საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებისა და ესპანური „ბასკონიას“ კაპიტნის, თორნიკე შენგელიას თავის რიგებში ხილვა მადრიდის „რეალს“ სურს. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანეთის ერთ-ერთი ავტორიტეტული სპორტული გამოცემა Defensacentral-ი ავრცელებს.
28 წლის ქართველი ფორვარდის თამაში სამეფო კლუბის მთავარ მწვრთნელს, პაბლო ლასოს მოსწონს. კლუბის ხელმძღვანელებს ტრანსფერის განხორციელება სწორედ მან მოსთხოვა.
შენგელიას გადაბირების შემთხვევაში, "რეალს" ლეგიონერების კვოტასთან დაკავშირებული პრობლემები არ შეექმნება, ვინაიდან გუნდში დიდი ცვლილებები იგეგმება და სალაჰ მეჯრისა და კიდევ რამდენიმე კალათბურთელის წასვლა თითქმის გადაწყვეტილია.
შენგელია „ბასკონიაში“ 2014 წლიდან თამაშობს და სეზონის დაწყების წინ კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2022 წლამდე გაახანგრძლივა.