ბიზნესს იმდენად გაუჭირდა, რომ შეზღუდვებისა და საგანგებო მდგომარეობის სწრაფად გაუქმებას ითხოვს. წარმოების, ვაჭრობისა და მომსახურების დაცემას ქვეყანა ეკონომიკური კატასტროფისკენ მიჰყავს, საიდანაც თავის დაღწევა ძალიან გაჭირდება.
ბიზნესმენები უკვე ყოველდღე ითხოვენ, რაც შეიძლება დროულად გაუქმდეს შეზღუდვები. კომპანიები და მათი თანამშრომლები უნდა დაუბრუნდნენ სამუშაო ადგილებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვარდნა იმ მასშტაბის იქნება, რომ ვერანაირი ანტიკრიზისული გეგმა ვეღარ გვიშველის.
დისტრიბუტორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ივა ჭყონია ბიზნესზე ლარის გაუფასურებასა და დაწესებული შეზღუდვების ზეგავლენაზე საუბრობს.
„ძალიან ბევრ ბიზნესს სერიოზული პრობლემები აქვს შექმნილი, რადგან რაც დათვლილი ჰქონდათ, რომ უნდა გაესტუმრებინათ ვალდებულებები 2.9-3.0-ის ფარგლებში, მოუწიათ დოლარის შეძენა უფრო ძვირად. რიგ კომპანიებს 3.5-ის ფარგლებშიც კი. საკმაოდ დიდი ზარალი ნახეს. მიმდინარე ვალდებულებები ვისაც აქვთ, 3.2-3.22-ის პირობებში უწევთ შესყიდვა. კომპანიები ძირითადად შემთხვევაში ზარალზე გადიან. საბოლოოდ ყველაფერი ფასებზე აისახა. გაუფასურების ტრენდის გაგრძელების შემთხვევაში, მარტივად რომ გითხრათ, გაზრდილ ფასებსა და დახურულ კომპანიებს მივიღებთ“, - განაცხადა ჭყონიამ.
მან ასევე სავალუტო ბაზარზე ეროვნული ბანკის ჩარევის პოლიტიკაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ინტერვენციები უნდა გაგრძელდეს.
„გვახსოვს რა ნიშნულზე იყო და ლარი და 3.5-საც კი აცდა. რომ არა ეროვნული ბანკის ჩარევა, რეალურად უფრო მძიმე სიტუაციაში ვიქნებით, ვიდრე ვართ ახლა. ვხედავთ ეკონომიკა რა მდგომარეობაშია. არანაირი ინტერვენციაც კი არ ყოფნის. 100 მილიონი დოლარია დახარჯული და ჯერ კიდევ რა მდგომარეობაა, ვხედავთ. ამიტომ, ვფიქრობ, ეს ინტერვენციები პერიოდულად აუცილებლად უნდა გაგრძელდეს“, - აღნიშნა ჭყონიამ.
ეკონომიკის სწრაფად ამოქმედებას ითხოვს უკლებლივ ყველა მიმართულების ბიზნესი. „თიბისი დაზღვევის“ გენერალური დირექტორის პაატა ღაძაძის აზრით, ეკონომიკის გახსნის 6-ფაზიანი ციკლი უკვე მოძველებულია, ახალზე უნდა ვისაუბროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება მივიღოთ უარესი შედეგები, ვიდრე კორონავირუსის დანაკარგებით არის დათვლილი:
„ახლა გავიხსნათ, თორემ ვერანაირი ანტიკრიზისული გეგმა ვერ უშველის ამხელა დარტყმას. ბიუჯეტს ყოველდღიურად აკლდება 20 მლნ ლარზე მეტი, უმუშევარი ყოველდღიურად რჩება 1 000 კაცზე მეტი. დღეს ყოველდღიურად იცვლება ვითარება ყველა სექტორში, მათ შორის კოვიდთან დაკავშირებითაც იცვლება ვითარება, ცუდი მონაცემები არ არის არც რეგიონისა და არც მსოფლიო მასშტაბით. ყოველთვის გვიწევს ბალანსისა და ოქროს შუალედის პოვნა.
მუდმივად არ შეიძლება ამ შიშს გადავაყოლოთ უფრო მეტი პოზიტიური ნაწილი, რომელიც შეიძლება ჰქონდეს ეკონომიკის დახურვას. ეს თუ არ გამოსწორდა და ამის სწრაფად ჩართვა თუ არ მოხდა, ფაქტობრივად, ჩვენ შეიძლება მივიღოთ უარესი შედეგები, ვიდრე კოვიდის დანაკარგებით არის დათვლილი, მათ შორის ჯანმრთელი ადამიანების დაავადებებითაც.
მე რაციონალურად ვუყურებ სიტუაციას, რომელიც ყოველდღე იცვლება, აქედან გამომდინარე, შეიძლება შეცვალოს მთავრობამ და ბიზნესმაც თავისი ქმედება. ვფიქრობ, ეკონომიკის გახსნის 6-ფაზიანი ციკლი უკვე მოძველებულია და უკვე ახალზე უნდა ვისაუბროთ და პოზიტივით შევხედოთ სიტუაციას. ვფიქრობ, ეს გააზრებული აქვთ ყველა დონეზე“, - განაცხადა ღაძაძემ.
„ტექნო ბუმის“ დამფუძებელი ანზორ ქოქოლაძეც ამბობს, რომ ქვეყანაში ეკონომიკის გაჩერება, ყველა კომპანიაზე ნეგატიურად აისახა, მათ შორის მათზეც, რომლებსაც მუშაობა ამ პერიოდის განმავლობაში არ შეუჩერებიათ.
„გაჩერებულმა ეკონომიკამ ყველა სექტორში გამოიწვია უარყოფითი ძვრები. კომპანია რომელიც გაჩერებულია და მას შემოსავლის შემცირებასთან ერთად ეზრდება ხარჯი, საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია. მათ შორის ვარც ჩვენც. ერთი მაღაზიის დაკეტვა უკვე მომიწია და ვცდილობთ თანამშრომლები სხვა მაღაზიებში გადავანაწილოთ. ამ პერიოდში ძალიან რთულია ყველაფერი უცვლელად შეინარჩუნო, უბრალოდ წარმოუდგენელია“, - განაცხადა ქოქოლაძემ.