„არჩევნები გარიყავს ოპოზიციას, რადგან მთელი მათი დღის წესრიგი ანტისახელმწიფოებრივია“

„არჩევნები გარიყავს ოპოზიციას, რადგან მთელი მათი დღის წესრიგი ანტისახელმწიფოებრივია“

ოპოზიციური პარტიები საქართველოს პარტნიორებს ღია წერილით მიმართავენ და მოუწოდებენ, რომ საქართველოს მთავრობას 8 მარტის შეთანხმების სრულად განხორციელების მნიშვნელობა შეახსენონ. საუბარია მიმდინარე წლის 8 მარტს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემის თაობაზე შეთანხმებაზე, მოლაპარაკებების შედეგად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30–ზე მანდატების თანაფარდობით უნდა ჩატარდეს.

ოპოზიცია ღია წერილში ყურადღებას პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსების გათავისუფლებაზე ამახვილებს. წერილში საუბარია ირაკლი ოქრუაშვილის განაჩენზე და აღნიშნულია, რომ ხუთწლიანი პატიმრობის პირობა დაირღვა, რაც მათი შეფასებით უკან გადადგმული ნაბიჯია. ოპოზიცია მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, რომ მონიტორის როლი იტვირთოს და შეახსენოს ხელისუფლებას ის ვალდებულებები, რაც მოლაპარაკების დროს აიღეს.

„იცით, რომ ამერიკამ და ევროკავშირმა მათი საელჩოების პირით გამოთქვეს შეშფოთება ირაკლი ოქრუაშვილისთვის 5 წლიანი პატიმრობის მისჯის შესახებ, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ზეწოლა შენარჩუნდეს და ყურადღება არ შესუსტდეს საქართველოს მიმართ. იმისათვის, რომ ეს შეთანხმება განხორციელდეს და გიორგი რურუაც, ირაკლი ოქრუაშვილიც და გიგი უგულავაც გათავისუფლდნენ, საარჩევნო სისტემის ცვლილება მივიღოთ და შევიდეთ საარჩევნო კამპანიაში“, – აცხადებს „ევროპული საქართველოს“ წევრი გიორგი კანდელაკი.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სალომე სამადაშვილის თქმით, საერთაშორისო პარტნიორები დაინტერესებულები არიან პოლიტიკური პროცესების მიმდინარეობით საქართველოში და ესმით ის საფრთხე, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიულ პროცესებს ემუქრება. სამადაშვილი დარწმუნებულია, რომ უახლოეს მომავალში ხელისუფლებაზე ზეწოლა გაიზრდება.

„თუ ქვეყანაში არ იქნება სამართლიანი არჩევნები, არ იქნება მშვიდობა. ჩვენი მეგობრები, ჩვენი პარტნიორები გვეუბნებიან თუ როგორ ჩავატაროთ სამართლიანი არჩევნები, როგორ შევინარჩუნოთ ქვეყანაში სტაბილურობა, დემოკრატია და მშვიდი განვითარების მომავალი ჩვენი სახელმწიფოსთვის“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ოპოზიციის წევრების განცხადებით, ხელისუფლებას იმედი აქვს, საერთაშორისო პარტნიორები საქართველოსთვის ვერ მოიცლიან, თუმცა აღნიშნავენ, რომ მათი მხრიდან გაგრძელდება ძალისხმევა, რომ საქართველოში იყოს ნორმალური საარჩევნო გარემო. პარლამენტის ვიცე–სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, სამწუხაროა, რომ ზოგერთი პოლიტიკური მოძრაობა, რომელიც ამ ვითარებაში პოლიტიკურ გამორჩენას ელოდება, „ნაციონალური მოძრაობის“ კლასტერს შეუერთდა და ქვეყნის და ხალხის წინაშე პასუხისმგებლობა დავიწყებული აქვთ.

მისი თქმით, არჩევნების თარიღს არანაირი საფრთხე არ უნდა დაემუქროს იმ პროგნოზებით, რომელსაც მედიკოსები აწვდიან. მისივე თქმით, ხელშემშლელი ფაქტორი შესაძლოა, მხოლოდ ვირუსის უფრო ფართო გავრცელება გახდეს, თუმცა, ამ თვალსაზრისით ვითარება საზოგადოებაზეც არის დამოკიდებული.

„თუკი რაიმე განუსაზღვრელი ან წინასწარ დაუგეგმავი მოხდა, ეს იქნება კვლავ იმაზე დამოკიდებული, თუ რამდენად გავითავისებთ პასუხისმგებლობას არა მარტო სახელისუფლებო სტრუქტურები და პოლიტიკური ორგანიზაციები, არამედ თავად საზოგადოება. ვფიქრობ, ივნისში ყველა მონაცემით დავიწყებთ განხილვას, ივლისში დავამთავრებთ და გვექნება პაკეტი საარჩევნო სისტემით და კონსტიტუციაში ცვლილებებით.

ამის ხელშეშლა შეუძლია მხოლოდ იმ წინასწარ დაუგეგმავ პრობლემას, რასაც ჰქვია ვირუსის შემოტევის გაფართოება. ამასთან დაკავშირებით, მედიცინის დარგიდან მომდინარე პროგნოზები დამაიმედებელია, თუმცა, ქმედებები ცალკეული ჯგუფების არის საკმაოდ შემაშფოთებელი ამ თვალსაზრისით. ასე რომ, რაც ჩვენზე, პოლიტიკოსებზე არის დამოკიდებული, უნდა შევასრულოთ, ასევე საზოგადოებამაც უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა“, – აცხადებს გია ვოლსკი.

