"ყველაფერს თავისი დრო აქვს ცხოვრებაში, ყველაფერი წარმავალია. ეს ეტაპიც უნდა დამთავრებულიყო ჩემს ცხოვრებაში... სამომავლოდ კონკრეტული გეგმები არა მაქვს, ვიცი, ცხოვრება სავსეა წინააღმდეგობებით, მათ მზად უნდა შეხვდე, ამისთვის ვემზადები, ვმუშაობ ჩემს თავზე და მთვარეზე გაფრენას სულაც არ ვაპირებ".
დუდუ დადიანის დღიურებიდან
"მაშინ მოდაში იყო დუდუსთან ძმაკაცობა, სადმე, მნიშვნელობა არა აქვს - ქუჩაში, დუდუსთან კაბინეტში თუ სხვაგანაც - თუ დაინახავდნენ, ყველანაირად ცდილობდნენ მისალმებოდნენ, იმიტომ, რომ ამას სხვაც დაინახავდა და რადგან დუდუს მთელი ქალაქი იცნობდა, ყველაფერი მშვენივრად იყო".
ზურა თალაკვაძე
"გავიგე, რომ მას (კახი ასათიანს. - ავტ.) პრობლემები ჰქონდა საავიაციო ბიზნესში, თუმცა დაწვრილებით არაფერი ვიცოდი, რადგან დიდი ხანია არ მინახავს. როგორც ჩანს, თავისი პრობლემებით არ უნდოდა შევეწუხებინე არც მე და არც ხელისუფლების სხვა წევრები. კახის რომ ჩემთვის მოემართა, საქმე მკვლელობამდე არ მივიდოდა".
ედუარდ შევარდნაძე,
2002 წლის 21 ნოემბერი
2002 წლის 20 ნოემბერს, საღამოს 7 საათზე, კახი ასათიანის მანქანა ვაკეში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე, პარლამენტარ ნანა ბიჭიაშვილის (ასათიანის ცოლის და) სახლთან გაჩერდა. მძღოლი მანქანიდან ბიჭიაშვილების ოჯახისთვის მოსაწვევების გადასაცემად გადავიდა, რამდენიმე წუთში მანქანაში დარჩენილ კახი ასათიანს უცნობი ახალგაზრდა მიუახლოვდა და მაყუჩიანი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით ცეცხლი გაუხსნა. 16 ტყვიიდან მსხვერპლს მხოლოდ 7 მოხვდა. ასათიანი მაშინვე გარდაიცვალა.
მკვლელი აუჩქარებლად ჩაჯდა იქვე მდგომ BMW-ს მარკის ავტომანქანაში და მიიმალა...
მკვლელობას ბევრი შეესწრო - გასროლამდე წუთით ადრე გზის მოპირდაპირე მხარეს სამარშრუტო ტაქსი გაჩერდა, საიდანაც მგზავრები ჩამოვიდნენ.
დაახლოებით ერთ საათში შემთხვევის ადგილზე პოლიციის გაძლიერებული შემადგენლობა და სპეცდანიშნულების რაზმი, ასევე სახელმწიფო მინისტრი ავთო ჯორბენაძე მივიდნენ. ამ დროისთვის პოლიციას უკვე ჰქონდა მკვლელის აღწერილობა.
თვითმხილველები ამბობდნენ, რომ მკვლელი ათლეტური აღნაგობის ახალგაზრდა იყო. დადგინდა, რომ ავტომანქანა, რომლითაც მკვლელი მოძრაობდა, სავარაუდოდ, გატაცებული იყო. პოლიციამ გადაკეტა თბილისიდან გასასვლელი გზები და ავტომანქანის ძებნა დაიწყო, მაგრამ ამაოდ...
მეორე დღეს საქართველოს გენერალური პროკურატურა საზოგადოებას არწმუნებდა, რომ სამართალდამცავებმა სავარაუდო მკვლელის ვინაობა იცოდნენ და მისი დაკავება მხოლოდ დროის საკითხი იყო.
მას შემდეგ უკვე 10 წელია, საზოგადოება პროკურატურისგან ასათიანის მკვლელის ვინაობის გამხელას ელოდება...
