ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდინიო პარაგვაიში მის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებას გამოეხმაურა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Sun-ი ავრცელებს. ექს-ფეხბურთელის თქმით, მან არ იცოდა, რომ მისი პასპორტი ყალბია.
„როდესაც ამის შესახებ გავიგე, ყველაფრის გასარკვევად გამოძიებასთან თანამშრომლობა ვარჩიე. ვლოცულობ, რომ ყველაფერი კარგად დასრულდეს. როდესაც გავიგე, რომ პატიმრობა შემიფარდეს, ეს ძალიან მძიმედ გადავიტანე. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ მსგავს სიტუაციაში აღმოვჩნდებოდი“, - განაცხადა ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა.
რონალდინიო და მისი ძმა პარაგვაის პოლიციამ 4 მარტს სასტუმროს ნომერში ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ დააკავა, როდესაც სამართალდამცველებმა ძმების ნივთებს შორის ყალბი პასპორტები აღმოაჩინეს. 8 მარტს 39 წლის ექს-ფეხბურთელს და მის ძმას სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
8 აპრილს სასამართლომ რონალდინიოსა და მის ძმას წინასწარი პატიმრობა შინაპატიმრობით შეუცვალეს. ყოფილი ფეხბურთელი და მისი ძმა შინაპატიმრობას ასუნსიონის ერთ-ერთ სასტუმროში მოიხდიან და თითოეული მათგანი 800 ათასი დოლარის გირაოს გადაიხდის.