ქეცბაია შოტლანდიაში გადაბარგებას აპირებს

ქეცბაია შოტლანდიაში გადაბარგებას აპირებს

ინტერტოტოს გათამაშებაში „დანდი“ სამარცხვინოდ დამარცხდა ნაკლებად ცნობილ იუგოსლავიურ „სარტიდთან“ (0:0, 2:5), მაგრამ შოტლანდიის პირველობის მეექვსეადგილოსანი კლუბის ხელმძღვანელობა ამას დიდად რომ არ განიცდის, ეს უეჭველია.

გუშინ ეროვნული ნაკრების კაპიტანს გიორგი ნემსაძეს შევეხმიანეთ და ჩვენთვის საინტერესო საკითხებზე ვესაუბრეთ:

- ინტერტოტოს დამთავრების შემდეგ გუნდმა ერთი კვირა დაისვენა და უკვე პირველი ივლისიდან ვარჯიში განვაახლეთ. სიმართლე რომ ითქვას, „სარტიდთან“ წაგებას დიდად არც განიცდიან. ჩემპიონატის დამთავრებისთანავე ტურნირში ჩაერთვნენ, რაც სეზონისათვის მომზადებაში „დანდის“ ხელს შეუშლიდა.

რაც შეეხება ქართველი გულშემატკივრისთვის ყველაზე საინტერესო საკითხს: თემურ ქეცბაიას „დანდიში“ გადასვლის შესაძლებლობაზე პირველად სწორედ „ოლიმპი“ იუწყებოდა თვენახევრის წინ. ეს ამას წინათ გიორგი ნემსაძემ და თავად ქეცბაიას ძმამაც დაგვიდასტურეს.

რამდენიმე დღის წინ „დანდის“ უფროსი „ვულვერჰემპტონის“ პრეზიდენტს ესაუბრა. ჩვენი ინფორმაციით, თავდაპირველად ინგლისელები თემურის საფასურად 400 ათას გირვანქა სტერლინგს ითხოვდნენ. თუმცა, ბუნებრივია, რომ თავდაპირველ თანხაზე „დანდიმ“ უარი თქვა და საბოლოო შეთანხმებით 200 ათას გირვანქამდე დავიდნენ „მგლების“ ხელმძღვანელები. თანაც, „დანდი“ მზად უნდა იყოს, „ვულვზს“ კიდევ ერთი მცველი დაუთმოს. თუმცა თავად ეს მცველი უარზე დადგა. მაგრამ ამას მოლაპარაკება არ დაუბრკოლებია.

რაც მთავარია, თავად თემურ ქეცბაია მოწადინებულია, ნემსაძისა და ხიზანიშვილის გვერდით ითამაშოს და ეს საჯაროდაც განაცხადა.

ამის მიუხედავად, „დანდის“ საქართველოს ნაკრების წევრთან კონტრაქტი ჯერ არ გაუფორმებია. რა აბრკოლებს ხელშეკრულებას, ამის თაობაზე გიორგი ნემსაძე ამომწურავ ინფორმაციას გვაწვდის:

- მთავარია, რომ მწვრთნელი ძალიან არის დაინტერესებული ქეცბაიას დამატებით და პრეზიდენტს საქმის დაჩქარებას სთხოვს. ახლა მოლაპარაკება დაყოვნდა და სიმართლე გითხრათ, ვერ ვხვდები, რაშია საქმე. არ გამოვრიცხავ, რომ ვაჭრობის ერთ-ერთი ხერხი იყოს. თავად თემური ბონეტისაც ესაუბრა და ჩვენთან თამაში ძალიან სურს. ჩვენც გვახარებს ასეთი პერსპექტივა. მთავარია, საბოლოო შეთანხმება რაც შეიძლება სწრაფად შედგეს და „ვულვზმა“ თემური გაათავისუფლოს.