„ჩემი სახლი“, სააკაშვილის მორიგი ბლეფი

„ჩემი სახლი“, სააკაშვილის მორიგი ბლეფი

როგორც სატელევიზიო სარეკლამო რგოლებიდან ვიგებთ, საპრეზიდენტო პროგრამა „ჩემი სახლი“ ინტენსიურად მიმდინარეობს.

ანუ აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილი ქართველები შესაბამის უწყებაში განაცხადებს ავსებენ იმ იმედით, რომ თავიანთ სახლებშიც დაბრუნდებიან და დაკარგულ ქონებასაც აინაზღაურებენ.

ამის პარალელურად, გავრცელებული ინფორმაციით, დევნილთა თოთხმეტ ოჯახს რესპუბლიკური საავადმყოფოდან გამოსახლებას უპირებენ და მათ ღია ცის ქვეშ კიდევ ერთხელ დარჩენის პერსპექტივა ელით.

ბატონი ხევიაშვილი ბრძანებს, პრობლემა მხოლოდ ისაა, რომ ან კონკრეტულ დევნილებს, დანარჩენებისგან განსხვავებით, ოდენობა არ აკმაყოფილებთო (სავარაუდოდ, ბატონ მინისტრს საკუთარი ხელფასი აკმაყოფილებს, რომელიც ოთხნიშნა ციფრით გამოიხატება).

ანუ, რეალურად, ვიდრე „ჩემი სახლი“ განხორციელდება, დევნილთა პრობლემა, რომლის გადაჭრასაც თბილისში ჩაეყარა საფუძველი, შემდეგნაირად წყდება: მათ მიერ დაკავებული თითო ოთახის საფასურად, მიუხედავად იმისა, რამდენი ადამიანი ცხოვრობდა, 7000-დოლარიანი კომპენსაციები ურიგდებათ. თუმცა კომპენსაცია ყველას ვერ ერგო (როგორც აგვიხსნეს, ტექნიკური მიზეზების გამო), ხოლო, ვინაიდან ეს პრობლემა ორგანულ კავშირშია ტერიტორიულ მთლიანობასთან, რაც, თავისთავად, ოსებისა და აფხაზების გულის მოგებასაც გულისხმობს, რთული საფიქრებელია, რომ ქართველი დევნილების განაწყენების ფონზე, მეორე მხარის გულის მოლბობა მოხერხდეს.

ამდენად, „ჩემი სახლი“ ჯერჯერობით უფრო საჩვენებელ ეფექტს ტოვებს, მანამ მაინც, სანამ ამ ადამიანების იქ კი არა, ადამიანურ პირობებში დროებით აქ დასახლების საკითხი არ გადაწყვეტილა.