ზურაბ მიქაძემ უშუალო ბრძანების გამცემი ამხილა

ზურაბ მიქაძემ უშუალო ბრძანების გამცემი ამხილა

სამართალდამცავები 8 წლის შემდეგ, 2004 წლის 23 ნოემბრის ღამეს, გიორგობას, თბილისში მომხდარი შემზარავი მკვლელობის საქმეს ხელახლა მიუბრუნდნენ. მართალია, 19 წლის დედისერთა ბიჭის, ამირან (ბუტა) რობაქიძის მკვლელობის საქმეზე განაჩენიც გამოტანილია, ბრალდებულმა სასჯელიც მოიხადა და ახლა უკვე თავისუფალია, წლებია ამ საქმეზე ხმაური არ შეწყვეტილა. მოკლულის ოჯახი და საზოგადოება დამნაშავის მსუბუქი მუხლით გასამართლებას აპროტესტებდა. ისიც ცნობილია, რომ ვარდების რევოლუციის წლისთავზე პატრულის იმიჯი რომ არ შელახულიყო, პატრულის თანამშრომლის მიერ ჩადენილ დანაშაულს თავისი სახელი არ დაერქვა. პირიქით, ძალოვნების ფანტაზია ისე შორს წავიდა, რომ სრულიად უდანაშაულო ბიჭები კრიმინალებად შერაცხეს. მოკლულის ოჯახი იძულებული გახდა, თავად გაერკვია სიმართლე. ყველა დამნაშავე ჩინოვნიკის ვინაობა დაადგინა, ამას ექსპერტიზის დასკვნაც დაერთო და 8 წლის განმავლობაში საქმის გამყალბებლების დასჯას უშედეგოდ ითხოვდნენ. ახალი ხელისუფლების მოსვლისთანავე, ბუტას მამამ პროკურატურაში სარჩელი შეიტანა და მისი შვილის საქმის ხელახალი გამოძიება მოითხოვა.

ყველაფერი ასე დაიწყო: "2004 წლის 23 ნოემბერს ბუტამ მთელი დღე სახლში გაატარა, მეგობრები ურეკავდნენ, მაგრამ ბინიდან არ გასულა, რადგან კბილი სტკიოდა. საწოლზე წამოწოლილი იყო, როცა საღამოს 9 საათზე, ირაკლი მიქაბერიძემ დაურეკა და მასთან შესახვედრად წავიდა. ძალიან შევშფოთდი. - დედა, მეგობარს შევხვდები და მალე მოვალო, - მითხრა. მერე გავიგე, ირაკლი მისი ჯგუფელი ყოფილა. ახალი დამეგობრებულები იყვნენ და უთქვამს, ჩემს მეგობრებს გაგაცნობო. დიდუბეში მათთან წავიდა", - ასე იხსენებს იმ საბედისწერო დღეს ია მეტრეველი. გვიანობამდე ბიჭები ერთად იყვნენ. ექსპერტიზით დადგენილია, რომ არც ერთი მთვრალი არ ყოფილა. ერთ-ერთის მანქანაში ბოლოს 6 ახალგაზრდა ჩაჯდა და სახლში ბრუნდებოდნენ, როცა პატრულის თანამშრომელმა დიდუბის ეკლესიის წინ გააჩერა. ბიჭები მანქანიდან გადმოვიდნენ. ცნობილია, რომ პატრულს ბუტამ გიორგობა მიულოცა და ეკლესიის წინ პირჯვარიც გადაიწერა. ახალგაზრდები პოლიციელს ესაუბრებოდნენ. მისი მეწყვილე მანქანაში იჯდა. მოულოდნელად, პატრულის მეორე ეკიპაჟიც გაჩერდა. როგორც ირკვევა, ისინი მეწყვილემ გამოიძახა. მეორე მანქანიდან მთვრალი პოლიციელები გადმოვიდნენ. ისინი შეიარაღებულები იყვნენ. მოკლულის მეგობრების თქმით, პოლიციელები იგინებოდნენ და ყველას ასფალტზე დაწოლა უბრძანეს. ერთმა ბუტასაც შეაგინა. ხელებაწეულმა ახალგაზრდამ ჰკითხა, - დედას რატომ მაგინებო. ამას გასროლა მოჰყვა. ბუტა წაიქცა.

