ყველა დროის საქართველოს საუკეთესო მორაგბე მამუკა გორგოძე რაგბიდან მიდის, თუმცა მსოფლიო პანდემიის გამო გულშემატკივრები მას გამოსამშვიდობებელ მატჩში ვერ იხილავენ- ამის შესახებ საქართველოს რაგბის კავშირი იუწყება, რომელიც სპორტსმენთან ინტერვიუს ავრცელებს.
მათი ცნობით, საფრანგეთის რაგბის კავშირმა, მთავრობასთან შეთანხმებით, მიმდინარე სპორტული ღონისძიებების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ 35 წლის მორაგბემ ტოპ 14-ში თავისი უკანასკნელი შეხვედრა 2019 წლის 30 ნოემბერს „პოსთან“ გამართა.
2003 წლიდან 2019 წლამდე საქართველოს ეროვნულ ნაკრებს გორგოძემ 75 შეხვედრაში 135 ქულა მოუტანა და მინიმუმ ერთი ლელოს დადება სამ მსოფლიო თასზე შეძლო.
გორგოძე 2011 წლის საქართველს საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა, ის ექვსჯერ აღიარეს საქართველოს საუკეთესო მორაგბედ. ქართველი მორაგბე არა ერთხელ მოხვდა პრესტიჟული სპორტული გამოცემების, სპეციალისტების და გულშემატკივრების სიმბოლურ ნაკრებებში.