ჯეიმს აპატურაი: „ჩვენი შეშფოთება დიდად არ შეცვლილა“

ჯეიმს აპატურაი: „ჩვენი შეშფოთება დიდად არ შეცვლილა“

გასული კვირის მნიშვნელოვანი სამხედრო-პოლიტიკური მოვლენა იყო ბრიუსელში ნატოს 4-5 დეკემბრის მინისტერიალი, სადაც ალიანსში შემავალ სახელმწიფოთა საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველო შეაქეს დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნებისა და ნატოს ოპერაციაში შეტანილი სამხედრო წვლილისათვის და მოუწოდეს საქართველოს ახალ ხელისუფლებას შეინარჩუნოს რეფორმების ტემპი და მომდევნო არჩევნებშიც მიაღწიოს დემოკრატიის მაღალ სტანდარტებს. ბრიუსელში გამართული ნატოს მინისტერიალის დასრულების შემდეგ ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაის ვთხოვე განემარტა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი.

ნატოს 12 ნოემბრის პრაღის საპარლამენტო ასამბლეაზე ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა „უკიდურესად შემაშფოთებელი“ უწოდა საქართველოში „პოლიტიკური ოპონენტების“ დაკავებას 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ეს იყო მკვეთრი და ღია კრიტიკა ახალი პოლიტიკური ძალისა და მისი ლიდერის, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მიმართ. პრაღის საპარლამენტო ასამბლეიდან ერთ თვეზე ნაკლები გავიდა და ბრიუსელში ნატოს გენერალურმა მდივანმა გვერდი აუარა პოლიტიკური ნიშნით დაკავებას, მას აღარ უხსენებია ზეწოლა ადგილობრივ ხელისუფლებაზე და ძირითადად „პროგრესზე გაამახვილა ყურადღება“. რამ გამოიწვია ასეთ მოკლე დროში ასეთი მკვეთრი ცვლილება გენერალური მდივნის შეფასებებში? - ვკითხე ჯეიმს აპატურაის. 

„ო, არა, მე არ ვიტყოდი, რომ მკვეთრად შეიცვალა რამე. ის ხუთი მესიჯი, რომლებიც გენერალურმა მდივანმა გააცნო პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს აქ ყოფნის დროს, ზუსტად ის ხუთი მესიჯია, რომლებიც მან დღეს წარმოთქვა. და რადგანაც გენერალური მდივანიც შეშფოთებულია და ალიანსიც, ეს ხუთი მესიჯი უცვლელია. მაგრამ, ამასთან, ითქვა, რომ მას უფრო მოემატა რწმენა საქართველოს გაერთიანებული შტაბის უფროსის თაობაზე მიღწეული შეთანხმების გამო. ეს იმის კარგი ნიშანია, რომ მთავრობას და ოპოზიციას შეუძლიათ საერთო აზრის გამონახვა ასეთ რთულ და სენსიტიურ საკითხში, რაც სულაც არ არის იოლი. ასე რომ, ეს იმედის მომცემი ნიშანია დღეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ნატოს მიდგომა და პოზიცია, რომელიც გენერალურმა მდივანმა გააცნო ბატონ ივანიშვილს, დღესაც ძალაში რჩება“.

 ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს მხედველობაში ჰქონდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის პოსტზე პოლკოვნიკ ირაკლი ძნელაძის დანიშვნა, რაც ზუსტად 5 დეკემბერს გახდა ცნობილი. ჯეიმს აპატურაისთან საუბარი კი მე განვაგრძე „საქართველოში პოლიტიკური ოპონენტების“ თემაზე. კერძოდ, ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში გავახსენე ხორვატიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ივო სანადერის გასამართლება კორუფციული დანაშაულის გამო. როდესაც სასამართლომ 10-წლიანი პატიმრობის განაჩენი გამოიტანა სანადერის მიმართ, ევროკავშირი მიესალმა თემიდის გადაწყვეტილებას. შესაბამისად, აპატურაის ვთხოვე დაეზუსტებინა, თუ როგორ უნდა მოიქცეს მსგავს შემთხვევებში საქართველოს ხელისუფლება, რომ მას არ დაბრალდეს „ოპონენტების პოლიტიკური ნიშნით დევნა“.