მისმა მეგობრებმა ყვირილი ატეხეს და "სასწრაფოს" გამოძახება ითხოვეს. იარაღმომარჯვებული პატრულის თანამშრომლები კი ასფალტზე პირდაღმა გაწოლილ მის მეგობრებს განძრევის საშუალებას არ აძლევდნენ. ასე მათ სამი საათი გაატარეს. ეს დრო ძალოვნებს იმ საქმის შესათხზავად დასჭირდათ, რაც შემდეგ საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა. შემთხვევის ადგილზე ძალოვანი სტრუქტურის მაღალჩინოსნები მალე მივიდნენ. ასფალტზე გაწოლილ ბიჭებს ესმოდათ, როგორ თხზავდნენ ვერსიებს. ბოლოს, მაღალჩინოსანმა ბრძანება გასცა: "რას უყურებთ, გაძეძგეთ იარაღებით, ამას მე ხომ არ გავაკეთებ!" მართლაც, ბრძანება ოპერატიულად შესრულდა. უამრავი იარაღი მოიტანეს და მანქანაში მთელი არსენალი გაჩნდა. შს სამინისტროს კამერამ უკვე იარაღიანი ბიჭები გადაიღო და ვერსიაც შეითხზა. საპატრულო პოლიციის უფროსმა, ზურაბ მიქაძემ მაშინ ტელევიზიებთან ასეთი კომენტარი გააკეთა: "დაკავებულია შეიარაღებული ყაჩაღური ჯგუფი, რომლებმაც წინააღმდეგობა გაუწიეს პოლიციელებს და ერთი ლიკვიდირებულია".

მაშინ ბუტას მეგობრების წინააღმდეგ იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით საქმეც აღიძრა და 3 მათგანი 5 თვე ციხეშიც იჯდა. მაშინდელი სახალხო დამცველის, სოზარ სუბარის მწვავე მოხსენების შემდეგ, ბიჭებს პატიმრობა მსუბუქი სასჯელით შეუცვალეს, თუმცა წლების მანძილზე პრობაციონერები იყვნენ. დღეს კი ახალი მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი აცხადებს, რომ ბრალდება, რომელიც გარდაცვლილ ახალგაზრდას და მის მეგობრებს წაუყენეს, ყალბია და არ შეესაბამება სინამდვილეს. პროკურატურამ პასუხისგებაში უკვე მისცა თბილისის საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი, ზურაბ მიქაძე. გამოძიების ვერსიით, ზურაბ მიქაძემ 2004 წლის 24 ნოემბერს, დაახლოებით ღამის 01:30 საათზე, დიდუბის პანთეონის მიმდებარე ტერიტორიაზე, შემთხვევის ადგილზე ყოფნის დროს, საპატრულო პოლიციის თანამშრომელი აიძულა გამოძიებისთვის ცრუჩვენება მიეცა. ამ ჩვენების მიხედვით, ბუტა რობაქიძე და მისი მეგობრები შეიარაღებული იყვნენ და ყაჩაღური დაჯგუფების წევრებად გამოცხადნენ. გამოძიებით დადგინდა, რომ ბუტა რობაქიძის მკვლელობის შემდეგ შემთხვევის ადგილზე მივიდნენ საპატრულო პოლიციის, ქალაქის მთავარი სამმართველოს უფროსი და პოლიციის სხვა თანამშრომლები. მათ პოლიციის იმიჯის მოსალოდნელი შელახვისგან თავის არიდების მიზნით ჩაიდინეს დანაშაული. კერძოდ, ზურაბ მიქაძემ სხვა პირებთან ერთად, გამოძიებით დაუდგენელ დროს, დაუდგენელი პირისგან მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა საპატრულო პოლიციის ორი მანქანით მიიტანა შემთხვევის ადგილზე. ამის შემდეგ, მისივე დავალებით, პოლიციის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა მტკიცებულებების ფალსიფიკაციის მიზნით დაალაგეს შემთხვევის ადგილზე.

