"შეწყალებას არ მოვითხოვდი, დახვრეტაც რომ მქონოდა მისჯილი"

გიორგი დემეტრაძე – "პასუხი უნდა აგოს მიხეილ სააკაშვილმა, ზურაბ ადეიშვილმა და ვანო მერაბიშვილმა, ამ სამმა ვირთხამ"

"ვიცი, მალე დავტოვებ სასჯელაღსრულების დაწესებულებას, მაგრამ განვიცდი იმას, რომ ჩემთან ერთად ბევრი უდანაშაულო ადამიანი ვერ დატოვებს ციხეს. იმედი მაქვს, მათ ამნისტია აუცილებლად შეეხება. როგორც ვიცი, ჩემმა ადვოკატმა მარიკა ფხალაძემ პროკურატურას უკვე მიმართა. მართალია, პოლიტპატიმრად მაღიარეს და შეიძლება შემეხოს გათავისუფლება, მაგრამ ჩემ გარდა უდანაშაულოა ჩემთან ერთად გასამართლებული, ჩემი მეგობარი დათუნა გაგნიძეც. შეიძლება მას არ შეეხოს, ამიტომ ვითხოვთ საქმის ხელახლა გადასინჯვას და გათავისუფლებას. რა დააშავა, რატომ უნდა იჯდეს ციხეში? იმ ადამიანებმა, ვინც დაუკვეთა ჩვენი დაკავება. ციხისთვის ყველა მეცოდება, მით უმეტეს ამ დაკვეთის შემსრულებელი, მაგრამ პასუხი უნდა აგოს მიხეილ სააკაშვილმა, ზურაბ ადეიშვილმა და ვანო მერაბიშვილმა, ამ სამმა ვირთხამ", - განაცხადა გიორგი დემეტრაძემ გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "შეწყალებას არ მოვითხოვდი, დახვრეტაც რომ მქონოდა მისჯილი"/ "ყველა პატიმარს მივცემდი ერთ შანსს, ისეთებსაც კი, რომლებსაც სამუდამო პატიმრობა აქვთ".

"შეწყალება არავის დაუწერია და არც მითხოვია. მოულოდნელად მოვიდა ფურცელი, სადაც ეწერა, რომ დარჩენილი სასჯელი გამინახევრდა. მერწმუნეთ, შეწყალებას არ მოვითხოვდი, დახვრეტაც რომ მქონოდა მისჯილი. ბოლო დროს კიდევ ერთხელ მომივიდა შეწყალების ფურცელი, ამჯერად მასზე ხელის მოწერა მთხოვეს, მაგრამ ხელი არ მოვაწერე. უდანაშაულო ვარ, რატომ უნდა მოვაწერო ხელი, მე ჩემი სიმართლე უნდა დავამტკიცო. საპატიმროში მოხვედრისგან დაზღვეული არავინაა, მით უმეტეს, ასეთი ფაშისტური რეჟიმის პირობებში. გული იმაზე მწყდება, რომ უდანაშაულო კაცმა ორწელიწად-ნახევარი ციხეში გავატარე", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი დემეტრაძე.

"კარცერში ვიჯექი 5 დღე. ხმამაღალი სიცილის გამო ჩამსვეს. ძალიან რთულ პირობებში ვიყავი. ყოველ დილით, 10 საათზე ციხის თანამშრომელი კარცერში შემოდიოდა, საწოლს აკეცავდა და საღამოს 10 საათამდე ბოქლომს ადებდა. ფაქტობრივად, მთელი დღე ფეხზე ყოფნა მიწევდა. დილას ვარჯიშით ვიწყებდი, მაგრამ ვარჯიშით რომ დავიღლებოდი, მერე არ ვიცოდი, რა მეკეთებინა. იქვე ხელსაბანი იყო, რომელსაც წვეტიანი კუთხე ჰქონდა და იმით მართლა ვცადე თავის დაზიანება. იმ წვეტიან კუთხეს მაჯა რამდენჯერმე ჩამოვუსვი, მინდოდა იქიდან ციხის საავადმყოფოში გადავეყვანე", - დასძენს გიორგი დემეტრაძე და შეკითხვას – "ახალი მინისტრის მოსვლის შემდეგ ციხის პირობები შეიცვალა?" პასუხობს:

"რადიკალურად შეიცვალა ყველაფერი. სამართლიანები არიან, ახლა მე-12 დაწესებულებაში პატიმრებს ადმინისტრაციის მიმართ პრეტენზია არ აქვთ. დაწესებულების უფროსი და მისი მოადგილე ცდილობენ, მეგობრული ურთიერთობა ჰქონდეთ პატიმრებთან. ამ დაწესებულებაში ფიზიკური ვარჯიშისთვისაც ყველანაირი პირობებია შექმნილი. არის ტრენაჟორები, ფრენბურთის პატარა სტადიონი, კალათბურთის ფარი და, ძირითადად, აქ გაგვყავს დრო. ძალიან ბევრს ვვარჯიშობ. წინა დირექტორის დროს, ეს ტერიტორია პატიმრებისთვის ხელმიუწვდომელი იყო. მაშინდელ დირექტორს, მეტსახელად გედეს, სტადიონზე კურდღლები ჰყავდა მოშენებული, ამიტომ პატიმრები ვერ სარგებლობდნენ. რაც წინა ხელისუფლების ლაქიები მოშორდნენ აქაურობას, პატიმრების ტანჯვა დამთავრდა, ამოისუნთქეს".