კახი ასათიანის მკვლელობას საქართველოში დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა. ცნობილი ფეხბურთელი, 1990-2000 წლებში საქართველოს სპორტისა და ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე, დიდი პატივისცემითა და გავლენით სარგებლობდა სახელისუფლებო და ბიზნესწრეებში, ამიტომ მისი მოკვლა ცოტას თუ შეეძლო. როგორც მაშინ საქმეში ჩახედულნი ამბობდნენ, - ამას იმ დროს მხოლოდ თავზე ხელაღებული თუ ჩაიდენდა.
მაშინ ბევრს ლაპარაკობდნენ მკვლელობის მოტივებზე.
კახი ასათიანის მკვლელობას გამოძიება ოფიციალურ ვერსიად ბიზნესინტერესებს უკავშირებდა. სპორტის დეპარტამენტიდან წასვლის შემდეგ კახი ასათიანმა ავიაკომპანია "აირზენას" აქციების დიდი ნაწილი შეისყიდა. იმ პერიოდში კომპანიას მძიმე ფინანსური მდგომარეობა ჰქონდა, "აირზენას" კუთვნილი თანხები რომ დაებრუნებინა, კახი ასათიანი ხმაურიან გარჩევებსაც არ ერიდებოდა; გარდა ამისა, ის ფირმა "მერსედესის" წარმომადგენელი იყო საქართველოში.
იმხანად ავიაბიზნესი მსუყე ლუკმად ითვლებოდა და ბიზნესწრეების გარდა, კრიმინალური ავტორიტეტების ყურადღებასაც იქცევდა (ყველასთვის ცნობილია კანონიერი ქურდის, ტარიელ ონიანის ინტერესი თბილისის აეროპორტსა და ავიაკომპანია "ორბში"). ამბობდნენ, რომ ონიანმა თვალი "აირზენასაც" დაადგა და ყველა ხერხით ცდილობს მის ხელში ჩაგდებასო.
ასათიანის მკვლელობამდე ერთი წლით ადრე, დაუდგენელმა პირებმა, "აირზენას" გენერალური დირექტორის, თამაზ გაიაშვილის მოკვლა სცადეს - 2001 წლის 29 ოქტომბერს, ღამის 23.30 საათზე, აეროპორტის დასახლებაში, 39-ე კორპუსის სადარბაზოსთან გაიაშვილის მანქანას სამი ტყვია ესროლეს, აქედან ორი - საკონტროლო.
გაიაშვილი მხოლოდ იმიტომ გადაურჩა სიკვდილს, რომ მანქანაში არ იყო. კილერის მსხვერპლი შეცდომით მისი დისწული, 27 წლის დათო ბახტაძე გახდა, რომელიც ბიძის მაგივრად მართავდა საჭეს.
2002 წლის 21 ნოემბერს (ასათიანის მკვლელობის მეორე დღეს) მოსკოვში, ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა თენგიზ კიტოვანმა, ხმამაღAალი განცხადება გააკეთა და ასათიანის მკვლელობაში პრეზიდენტ შევარდნაძის უახლოეს გარემოცვაზე მიანიშნა (საუბარია შევარდნაძის მძახალ გურამ ახვლედიანის ოჯახზე). გარდა ამისა, კიტოვანი აცხადებდა, რომ მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე, ბადრი პატარკაციშვილი და ვანო ჩხარტიშვილი კახი ასათიანს ელაპარაკნენ "აირზენას" საკონტროლო პაკეტის შესყიდვის თაობაზე, რაზეც ასათიანი თანახმა არ იყო. მან შევარდნაძესაც სთხოვა, ჩარეულიყო ამ საქმეში და პრობლემის მოგვარებაში დახმარებოდა, თუმცა ამ ფაქტს შევარდნაძე რატომღაც მალავს...
თუმცა თამაზ გაიაშვილი კახი ასათიანის მკვლელობის მოტივად "აირზენაში" დაპირისპირებას აბსურდულად მიიჩნევს.
"კახი ასათიანის მკვლელობა "აირზენას" არ უკავშირდება, მას სხვა ბიზნესიც ჰქონდა, იქნებ იმათ დაუსვათ კითხვები, ვისაც ქართული ფეხბურთისა და "მერსედესის" ხელში ჩაგდება სურდა, საერთოდ, მკვლელობის ვერსიებზე პროკურატურამ უნდა იმუშაოს... კარგი იქნება, თუ ედუარდ შევარდნაძესაც ჰკითხავთ რამეს".