ამირან რობაქიძის გვამთან დადეს "კალაშნიკოვის" სისტემის ავტომატი ერთი მჭიდითა და 27 ვაზნით, ხოლო სხვა პირებს გაუნაწილეს ადგილზე მიტანილი იარაღი, საბრძოლო მასალა და ამგვარად შეიტანეს მათთვის სასურველი მონაცემები დათვალიერებისა და პირადი ჩხრეკის ოქმებში. ზურაბ მიქაძემ შემთხვევის ადგილზე ყოფნის დროს აიძულა საპატრულო პოლიციის თანამშრომელი გ. ჭ. გამოძიებისთვის ცრუ ჩვენება მიეცა ხელოვნურად შექმნილ მტკიცებულებებზე, რაც ამ უკანასკნელმა შეასრულა", - ამბობს არჩილ კბილაშვილი. ამ ბრალდებით წარდგა სასამართლოს წინაშე ზურაბ მიქაძე, მოსამართლე ნატო ხუჯაძემ კი არ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და მიქაძე 16 000-ლარიანი გირაოს გადახდის სანაცვლოდ, პატიმრობიდან გაათავისუფლეს. მიქაძე ამჟამად სახლში იმყოფება. მან გამოძიებას უკვე მისცა ჩვენება და როგორც მისი ადვოკატი აცხადებს, ის პირიც დაასახელა, ვინც უშუალოდ ამ ბიჭებისთვის იარაღის ჩადების ბრძანებაც გასცა. სოსო რობაქიძე ზურაბ მიქაძის გათავისუფლებას აპროტესტებს და იმ მოსამართლის დასჯასაც მოითხოვს, რომელმაც მას გირაო შეუფარდა. ეს გადაწყვეტილება მან უკვე გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოში. თვლის, რომ მიქაძე საშიში დამნაშავეა და მან შესაძლოა მოწმეებზე ზეწოლა ისევ მოახდინოს.

ია მეტრეველი, ბუტას დედა:
- ჩემს შვილს სიცოცხლე წაართვეს, უმოწყალოდ მომიკლეს, საშინელ დღეში ჩააგდეს მისი მეგობრები, ამხელა ტყუილს აბრალებდნენ... სიმართლე გითხრათ, ველოდი იმ დღეს, როცა ქვეყანაში აღდგებოდა სამართალი. მიქაძის დაკავება რომ მოხდა, მთელი თბილისი მილოცავდა. საზოგადოების ინტერესი იმდენად დიდი იყო ამ საქმეზე, რომ ბუტას ტრაგედია ერთი ოჯახის ტრაგედიას გასცდა. სამწუხაროდ, ბუტათი დაიწყო ამ ხელისუფლებამ და მივიდნენ იქამდე, რომ 140 ახალგაზრდა დახვრიტეს უმოწყალოდ. მიქაძის გამოშვება გირაოთი უკანონობაა. თანაც, მიქაძეს მიზერული თანხა გადაახდევინეს. რა თქმა უნდა, ვიცი, რომ ისევ კუბლაშვილის ხელშია სასამართლო, მაგრამ მაინც არ ვფიქრობდი, ამას თუ გაბედავდნენ. ყველა დეტალი ჩემი შვილის საქმეზე არ არის ჩემთვის ცნობილი. ვიცი, რომ მიქაძე, რომელმაც იარაღი მოიტანა, აქტიურად იყო ჩართული ამაში. დამნაშავეა გვაზავაც. დანარჩენებიც ალბათ გამოჩნდებიან. პასუხი უნდა აგონ პატრულის იმ თანამშრომლებმაც, რომლებიც ცრუჩვენებას იძლეოდნენ. პასუხი უნდა აგოს გურამ დონაძემ. ის და მიქაძე საერთოდ, სასამართლოში დაკითხვაზეც კი არ მოსულან. დონაძე საერთოდ უარყოფს იქ ყოფნას. არადა, ეს ცნობილია. როცა ეს ტრაგედია მოხდა და ტელევიზიით სიცრუე გადაიცა, ბუტას მამიდამ მეორე დღეს დონაძეს დაურეკა და უთხრა, - ჯერ გაარკვიეთ, ვინ არის ეს ბავშვი და მერე დააბრალეთ, ასეთი რამეს რომ აბრალებთ, არ გრცხვენიათო? მაშინ მას დონაძე დაემუქრა, - თქვენ ნახავთ, ახლა რასაც ვიზამო.

