"გარიგებაზე წასვლა არ შეიძლება და ელჩების სანაცვლოდ ბაჩო ახალაიასა და მისთანა ნაძირალების გათავისუფლება დაუშვებელია"

"არ შეიძლება, ამდენი ხნის განმავლობაში დაპირისპირება არ ყოფილიყო და მაინცდამაინც მაშინ, როდესაც ხელისუფლება შეიცვალა, ერთ-ერთ სოფელში თუ რაიონში ქრისტიანებსა და მუსლიმანებს შორის ურთიერთობა გამწვავდა. ელემენტარული ლოგიკიდან გამომდინარე, კითხვებს მაინც აჩენს, რატომ მოხდა ეს მაინცდამაინც მაშინ, როდესაც ქვეყნის სათავეში ახალი ხელისუფლება მოვიდა. ამ "ბომბმა" შეიძლება ქვეყნის ინტერესები გადაიყოლოს. ეს არ მიკვირს, რადგან მსგავს "ბომბებს" ანგარიშს არც ადრე უწევდნენ. ისინი ახლა თავის გადარჩენაზე ზრუნავენ. იმდენი კომპრომატია მათზე დაგროვილი, იმდენი ფაქტი, რომ თუ ღრმად ჩაჰყვა გამოძიება, საქმე ცუდად წაუვათ. ამიტომაც ცდილობენ, ახალ-ახალი პრობლემები შეუქმნან ახალ ხელისუფლებას. იმედია, ამ ყველაფერზე ადეკვატურ რეაგირებას მოახდენენ და მდგომარეობა არ გართულდება", - აცხადებს ექსპერტი კოტე ჟღენტი გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "უცხოური პრესის ტონი აშკარად შეიცვალა".

"როდესაც ადამიანი კანონს არღვევს, უკანდასახევ გზას აუცილებლად იმზადებს. ეს ეხება ყველას - დაწყებული ხელისუფლების უმაღლესი ეშელონებით და დამთავრებული საშუალო რგოლებით. ფაქტია, რომ მერაბიშვილსაც და მის მოადგილესაც ჰქონდათ ორ-ორი პასპორტი და ეს დაადასტურეს მესაზღვრეებმა და სამართალდამცველებმაც. რაც შეეხება იმას, თუ რატომ წარადგინა მერაბიშვილმა სხვის სახელზე გაცემული პასპორტი აეროპორტში, სომხეთში გაფრენისას (ყოფილი პრემიერი ერევანში ევროპის სახალხო პარტიის რეგიონულ ყრილობაზე პრეზიდენტის დელეგაციასთან ერთად მიდიოდა), შესაძლოა, იყო პროვოკაცია, რათა შემდეგ აეტეხათ ამბავი, რომ ახალი ხელისუფლება დელეგაციის ქვეყნიდან გასვლას აბრკოლებს. ევროპის სახალხო პარტიის ყრილობაზეც მერაბიშვილის აეროპორტში დაკავება ერთ-ერთი მთავარი თემა იქნებოდა. ამ ვერსიას აქვს არსებობის უფლება. სხვათა შორის, ერთმა ცნობილმა პირმა, რომლის ვინაობასაც არ დავასახელებ, მითხრა, მაგათ თავში შეიძლება ისეთი რამ მოიხარშოს, ვერავინ ვერასოდეს რომ წარმოიდგენსო. მართლაც, შესაძლოა, ისეთი რაღაც მოიმოქმედონ, რომ არანაირ ლოგიკაში არ ჯდებოდეს და გადარჩენისათვის ყველაფერზე წავიდნენ", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კოტე ჟღენტი.

