მარკ ეკოს ჰიპ-ჰოპ ბიზნესი

მარკ ეკოს ჰიპ-ჰოპ ბიზნესი

მარკ ეკო საკმაოდ ცნობილი და გავლენიანი, მისაბაძად ქცეული ახალგაზრდა ბიზნესმენი გახლავთ. როცა მან კომპანია March Ecko Enterprises დაარეგისტრირა, ხელთ მხოლოდ რამდენიმე მაისური და საღებავი ჰქონდა, დღეს კი იგი აშშ-ში ტანსაცმლის მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი, მრავალმილიარდიანი ბრუნვის მქონე კომპანიის მფლობელია.

 

მხატვარი ფარმაცევტი

მარკ ეკო (ნამდვილი გვარი მილეკოფსკი) პოპ-კულტურისა და მენეჯმენტის საინტერესო ნაზავი გახლავთ. ბიზნესმენი მუდამ სპორტულად არის გამოწყობილი, ფართო შარვალს და კედებს იცმევს და კეპს ატარებს. მისი ლექსიკა კი სლენგითაა გაჯერებული.

 

ეკო დაიბადა 1972 წელს ნიუ ჯერსის ქალაქ ბრანსვიკში ებრაულ ოჯახში. მისი მშობლები უძრავი ქონების გაყიდვების აგენტები იყვნენ. ბიჭმა ჯერ კიდევ სკოლაში სწავლისას შენიშნა, რაოდენ დიდ გავლენას ახდენს ტანსაცმელი ადამიანის ამა თუ იმ სოციალური ჯგუფისადმი მიკუთვნებაზე.

 

13 წლის იყო, როცა მარკმა მამის ავტოფარეხში თანაკლასელთა მაისურების საღებავით მოხატვა-გაფორმება დაიწყო. თუმცა, მშობლებმა შვილის სამხატვრო ტალანტი სათანადოდ ვერ შეაფასეს და 1990 წელს მათი რჩევით ყმაწვილმა უნივერსიტეტის ფარმაცევტულ ფაკულტეტზე ჩააბარა. მშობლების აზრით, სწორი და სერიოზული მიდგომა ეს იყო, რომელიც ფინანსურ პერსპექტივებს ქმნიდა.

 

მაგრამ დიზაინით გატაცება ეკოსათვის მაინც ძალიან მნიშვნელოვნად რჩებოდა. იგი შიგადაშიგ მაისურებისა და ქურთუკების მოხატვა-გაფორმების შეკვეთებს იღებდა. ცხადია, აქედან იგი გარკვეულ შემოსავალს იღებდა, რაც მასში საკუთარი საქმის წამოწყების იდეას აღძრავდა. მარკმა ცოტაოდენი ფული მოაქუჩა, ცოტაც მამას დაესესხა და მეგობარ სეთ გერჟბერგთან ერთად, რომელმაც გვარიანი ფინანსები გაიღო, 1993 წელს კომპანია დააარსა.

 

ბანკროტობიდან მილიარდერობამდე

90-იანი წლების დასაწყისში ე.წ. ქალაქური ტანსაცმელი, მით უმეტეს ჰიპ-ჰოპის სტილში გადაწყვეტილი, მნიშვნელოვანი სიახლე იყო და არცთუ ისე დიდი მოთხოვნილებით სარგებლობდა. ამიტომ ეკომ თავისი პირველი მაისურების გაყიდვა თავდაპირველად პატარა მაღაზიების საშუალებით დაიწყო. ორიგინალური დიზაინის სამოსმა ახალგაზრდებში მოწონება დაიმსახურა და მათმა გაყიდვებმა თანდათანობით, სულ უფრო და უფრო იმატა.

 

წარმატებამ ეკო გაათამამა და გადაწყვიტა ქურთუკებისა და ჯინსების წარმოება დაეწყო. მაგრამ ამან March Ecko Enterprises-ს მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნა. ფაბრიკები პატარა შეკვეთების მიღებაზე უარს ამბობდნენ, დიდი პარტიების რეალიზება კი არ ხერხდებოდა და ვალები მნიშვნელოვნად იზრდებოდა. ეკო ბევრს ცდილობდა რაიმე ეღონა, კრედიტს კრედიტზე იღებდა, მაგრამ სულ ამაოდ, ბიზნესი თანდათანობით კვდებოდა.

 

ამავდროულად ეკო და მისი პარტნიორები ცდილობდნენ ჯინსების მწარმოებელ მსხვილ კომპანიებს მოლაპარაკებოდნენ. მაგრამ ამ მხრივაც არაფერი გამოდიოდა. დიდი ბოსები ნიუ ჯერსელ ბიჭებს არწმუნებდნენ, რომ მათი იდეები და გათვლები არაფრად ღირდა. 1998 წლისათვის March Ecko Enterprises კოლაფსის წინაშე აღმოჩნდა - მისმა ვალებმა 6 მილიონი დოლარი შეადგინა.

 

მაგრამ ეკო კომპანიის ბანკროტად გამოცხადებას არ ჩქარობდა და მის გადარჩენას ყველანაირად ცდილობდა. მან გადაწყვიტა რებრენდინგი განეხორციელებინა. პირველ რიგში, კომპანიისათვის ახალი ლოგოტიპის მოგონება გადაწყვიტა და კარგა ხნის ფიქრის შემდეგ თეთრ მარტორქაზე შეჩერდა, რაც ძალზე წარმატებული სვლა აღმოჩნდა. შემდეგ კიდევ ერთი, უკანასკნელი კრედიტი აიღო, დიზაინერები დაიქირავა და სერიოზული სარეკლამო კამპანია წამოიწყო.

 

მისმა მცდელობამ ნაყოფი გამოიღო და მალე კომპანია არა მარტო მარტო ვალებიდან ამოვიდა, არამედ 2000 წლისათვის მისმა გაყიდვების მოცულობამ მილიარდ დოლარს მიაღწია, ხოლო ბრენდი ძალზე პოპულარული გახდა ამერიკელ ახალგაზრდებს შორის. მაგრამ ეკო მიღწეულით დაკმაყოფილებას არ აპირებდა, მას სურდა მისი სახელი ისეთივე ცნობილი გამხდარიყო, როგორიც თეთრი მარტორქა. 2003 წელს March Ecko Enterprises-მა გამოუშვა ასაკოვანი მყიდველებისათვის განკუთვნილი ტანსაცმლის ხაზი და მამაკაცთა ჟურნალი Complex.

 

ეკოს ბიზნესი გამუდმებით იფურჩქნება, მისი პირადი კაპიტალი კი უკვე 800 მილიონს აღემატება. მისი ახალი მიზანი ბიზნესის დივერსიფიკაცია და თავისი ბრენდით მსოფლიო ბაზრის დაპყრობაა. გარდა ამისა, ახალგაზრდა მილიონერი, რომელიც მალე ალბათ, მილიარდერი გახდება, მრავალი სოციალური ინიციატივების განხორციელებითაა დაკავებული.