მართლაც, რამდენიმე წუთში "სოდელები" თუ ვიღაც პირები მივიდნენ მამიდის სახლში და კარზე ბრახუნი ატეხეს. მამიდამ კარი არ გაუღო და მოითხოვა მეზობლების მოყვანა. მაშინ დაემუქრნენ. რომ ჰკითხო, დონაძე იქ არ იყო. მან ყალბი ცნობაც კი გააკეთა კარგა ხნის შემდეგ, რომ ვითომ მივლინებაში იყო. სინამდვილეში დონაძეც მთავარი მოქმედი პირი გახლდათ. გარდა ამისა, არსებობს მისი მუქარის წერილები, რომელიც ბუტას ბაბუას გამოუგზავნა და შემოთვლები, - ჭკვიანად იყავით, თორემ ნახავთ, რას ვიზამო. როცა აქტიურად ვითხოვდით საქმის გამოძიებას, ეს მუქარები ბუტას ბაბუის ოჯახზე ხორციელდებოდა. ხელებაწეულ ბუტას ესროლა ბაშალეიშვილმა. ვითომ გაუვარდა იარაღი და 4 წელი მიუსაჯეს. თუმცა, თავის პირველ ჩვენებაში წერდა, დამიზნებით ვესროლე, რადგან ხელში ავტომატი ეჭირა და მე მესროდაო. ამ ტრაგედიის შემდეგ, 8 თვე მუშაობდა ისევ საპატრულო პოლიციაში. ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი. ამდენი წელი გავიდა, მაგრამ ჩემთვის ეს თითქოს გუშინ იყო. ახლიდან გამეხსნა ეს ჭრილობა. აღმაშფოთებელი იყო არჩევნებამდე მერაბიშვილის მიერ გაკეთებული განცხადება, - ამ ბიჭების ჩახოცვა რომ მოხდა, იმიტომ ვართ კარგად, რომ კრიმინალი არ არისო. არადა, უდანაშაულო ბიჭები ამოხოცეს. როგორ იქნებოდა კრიმინალი, როცა თვითონ იყვნენ კრიმინალები და მათი შიშით რაიმის ჩადენას ვინ გაბედავდა? უნდა დადგეს მერაბიშვილის პასუხისმგებლობის საკითხიც, რადგან ის ხელმძღვანელობდა მაშინ ყველაფერს.