აღსანიშნავია, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამ სამართლებრივი თვალსაზრისითაც ხელი შეუშალა კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელების პროცესს. მიუხედავად იმისა, რომ 2020 წელი საპარლამენტო არჩევნების წელია, კორონა ვირუსმა გადაფარა არა მხოლოდ არჩევნები, არამედ ძალიან ბევრი მოვლენები, თუმცა ოპოზიციის დღის წესრიგში ისევ ხელისუფლების კრიტიკა და საარჩევნო კამპანია ტრიალებს.

ანალიტიკოს დავით ზარდიაშვილის განცხადებით, სწორედ საარჩევნო კამპანიის ნაწილია ღია წერილი, რომლითაც პარტნიორებს მიმართეს.

„წყალწაღებული ხავსს ეკიდებოდაო, ასეა ოპოზიციის საქმე. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გვაქვს, ყველაფერი კორონა ვირუსის საფრთხის გარშემო ტრიალებს, ეს საფრთხე არის გლობალური და ტოტალური. ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში ეს საფრთხე დგას და ეს არის ობიექტური მოცემულება. პლუს, არის საარჩევნო წელი, მაგრამ მთავარი არის საგანგებო მდგომარეობიდან გამოსვლა, საფრთხეების ნეიტრალიზება, რომ ნორმალური არჩევნები ჩატარდეს.

არჩევნები უნდა ჩატარდეს შემოდგომაზე, ეს კონსტიტუციური ნორმაა. თუ რაიმე სახით არჩევნებს საფრთხე დაემუქრება, რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს საგანგებო ვითარება, ანუ საგანგებო მდგომარეობა უნდა გაგრძელდეს, სხვა მხრივ არავითარი მდგომარეობა არ არის არჩევნების გადადების. რაც შეეხება საარჩევნო ცვლილებას, აქაც ეს მდგომარეობაა. შეთანხმება არის პოლიტიკურ ძალებს შორის და მის რეალიზებას უნდა პოლიტიკური ცვლილება. საკონსტიტუციო ცვლილებებს სჭირდება გარკვეული დრო, მაგრამ ეს დრო ივნისიც რომ იყოს, არჩევნები მოესწრება“, – აცხადებს დავით ზარდიაშვილი.

რაც შეეხება წერილს, როგორც ანალიტიკოსი for.ge–სთან საუბრისას აცხადებს, ოპოზიციის მიზანია, რამენაირად დარჩნენ ყურადღების ცენტრში და თავისი თავი დააფიქსირონ.

„ჩვენ რასაც ვუყურებთ, ეს არის დესტრუქციული ძალა. მთავრობას აქვს რეიტინგი, მისი მოქმედება არის ეფექტიანი, კრიზისული მდგომარეობის ადეკვატური და ეს გასაგებია, მაგრამ დღესაც კი შეუძლია ოპოზიციას, რომ თავისი ფუნქცია მოძებნოს და კონსტრუქციულ რეჟიმში გადაიყვანოს. ამ კრიზისმა გვაჩვენა, რომ რაღაც–რაღაცეები ფუნდამენტალურად მნიშვნელოვანია, მაგალითად - ბანკების თემა. მთავრობას არ აქვს ინსტრუმენტი მიეხმაროს ეკონომიკას, გარდა ბანკებისა.

ასევე პრობლემაა საარჩევნი სისტემა, იმიტომ, რომ საარჩევნო ძალებთან შეთანხმება ახლახანს მოხდა და ამას რეალიზაცია სჭირდება. იმის მაგივრად, რომ კონსტრუქციულ დიალოგში წაიყვანონ და საფრთხე არ შექმნა ქვეყნისთვის, ვერ ხვდებიან. გადაწყობას ვერ ახერხებენ. ვერ ახერხებენ ხალხს დაანახონ, რომ ხალხის ინტერესებით მოქმედებენ, პირიქით იქცევიან.

მთელი მათი დღის წესრიგი არის ანტისახელმწიფოებრივი. არც ტვინი აქვთ, არც სინდისი. ბოლო–ბოლო როგორ უნდა იარსებონ? ოპოზიცია ეძებს და ვერ პოულობს თავის ფუნქციას. თუ თავის თავში არ ჩაიხედეს, რატომ არიან ასეთი, არაფერი საშველი არ არის. არჩევნებს, რა თქმა უნდა, წააგებენ, მაგრამ მერე რა უნდა გააკეთონ, ამის გაანალიზებაც არ შეუძლიათ. არჩევნები გარიყავს ოპოზიციას, რადგან მთელი მათი დღის წესრიგი არის ანტისახელმწიფოებრივი“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილმა.

 

 

ზურაბი სამწუხაროდ ქვეყანაში ოპოზიცია არ არსებობს, ეგ ხალხი ოპოზიციონერობას რომ იბრალებს, უმეტესი ნაწილი კრიმინალია, აგრეთვე 2 კაციანი ვითომ პარტიები.ხელისუფლებაში რომ იყვნენ "ოპოზიციის" ნაწილი,ქვეყანას სისხლი ქვეყანაში სისხლის გუბეები დააყენეს,ყოფნით თავხედობა თავის თავს პოლიტიკოსი უწოდოს..
3 წლის უკან