საფრანგეთის საფეხბურთო ჩემპიონატის 2019-2020 წლების სეზონი აღარ განახლდება. France Football-ის ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ედუარ ფილიპმა განაცხადა.
„სპორტული ღონისძიებები, რომლებშიც 5000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობს, სექტემბრამდე ვერ გაიმართება. შესაბამისად 2019-2020 წლების ტურნირები აღარ განახლდება“, - განაცხადა ფილიპმა.
საფრანგეთის ჩემპიონატის 2019-2020 წლების სეზონში 38 ტურიდან 28 ჩატარდა. ჩემპიონთა ლიგაზე საფრანგეთის ღირსებას იცავს 1/4 ფინალში გასული „პარი სენ-ჟერმენი“ და „ლიონი“, რომელმაც 1/8 ფინალის პირველ მატჩში შინ ტურინის „იუვენტუსი“ დაამარცხა (1:0).
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.
ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.