"შესაძლებელია, რომ სერიოზული კორუფციული სქემებიც კი იყოს აღმოჩენილი, შესაძლოა უცხოური კომპანიების უკან იდგნენ ისევ და ისევ ძველი ხელისუფლების წარმომადგენლები და ისეთი ტიპის ხელშეკრულებებიც კი იყო გაფორმებული, რომ შეუძლებელი იყო ტარიფების გადახედვის საკითხი. ახალი ხელისუფლება, ალბათ, ყველაფერს გააკეთებს, რომ ტარიფებმა დაიწიოს, მაგრამ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, ესაა ენერგეტიკის მინისტრის საკადრო პოლიტიკა. ცოტა უცნაურად მეჩვენება, როცა ბატონი კალაძე ეძებს კადრებს მოადგილეებად, ვინც რეალურად წლების მანძილზე ზუსტადაც ამ ტარიფების უზრუნველყოფის მიზნით დებდა ხელშეკრულებებს სხვადასხვა კომპანიებთან. ცუდი არ იქნება, თუკი ახალი ხელისუფლება კარგად გაერკვევა, თუ ვინ ლობირებდა კონკრეტულად კაბალურ ხელშეკრულებებს. თუკი ხელისუფლება ამ საკითხს კარგად მიუდგება, არ გაითვალისწინებს იმ მრჩევლების აზრს, ვინც არასწორ ინფორმაციებს აწვდის ბიძინა ივანიშვილს, თითქოს შეუძლებელია ტარიფის დაკლება, მიხვდებიან, რომ ტარიფის დაწევა მართლაც რომ შესაძლებელია", - აცხადებს საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი კახა კახიშვილი გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "როდის გაიაფდება ელექტროენერგია, გაზი და ბენზინი?".
"რაც შეეხება ბენზინის გაიაფებას, ჩვენთვის ცნობილია, რომ ეს სფერო წლების მანძილზე მონოპოლიზირებული იყო. დასამალი არაა, რომ თითოეული კომპანიის უკან იდგნენ ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები, მათი ფინანსური ინტერესები იყო გათვალისწინებული. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ამ ცხრა წლის მანძილზე მიხეილ სააკაშვილის გარეშე ამ ქვეყანაში არაფერი შენდებოდა, არც არაფერი ინგრეოდა და არც არაფერი კეთდებოდა. მხოლოდ ბენზინიდან კი არ მისდიოდა წილი, ბევრგან ჰქონდა თავისი ინტერესი. ასე რომ, ერთი მხრივ, ახალი ხელისუფლებისთვის ალბათ, რთულია ამ ფონზე, როცა ოპონენტები დაჭერებთან დაკავშირებით აკრიტიკებენ, ამის შემდეგ რომ დაიწყოს ბრძოლა ინვესტორების მისამართით. იტყვიან, რომ აგერ, ინვესტორებსაც დაერივნენო, მაგრამ ამაზეც უნდა იფიქროს ხელისუფლებამ, რადგან, ჩემი ინფორმაციით, როგორც ვიცი, მნიშვნელოვნად შესაძლებელია ფასის დაწევა საწვავზე", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კახა კახიაშვილი.
"უცნაურია, რომ ის ადამიანები, რომლებიც წლების მანძილზე დაკავებულები იყვნენ პოლიტიკური გადაწყვეტილების კონტროლით, დღეს გვევლინებიან სხვა გუნდის მხრიდან თანამდებობებზე. "ნაციონალური მოძრაობა" ყოველთვის აცხადებდა, რომ მინისტრი და მისი მოადგილეები არიან პოლიტიკური თანამდებობის პირები, რომლებიც ატარებდნენ პარტიის პოლიტიკას. თუ ბიძინა ივანიშვილი მკაცრად არ გააკონტროლებს საკადრო პოლიტიკას, აუცილებლად მიიღებს რევანშს. მათი კადრები დღეს სხვადასხვა თანამდებობებზე ინიშნებიან და დარწმუნებული ვარ, რომ საჭიროებისამებრ, როცა "ნაციონალური მოძრაობა" მზად იქნება რებრენდიგისთვის, 4-5 წლის შემდეგ ხელისუფლებაში მოსასვლელად, ეს კადრები საკუთარ სიტყვას აუცილებლად იტყვიან. შიგნიდან არევენ სიტუაციას, შექმნიან ფონს, რომ მთავრობა არის უმოქმედო. მე ძალიან კარგად მახსოვს შევარდნაძის მმართველობის ბოლო პერიოდი, როდესაც ძალიან მაღალ თანამდებობებზე, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროში, უშიშროებაში მაღალ თანამდებობებზე იყვნენ ჟვანია-ბურჯანაძის კადრები. რეალურად მათი მეშვეობით ხდებოდა ხელისუფლების შესუსტება, რამაც გამოიწვია შემდგომში "ვარდების რევოლუცია", - განაგრძობს რესპონდენტი.
"დღეს, ფაქტობრივად, პოლიტიკური სპექტრი მკვდარია. რეალურად, 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს იყო არჩევნები სახელით "მე არ მინდა მიშა". ჩვენ ვნახეთ უპრეცედენტო რაოდენობით გამოსული ხალხი საარჩევნო უბნებზე. ივანიშვილის უნაკლო რეპუტაციამ და ციხის კადრებმა მიიყვანა ეს ხალხი საარჩევნო უბნამდე. ამიტომაც დღეს ბიძინა ივანიშვილის ამოცანა უნდა იყოს ერთი რამ - 2012 წლის არჩევნები არ იყო "ქართული ოცნების" არჩევნები. ხალხმა მიშას პოლიტიკის გაგრძელებას უთხრა "არა!". სამწუხაროდ, პარლამენტი არ მუშაობს საარჩევნო კოდექსზე, მაგრამ ბიძინა ივანიშვილმა, როგორც მთავრობის თავმჯდომარემ, უმოკლეს ვადაში, უნდა უზრუნველყოს, რომ პარლამენტმა დაიწყოს მუშაობა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ახალ საარჩევნო კოდექსზე. ყველა პოლიტიკურ სუბიექტს თანაბარი უფლება არჩევნებში მონაწილეობის, გახდეს გარანტი იმისა, რომ ძალოვანი უწყებები არ ჩაერევიან არჩევნების შედეგებში, არ იქნება გამოყენებული ადმინისტრაციული რესურსი კოალიციის მხრიდან და დანიშნოს ივანიშვილმა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები, რათა ყველა იმ პოლიტიკურ სუბიექტს, რომლებიც გამოეთიშნენ არჩევნებს მხოლოდ ერთი მოტივით, რომ კოალიციისთვის ხელი არ შეეშალა მიშას ხელისუფლებიდან გასტუმრების საკითხში, მისცეს საშუალება მათ, დაუბრუნდნენ ნორმალურ, ცივილიზებულ პოლიტიკას…", - დასძენს კახა კახიშვილი.