ვინ შეუშვა პარლამენტში აქლემი?!

ვინ შეუშვა პარლამენტში აქლემი?!

პოლიტიკური ზამთარი დაუდგა «ვარდების რევოლუციას», ნაციონალ-ბოლშევიკების პროპაგანდის შხამიანი ფურცლები ისე დაიფანტა ამათ გზაზე, როგორც სამგლოვიარო პროცესიის ჩავლის შემდეგ გვირგვინებს ჩამოცვენილი ყვავილნარი - ქვაფენილის იკებანა.

ჩაიარა, ჩაირეკვიემა «მიშა მაგარიას» ჰანგებმა - ნაცბოლების არაოფიციალურმა ჰიმნმა, რომლის ტექსტი, ისევე, როგორც ყოფილი ხელისუფლების წინასაარჩევნო სლოგანი _ «გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია» - კომუნისტური წარსულის სიძველეთა საცავიდან მოპარული მტვერდადებული რარიტეტი აღმოჩნდა, ნაქურდალი:

«დარია თუ ავდარია,

ჩვენი გული მაგარია,

რადგან საბჭოეთის საჭე

ძია სტალინს აბარია».

სააკაშვილი მთავრდება ისევე, როგორც დამთავრდა უკრაინაში «ნარინჯისფერი რევოლუციის» ლიდერი ვიქტორ იუშჩენკო. ორივე _ დასავლეთის უდღეური პროექტი.

უკრაინის უმაღლეს რადაში ოქტომბრის არჩევნებში მონაწილე იუშჩენკოს პარტია «ნაშა უკრაინამ» ხმების 1 (ერთი) მთელი და 11 მეასედი პროცენტი მიიღო და პარლამენტის მიღმა დარჩა, ვერ გადალახა ხუთპროცენტიანი ბარიერი.

გარეთ დარჩენა ჯობია იულია ტიმოშენკოსავით შიგნით ყოფნას - ციხეში. ჯობია, რადგან ექსპრეზიდენტი გაქრა პარტიულ სალაროსთან ერთად. აფორიაქდა აქტივისტების მასა, რომელიც არჩევნების მზადების პერიოდში ერთგულად მსახურებდა ვიქტორ ანდრეევიჩს, საკუთარ ფულსაც ახარჯავდა. მაგრამ ამ მსახურების გასამრჯელოდ გროშ-კაპიკიც არ მიუღია. გასამრჯელო კი არა, ვალიც არ დაუბრუნებიათ.

არავის უფიქრია 2009 წლიდან მოყოლებული დავალიანების გასტუმრებაზე, რომელიც დიდი რაოდენობით დაგროვდა, პარტიულ-საარჩევნო შტაბების ოფისების, შენობების არენდისა და კომუნალური გადასახადების დაუფარაობის მიზეზით.

2011 წლის მონაცემებით, «ნაშა უკრაინას» ვალმა 80 მილიონ გრივნას გადააჭარბა, რაც 10 მილიონი აშშ დოლარის ეკვივალენტურია.

იუშჩენკო კიევში მაიდანის - «ნარინჯისფერი რევოლუციის» წლისთავზე არ გამოჩენილა ისევე, როგორც სააკაშვილი თბილისში 23 ნოემბერს «ვარდების რევოლუციის» მოედანზე. იუშჩენკო უკრაინის ყოფილი პრეზიდენტია, მიშა სააკაშვილი საქართველოს პირველი პირის თანამდებობაზე ჯერ კიდევ ირიცხება. მაშასადამე, როგორც ჭირისუფალს, ევალებოდა მისვლა.

ეტყობა, ასეთები ტანით გრძნობენ დასასრულის მოახლოებას და არ ეზეიმებათ, რასაც ვერ იტყვი სააკაშვილის პროტექტორებზე, ნათლიებსა და ნათლიმამებზე, რომლებიც საქართველოსკენ გზას კვლავ მიხეილის სახელობის შუქურის ციმციმზე იკვლევენ.

