„თხის გამყიდველები“

„თხის გამყიდველები“

ოთხმა მინისტრმა (უშიშროების, თავდაცვის, შინაგან საქმეთა და სახელმწიფო) დახურულ კარს მიღმა გამართული კონსულტაციების შემდეგ ფართო საზოგადოებას აუწყა, რომ ჩრდილო კავკასიიდან საფრთხე გვემუქრება (რადგან აფხაზეთის ტერიტორიაზე იქაურების კონცენტრაცია შეინიშნება), თუმცა, ბატონმა ოქრუაშვილმა დაგვაიმედა, ყველანაირი სცენარისთვის ვართ მზადო (მის პირს შაქარი!).

ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ აფხაზური მხარე, ჯერ ერთი, უარს ამბობს მოლაპარაკების გაგრძელებაზე და, მეორეც, ქართული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, გალის რაიონში ორი ქართველი მოკლეს, რამდენიმე დაატყვევეს და დაბალი ზონის ქართულ სოფლებში სპეცრაზმები შეიყვანეს, რომელთა რჩენა და სანგრების თხრა ადგილობრივ ქართველებს დააკისრეს (ესე იგი ოცდამეერთე საუკუნეში ეგზეკუცია მოუწყვეს), ყველანაირი სცენარისთვის კარგა ხნის წინათაც უნდა ვყოფილიყავით მზად.

ამასთან, ერთ კვირაში კოდორის ხეობაში გაერომ ინსპექტირება უნდა ჩაატაროს, რათა ჩვენს კეთილსინდისიერებაში დარწმუნდეს.

მართალია, ქართული მხარე, ამის პარალელურად, ქვემო კოდორის ინსპექტირებასაც მოითხოვს, მაგრამ, სავარაუდოდ, შემოწმება მხოლოდ ზედა კოდორს არ ასცდება.

ამას გარდა, თუ გავითვალისწინებთ, რომ, ჯერ ერთი, რუსი სამშვიდობოები აფხაზეთის ტერიტორიაზე გაეროს მანდატით მოქმედებენ, მეორე მხრივ კი, გაეროში რუსეთს გადამწყვეტი გავლენა აქვს, რთული სათქმელია, როგორ მოხერხდება რუსი და არარუსი გაეროელების ერთმანეთისგან გამოხშირვა ან, უარეს შემთხვევაში, კოდორის ხეობაში სამშვიდობოების პოსტის ჩადგმის თავიდან აცილება.

ხოლო, თუ ეს ყოველივე ვერ მოხერხდება, სეპარატისტების მიერ ქართველების დევნა კი გაგრძელდება, ესე იგი ჩვენი საშველი არც სპეც და არც არასპეცოპერაციით არ ყოფილა და ისევ „თხის გადამყიდველის“ როლში დავრჩენილვართ.