თამაზ გაიაშვილი, 2007 წელი
როგორც საქმეში ჩახედულნი ამბობდნენ, გაიაშვილი ბადრი პატარკაციშვილის ინტერესებზე მიანიშნებდა, უნდა ითქვას, რომ "ვარდების რევოლუციის" შემდეგ სააკაშვილის ხელისუფლება დიდხანს ცდილობდა ასათიანის მკვლელობა პატარკაციშვილისთვის დაეკავშირებინა (თუმცა 2002 წლს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი ცნობილი ფეხბურთელის მკვლელობაში ბრალს მხოლოდ შევარდნაძეს სდებდა).
2003 წლის 29 იანვარს კახი ასათიანის მეუღლემ, ლუიზა თავართქილაძემ განაცხადა, თუ გამოძიება ორ კვირაში არ გადადგამდა ქმედით ნაბიჯებს, ის თავად დაასახელებდა მისი ქმრის მკვლელებს, მაგრამ ამაოდ.
ასათიანების ოჯახი დღემდე კახის მკვლელობის მოტივად ბიზნესინტერესებს ასახელებს, რომლის უკან ასათიანის ყოფილი პარტნიორები დგანან.
გარდა ოფიციალური ვერსიისა, საზოგადოება მხარს უჭერს ასათიანის მკვლელობის მოტივის კიდევ ერთ ვერსიას, რომელიც შურისძიებას უკავშირდება - მაშინ სამართალდამცავები პირად საუბრებში ამბობდნენ, რომ ასათიანის მკვლელობა შეკვეთილი არ იყო, და არც მკვლელი გახლდათ პროფესიონალი (მან მსხვერპლს ესროლა ძალიან ახლო მანძილიდან და 16 გასროლიდან მხოლოდ 7 მოახვედრა, თანაც, მიუხედავად იმისა, რომ ფაქტს თვითმხილველები ჰყავდა, მიმალვა არ უჩქარია, რაც პროფესიონალ მკვლელებს ნამდვილად არ ახასიათებთ). გარდა ამისა, მკვლელი გატაცებული მანქანით მთელი დღე უკან დაჰყვებოდა ასათიანის მანქანას სროლისთვის ხელსაყრელი დროის მოლოდინში. ამგვარი რისკი კი მხოლოდ შურისმაძიებელ ადამიანს თუ შეეძლო...
2002 წლის 22 იანვარს თბილისში კიდევ ერთ მკვლელობა მოხდა, იმ დღეს დუდუ (დავით) დადიანი მოკლეს.
22 იანვარს, დღის 12 საათზე, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, დუდუ დადიანი, ფედერაციის ახალარჩეულ პრეზიდენტთან, ბესო ლიპარტელიანთან შესახვედრად ფიზკულტურის ინსტიტუტში მივიდა.
"კალათბურთის წესდება უნდა შეგვედგინა. დუდუმ წინა დღით მითხრა, ხვალ ჩემი წინადადებებით მოვალო. მთელი ღამე გაუთენებია, შეხვედრაზე ფედერაციის პრობლემებზეც ვაპირებდით საუბარს. დუდუმ დამირეკა და მითხრა, - 12 საათზე შევხვდეთო. ბოლო ზარი მის ტელეფონზე ისევ ჩემგან იყო. მანქანა რომ არ გამფუჭებოდა, იქნებ ყველაფერი სხვანაირად ყოფილიყო..."
ბესო ლიპარტელიანი
მკვლელი დუდუ დადიანს კიბეზე დახვდა, სავარაუდოდ, ის დადიანს იცნობდა, რადგან მკვლელობამდე მათ შელაპარაკებაც მოუვიდათ. მკვლელმა მაკაროვის სისტემის პისტოლეტი ოთხჯერ ისროლა, სამი ტყვია დუდუ დადიანს ხელში მოხვდა (როგორც ჩანს, ხელი მკერდზე ჰქონდა აფარებული), მეოთხე კი გულმკერდში.
მკვლელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მეგობრებმა დაჭრილი დადიანი სწორედ კიბეზე იპოვეს.