"გამოძიება რაც უფრო წინ წაიწევს, უფრო მეტად გამოიკვეთება ყოფილი თანამდებობის პირების ბრალეულობა. ამიტომაც ქვეყანაში თუ ქვეყნის გარეთ ყველაფერს აკეთებენ, იქნება პიარი თუ პროპაგანდა, რომ პრევენცია მოახდინონ. ისინი ცდილობენ, კონკრეტული სამართალდარღვევების გამოძიება პოლიტიკას დაუკავშირონ. თუმცა ბოლოდროინდელ უცხოურ პრესას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ უცხოეთი "ნაციონალებისას" მაინცდამაინც უკვე აღარ იჯერებს. სხვაგვარი სტატიები იწერება. კერძოდ, უცხოური პრესა წერს, რომ საქმე მთლად ასე არ არის და, როგორც ჩანს, ყოფილი თანამდებობის პირები მართლაც რაღაცაში დამნაშავეები არიან. ტონი აშკარად შეიცვალა. არ კეთდება ისეთი განცხადებები, როგორიც ადრე კეთდებოდა. ეს, რა თქმა უნდა, რასმუსენსაც ეხება. თუ გადახედავთ მის ადრინდელ გამონათქვამებს, განსხვავება ნათელია", - განაგრძობს რესპონდენტი.

"ჩემი აზრით, "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტის საბოლოოდ დამტკიცებისა და პატიმრების გათავისუფლების შემდეგ ქვეყანაში კრიმინოგენული ვითარება მნიშვნელოვნად არ გაუარესდება. ცალკეული რეციდივი კი, ალბათ, იქნება. სიმართლე გითხრათ, მე ამ კანონპროექტს არ ვუყურებ, ჩემთვის მთავარია, რომ წინა ხელისუფლების რეპრესიებს ბევრი ემსხვერპლა და საჭიროა სამართლიანობის აღდგენა. შეიძლება სიაში არის ხარვეზები. ან რომელი პროცესი ჩაივლის უხარვეზოდ? საქმე ის არის, ეს ხარვეზი რამდენად საზიანო იქნება ქვეყნისა და საზოგადოებისთვის. ჩემი აზრით, ეს დიდად არ დაგვაზარალებს. თუმცა, საქართველოში ჯერ კიდევ ჩამოსაყალიბებელი გვაქვს კრიტერიუმი, რას ნიშნავს პოლიტდევნილი და პოლიტპატიმარი", - განმარტავს კოტე ჟღენტი.

"რაც შეეხება თბილისი-მოსკოვის ურთიერთობას, ეს პროცესი მხოლოდ ახლა დაიწყო. ლავროვმა განცხადება გააკეთა, სიტყვა პუტინმაც თქვა, იგივე თქვა მედვედევმაც. ის, რომ მოსკოვში ამ თემაზე ალაპარაკდნენ, კარგია. არ უნდა გვქონოდა იმის მოლოდინი, რადგან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი დანიშნა, რუსული მხარეც მაშინვე იმავეს გააკეთებსო. ასე არ ხდება. სამწუხაროდ, ბოდიში მკითხველსა და საზოგადოებასთან, მაგრამ რუსეთი ჩვენ როგორც თანაბარს არასოდეს შეგვხედავს და ყოველთვის შეეცდება, ზემოდან გვიყუროს. ჩვენ უნდა შევეცადოთ, რაც შეიძლება თანასწორ დონეზე ვესაუბროთ რუსეთს, განსაკუთრებით კი იმ საკითხებზე, რომლებიც ჩვენთვის სასიცოცხლოა. არ უნდა დავთმოთ და გადავლახოთ წითელი ხაზები, მაგრამ ამავე დროს მაქსიმალურად მოქნილი უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ რუსეთთან დიალოგი განახლდეს. ეს ხანგრძლივი პროცესი იქნება და დრო დასჭირდება. ამავე დროს, არ გამოვრიცხავ, რომ ლავროვმა ცოტა ხანში სულ სხვაგვარი განცხადება გააკეთოს", - დასძენს კოტე ჟღენტი და შეკითხვას – "ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ დიპკორპუსების ახალი ხელმძღვანელობის დანიშვნის სანაცვლოდ რამდენიმე პირის ციხიდან გათავისუფლებას სთხოვენ" – პასუხობს:

"ეს აბსოლუტურად ამორალური წინადადებაა და მას ივანიშვილი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დათანხმდეს. იმ ელჩებს ამოეწურებათ უფლებამოსილება. ბოლოს და ბოლოს, 2013 წლის ოქტომბრის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტი აღარ იქნება და ივანიშვილს შეუძლია, ელჩებად თავისი კანდიდატურები წარადგინოს. გარიგებაზე წასვლა არ შეიძლება და ელჩების სანაცვლოდ ბაჩო ახალაიასა და მისთანა ნაძირალების გათავისუფლება დაუშვებელია".