მიუნხენის „ბაიერნმა“ 24 საათში კლუბის სიმბოლიკის გამოსახულებიანი 100 ათასი პირბადე გაყიდა. ინფორმაციას ამის შესახებ საფეხბურთო კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
თითოეული პირბადე დამზადებულია შარფებისგან, რომლებიც „ბაიერნის“ საშინაო არენაზე, ლონდონის „ჩელსის“ წინააღმდეგ მატჩამდე უნდა დარიგებულიყო. შარფები მიუნხენური კლუბის 120 წლის იუბილესთან დაკავშირებით დამზადდა.
პირბადეების გაყიდვიდან შემოსული თანხა ჩაირიცხება ინიციატივა We Kick Corona-ს ანგარიშზე, რომელიც გერმანიის ნაკრებისა და „ბაიერნის“ ორმა ფეხბურთელმა - იოზუა კიმიხმა და ლეონ გორეცკამ წამოიწყეს. ინიციატივა We Kick Corona კორონავირუსთან მებრძოლ საქველმოქმედო, სოციალურ და სამედიცინო დაწესებულებებს ეხმარება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.