებურად მთავარ სავაჭრო პარტნიორად რჩება. ოფიციალური ბაქოს რეაქცია უცნობია, ხოლო აზერბაიჯანელი პოლიტოლოგები სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას ეწინააღმდეგება და თვლიან, რომ რკინიგზა სომხეთის სამხედრო პოტენციალის გაზრდას მოემსახურება. სოხუმი კი მიიჩნევს, რომ რკინიგზის აღდგენა აფხაზეთისთვის საჭირო არ არის და პირიქით სახიფათოც კი იქნება _ ადგილობრივი სეპარატისტული რეჟიმი საქართველოსგან იზოლაციისა და გაუცხოების გაძლიერებით არის დაინტერესებული. აფხაზეთის გავლით რკინიგზის გახსნის საკითხი მისი ეკონომიკური მნიშვნელობიდან გამომდინარე, ადრე თუ გვიან, მაინც დადგება", - აღნიშნავს სტატიის ავტორი.

"რუსეთთან პირდაპირი სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა გარკვეულწილად სომხეთში გიუმრის 102-ე რუსულ სამხედრო ბაზასთანაა დაკავშირებული. მით უფრო, რომ 2011 წლის 19 აპრილს საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თხოვნის შემდეგ დენონსირება გაუკეთა 2006 წლის 13 აპრილის საქართველოსა და რუსეთს შორის საქართველოს ტერიტორიის გავლით სამხედრო ტვირთებისა და პერსონალის ტრანზიტის ორგანიზების შესახებ შეთანხმებას. 102-ე ბაზას პერიოდულად ესაჭიროება საბრძოლო ტექნიკისა თუ შეიარაღების განახლება-რემონტი და პირადი შემადგენლობის როტაცია. მას შემდეგ, რაც საქართველომ რუსული სამხედრო ტვირთებისთვის თავისი ტერიტორია და საჰაერო სივრცე ჩაკეტა, რუსებმა გამოსავალი მოძებნეს და ამისთვის სამოქალაქო სამგზავრო თვითმფრინავებს, ავიაკომპანია "აეროფლოტისა" და რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს სატრანსპორტო თვითმფრინავებს იყენებენ", - დასძენს სტატიის ავტორი.