„რაზეც ნატოს მოკავშირეები და ასევე საერთაშორისო მედია გამოთქვამს შეშფოთებას, ესაა პოლიტიკური შეხედულების გამო დევნა, ესაა დაპატიმრებულთა მასშტაბი, ხოლო ზოგ შემთხვევაში ბრალდებების სპეციფიკა ბადებს შეკითხვებს. ეს არაა შეკითხვები, რომლებზეც ნატომ ანდა საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გასცეს პასუხი. ამ შეკითხვებზე პასუხის გაცემა საქართველოს ევალება, რომ არ გრძნობდეს უხერხულობას დაპატიმრებების იმ ფორმების გამო, რასაც ადგილი აქვს. ამავდროულად, ესაა სამწუხარო რეალობა, რაც მოითხოვს ისეთი პოლიტიკური და სასამართლო სისტემის არსებობას, რომელიც გამორიცხავდა პოლიტიკურად მოტივირებულ დაპატიმრებას. ჩვენ გვინდა, რომ, უბრალოდ, გაგიმეოროთ ეს მოსაზრება და ამას ვაკეთებთ როგორც საქართველოს მეგობრები. ჩვენ საქართველოს მეგობრები ვართ და გვინდა, რომ საქართველომ მიაღწიოს ნატოში გაწევრიანების სტანდარტებს და მიაღწიოს საერთაშორისო საზოგადოებაში გაწევრიანების სტანდარტებს“, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ, ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

 მიუხედავად იმისა, რომ ძალაში რჩება ალიანსის ხელმძღვანელობის მესიჯები, გენერალურმა მდივანმა უარყო ბიძინა ივანიშვილის შეთავაზება გამოეგზავნათ საქართველოში სპეციალური ჯგუფი,რომელიც მონიტორინგს გაუწევდა ე.წ. პოლიტიკური ოპონენტების სამართლებრივი დევნის საქმეებს. ანდერს ფოგ რასმუსენის უარის მიზეზი მარტივიაო, ამბობს ჯეიმს აპატურაი.

„მე ორ მიზეზს გეტყვით. პირველია ის, რომ „ჩვენ გენდობით თქვენო“, განაცხადა გენერალურმა მდივანმა პრემიერ-მინისტრთან პირად შეხვედრაზე და შემდეგ ეს საჯაროდაც გაიმეორა. ჩვენ გვჯერა თქვენი, რომ მიაღწევთ ამ სტანდარტებს. და მეორეც, ასეთი ჯგუფის შექმნა არ არის ნატოს მანდატი, საერთოდ არ გვყავს ხალხი, ვინც ამას გააკეთებდა. არსებობენ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები, მაგრამ ჩვენ არც მათთვის მოგვიწოდებია ამის გაკეთებისაკენ. ჩვენ გენდობით თქვენ, ეს იყო ის, რაც ნატოს გენერალურმა მდივანმა თქვა და რაც ყველა ჩვენგანს გვჭირდება“, – განაცხადა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ჯეიმს აპატურაიმ, ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

თუმცა ნატოს დამოკიდებულება მხოლოდ ნდობით არ შემოიფარგლება. რაკი დღემდე შეშფოთებულია, ალიანსის წევრი ქვეყნები საქართველოს ახალი ხელისუფლების მიმართაც იხელმძღვანელებენ პრინციპით - „ენდე, მაგრამ შეამოწმე“. და ეს შემოწმება-მონიტორინგი, სულ მცირე, მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე, ანუ, როგორც ნატოს 4-5 დეკემბრის მინისტერიალზე ითქვა, საქართველოში ე.წ. კოჰაბიტაციის პერიოდის დასრულებამდე გასტანს.