ვერ შელევიან საკუთარი ხელით ნაძერწ «ერთიან ნაციონალურ მოძრაობას» და «ვაშინგტონ პოსტის» პუბლიკაციების სახით არ ვიცი, კაპრონის, არ ვიცი, იორკშირული ღორის ჯაგრისგან დაგრეხილ თოკ-ბაწარს მაშველი რგოლივით უგდებენ ხალხის მიერ ჩამოწერილ ყოფილებს _ აქა, ჩვენთან, «ნაშაუკრაინელებს» - იქა, მეგობარ უკრაინაში.

უკრაინაში იუშჩენკო 1,11 პროცენტამდე შეუმცირდათ, საქართველოში სააკაშვილი ეცლებათ ხელიდან... და უკვე ძნელია იმის გარკვევა, ვინაა წყალწაღებული და ვინ ვის სჭირდება დაკარგული პრესტიჟის აღსადგენად.

ამ დროს ვინ უნდა გამოვიდეს ავანსცენაზე? რა თქმა უნდა, პოლიტეპიცენტრისტი კაკო-აკაკი ბობოხიძე, რომელიც განაცხადებს: «მიმიფურთხებია იმ ქვეყნისთვის, რომელსაც მარტო ერთი ქალაქი აქვს 21-ე საუკუნეში და მიმიფურთხებია იმ ხალხისთვის, რომელიც ცდილობს, რომ ქვეყანას მარტო ერთი ქალაქი შეუნარჩუნოს და ერთი ქალაქი შეუქმნას».

რომ იფურთხება, გასაგებია _ დრომადერია, ერთ დროს ველური, ამჟამად მოშინაურებული ცალკუზა აქლემის ჯიშის ორფეხა ეკზეპლიარი. მაგრამ ამასობაში მიშა რომ შემოეფურთხა? აბა, დააკვირდით: «მიმიფურთხებია იმ ხალხისთვის, რომელიც ცდილობს, ქვეყანას... მარტო ერთი ქალაქი შეუქმნას».

კაკოს ემოციური ბომბი სწორედ მიშას თავზე აფეთქდა, რადგან ვინ, თუ არა სააკაშვილი, ცდილობდა ქვეყანაში «მარტო ერთი ქალაქის შექმნას»? ლაზიკაზე მოგახსენებთ.

ლაზიკაზე, რომლის სახსენებელი ჭურიას ჭაობმა შეიწოვა. ქუთაისის პარლამენტის შენობა, როგორც სააკაშვილის ცრუდემოკრატიის სიმბოლო, «ტიტანიკივით» იძირება. ისიც _ ჭაობიან ნიადაგში.

კაკო ბობოხიძე-აკაკი კი, ვითარცა საცოდავი პლაგიატორი, დიდი აკაკის ჩრდილს ეპოტინება გადასარჩენად. «ფურთხის ღირსი ხარ, შენ, საქართველო!» _ მიახალა ქვეყნის უგვირგვინო მეფემ საქართველოს, რომელმაც ვერ დაიცვა თავისი უპირველესი შვილის ილია ჭავჭავაძის სიცოცხლე.

ახლა რომ ადგეს ეს შეურაცხყოფილი ხალხი, რომელსაც დუჟის მიფურთხებით ემუქრება კაკო ბობოხიძე-აკაკი, მიუბრუნდეს და მიაფურთხოს, ხომ იქნება ღირსი?

კი, იქნება!

მაგრამ რად გინდა?!

უნამუსოს აფურთხებდნენ და - რა ჟუჟუნა წვიმა მოდისო.

P.S

ქუთაისის პარლამენტში მოსუნსულე ვირთხა ვნახეთ. წყალი რომ ჩადის და ჭაღი თავზე რომ ეცემა დეპუტატებს, ვიცით.

მაგრამ ვინ შეუშვა პარლამენტში აქლემი?!