სასწრაფო დახმარების მანქანამ 15 წუთი დაიგვიანა, მძიმედ დაჭრილმა დუდუ დადიანმა კი მხოლოდ 20 წუთი იცოცხლა. შემთხვევის ადგილზე პოლიცია მხოლოდ ერთი საათის შემდეგ მივიდა.
მკვლელობის ადგილზე ამოღებული იქნა ჰეკლერ-კოხის პისტოლეტი, რომელიგანაც მკვლელმა ვერ ისროლა და ქუდი, რომელიც სიჩქარეში კიბეზე დაუვარდა.
თვითმხილველები ამბობდნენ, რომ მკვლელი სპორტულ ტანსაცმელში გამოწყობილი ახალგაზრდა კაცი იყო, რომელიც შენობაში შესვლიდან 5 წუთში გამოვიდა და გაიქცა... მკვლელობას ჰყავდა ერთი თვითმხილველი, რომელიც მოგვიანებით კიკვიძის ბაღში მოკლეს...
მკვლელობის რამდენიმე დღეში გახსნას ელოდა მთელი საქართველო, თუმცა...
"ვფიქრობ, რომ არის ვიღაც გავლენიანი პირი, რომელიც ყველაფერს ნაბიჯ-ნაბიჯ აფერხებდა, სასწრაფო დახმარების მკვლელობის ადგილზე დროულად მისვლასაც კი, რათა დუდუს გადარჩენა შეუძლებელი ყოფილიყო.
პოლიციაც კი ყველაზე გვიან მოვიდა... რომ მოენდომებინათ, საქმის გახსნა არ გაუჭირდებოდათ, მით უმეტეს, რომ მკვლელობას ჰყავდა მოწმეები და მკვლელს დანაშაულის ადგილზე ქუდი დაუვარდა, რომელიც ექსპერტიზაზე წაიღეს... ამიტომ ვეჭვობ, რომ დუდუს მკვლელობის საქმეში ვიღაც მაღალჩინოსნის ხელი ურევია".
რობერტ დადიანი,
დუდუ დადიანის მამა, 2012 წელი
იმხანად დადიანის მკვლელობის მოტივის ვერსია გამოძიებასაც არ ჰქონდა, იყო მხოლოდ მინიშნება, რომ დადიანის მკვლელობა, შესაძლოა, ასათიანების ოჯახს უკავშირდებოდეს... ამიტომაც 20 ნოემბერს კახი ასათიანის მკვლელობას დადიანის მეგობრების შურისძიებად მიიჩნევდნენ.
2010 წელს პროკურატურამ განაახლა დუდუ დადიანის საქმის გამოძიება და 10 ივლისს რატომღაც დააკავეს საქმის პირველი გამომძიებელი, ზვიად უზნაძე. ბრალად წაუყენეს ნივთმტკიცებულების გაყალბება (ქუდი, რომელიც მკვლელს დაუვარდა შეცვლილი იყო სხვა ქუდით). სამართალდამცავებმა დუდუს ძმა, ლევანიც დაიბარეს. გამოძიება ცდილობდა, ლევან დადიანს ძმის მკვლელობაში ეჭვმიტანილად, სავარაუდოდ, ვატო ყიფიანი დაესახელებინა, რაზეც უარი მიიღო. რამდენიმე ხანში ლევან დადიანს სამართალდამცავებმა შარვლის ჯიბეში 0.6 გ. მეტადონი "აღმოუჩინეს" და დააკავეს. საბოლოოდ, 14 წელი მიუსაჯეს... როგორც ამბობენ, სამართალდამცავები კახი ასათიანის ქვრივსაც სთხოვდნენ ვატო ყიფიანისთვის დაედო ხელი, თუმცა აქაც უარი მიიღეს.
2012 წლის 30 ნოემბერს დუდუ დადიანის ოჯახმა მთავარ პროკურატურაში განცხადება შეიტანა და დუდუს საქმის ხელახლა გამოძიება მოითხოვა... მამის, კახი ასათიანის მკვლელობის საქმის გამოძიებას ითხოვს მისი ქალიშვილი მაკა ასათიანიც...
საზოგადოებას კი იმედი აქვს, რომ იქნებ ახლა მაინც გაცხადდეს ამ ორი მკვლელობის ერთი საიდუმლო...