კობა კობახიძე, ზურაბ მიქაძის ადვოკატი:
- ზურაბ მიქაძე იყო ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ვაკეში, მერე წამოვიდა იქიდან სხვა სამსახურში და თურმე იქ დატოვა იარაღის არსენალი. მერე გადმოზიდა დაუდგენელი პირისგან შეძენილი იარაღი დაუდგენელ ადგილას და ინახავდა დაუდგენელ პირებთან ერთად. ეს იარაღი შემდეგ გადაიტანა და გასცა განკარგულება, რომ ეს ჩაედოთ რობაქიძისა და მისი მეგობრებისთვის. ასეთია მისთვის შერაცხული ბრალდება. ახლა დასკვნა თქვენ გააკეთეთ. მას მერე კაცი უშიშროების საბჭოში მუშაობდა, მერე შსს-ში და მალავდა იარაღს. მაშინ ხომ შეიძლებოდა, სახლშიც ჰქონოდა იარაღი? რატომ არ ჩაატარეს მის ბინაში ჩხრეკა? რობაქიძის საქმის მასალებსაც გავეცნობი. ფაქტია, ამ მკვლელობასთან კავშირში არ არის ზურა მიქაძე და ინფორმაცია არასწორად ვრცელდება. მას ამ ფაქტის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს აბრალებენ. არ უნდა ასოცირდებოდეს მისი სახელი მკვლელობასთან. მასაც ჰყავს ოჯახი. დანაშაული უკვე მომხდარი იყო, როცა ის შემთხვევის ადგილზე მივიდა. დადგენილია და ფაქტია, რომ თავიდან იარაღი არ იყო - მერე გაჩნდა. ის პერიმეტრს აკონტროლებდა. კერძოდ - მანქანების მოძრაობას. ამ დროს უკვე შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა მთელი კრიმინალური პოლიცია. იქ იყო გორგოძე, გვაზავა, ზურაბ ბაქრაძე და მთელი ქალაქის კრიმინალური პოლიციის შემადგენლობა, უფორმოდ. წარმოიდგინეთ, მაშინ გამომძიებელიც არ მიუშვეს შემთხვევის ადგილზე, პოლიცია აკონტროლებდა სიტუაციას. მიქაძემ დაინახა იარაღი და გაიგონა, რომ კრიმინალური პოლიციის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა თქვა, - "გაძეძგეთ ყველაფერი იარაღით, მე უნდა მემუშავა თქვენ მაგივრად?" მიქაძე ამ ჩინოსნის გვარს ასახელებს თავის ჩვენებაში, ის ადრე არავის დაუსახელებია, თუმცა ბევრმა იცოდა.

მიქაძემ გადადგა ეს ნაბიჯი და თქვა სიმართლე. ეს სწორედ ის პერსონაა, რომელზეც ამჟამად დაზარალებული აზარიაშვილი, ბუტას მეგობარი ამბობს: ის კაცი ამბობდა ბუტაზე - ამას ენა აქვს მგონი გადმოგდებული, უნდა ამოვაჭრათ, ამის დედაც! - ეს ჩვენებებიც საქმეშია. ვინ იტყოდა ამას, ყველამ კარგად იცის. მიქაძე დანაშაულის დაფარვაში ცნობს თავს დამნაშავედ. ის ამბობს იმას, რა ფაქტიც ნახა. ამ დროს უკვე ფსიქოლოგიური გავლენის ქვეშ იყო. ის აღიარებს დანაშაულს და იმას, რომ არ თქვა სიმართლე, მაგრამ ეს არის თანამდებობის ბოროტად გამოყენება და არა - სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება. მერწმუნეთ, მთელი 8 წელი ამის გამო ვერ ისვენებდა ეს კაცი, ამიტომ დიაბეტიც დაემართა, იმდენად განიცდიდა", - ამბობს ადვოკატი. ამ 8 წლის განმავლობაში მიქაძე არც ერთხელ არ დაუკითხავთ. პირველად ახლა დაჰკითხეს, თქვა კიდეც სიმართლე და დაასახელა ბრძანების გამცემი. ეს სოსო რობაქიძესაც უთხრა. გამოძიებამ იცის მისი ვინაობა. არ ვიცი, რატომ არ უნდათ, ის პირი სამართალში მისცენ, ვინც რეალურად ეს ბრძანება გასცა და ვინაობაც იციან. იარაღთან არავითარი კავშირი მიქაძეს არ ჰქონია, ის თავს დამნაშავედ არ ცნობს.

როგორც ჩანს, მაშინდელი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილიც საქმის კურსში იყო. ისიც ცნობილია, რომ ამ საქმის ირგვლივ ისიც დაიკითხება. უკვე დაჰკითხეს ძალოვნებმა შს მინისტრის ყოფილი მოადგილეები - ლევან გვაზავა და გია ლორთქიფანიძე. ჯერჯერობით უცნობია, დაიკითხა თუ არა მაღალჩინოსანი ბაქრაძე. არც დონაძე გამოჩენილა პროკურატურაში. ფაქტია, გამოძიება მიმდინარეობს და ყველა დეტალს ფარდა აეხდება. მოკლულის ოჯახი პოზიციის შეცვლას არ აპირებს და უკლებრივ ყველა იმ პირის დასჯას მოითხოვს, რომლებიც ამ გაყალბებაში მონაწილეობდნენ.