სულხან-საბას საფლავი აღმოჩენილია?!

სულხან-საბას საფლავი აღმოჩენილია?!

თითქმის საუკუნეა, ქართველი მეცნიერები დიდი ქართველის, სულხან-საბა ორბელიანის საფლავს ეძებენ. არ არის ცნობილი, რამ შეუშალათ ხელი გოგლა ლეონიძეს და პაოლო იაშვილს თითქმის მოძიებული ნეშტის გადმოსვენებაში, დღეს კი ამ საქმის ინიციატორები გადმოსვენებაში დაბრკოლებებს ნამდვილად აწყდებიან.

მას შემდეგ, რაც ტანძიაში სულხან-საბა ორბელიანის სახელობის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა აკადემია დაფუძნდა, აკადემიის წევრებმა სულხან-საბას საფლავის მოძიება და მისი სამშობლოში გადმოსვენება გადაწყვიტეს. ამის თაობაზე ლევან მამალაძემ პრეზიდენტს წერილით მიმართა და სპეციალური კომისიის შექმნა სთხოვა.

ადგილზე სიტუაციის გასაცნობად რამდენიმე კვირის წინ მოსკოვში იმყოფებოდა ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე, ზურაბ კობიაშვილი, რომელიც ისტორიულ წყაროებს გაეცნო და საფლავის მოსაძიებლად ოფიციალური ნებართვა მიიღო.

ზურაბ კობიაშვილი:

- არანაირი პრეტენზია არა გვაქვს, რომ სულხან-საბას განსასვენებლის ადგილს მეცნიერულად ვასაბუთებთ. პირიქით, მეცნიერებს ვუმზადებთ ნიადაგს, რომ ჩავიდნენ და გამოიკვლიონ მეცნიერულად.

რატომ მაინცდამაინც მოსკოვში?

-რატომ წავიდოდი სხვა ტაძარში, თუ ისტორიული წყაროებიდან ვიცი, რომ იგი ვსეხსვიატსკოეს ტაძარში განისვენებს და ეს ტაძარი მოსკოვშია? ეს იმდენად ფაქიზი თემაა, რომ ამისი არც გახმაურება იყო საჭირო და არც აჟიოტაჟის ატეხა. მე მოსკოვში არ მითქვამს, რომ სულხან-საბას გადასასვენებლად ჩავედი.

ჯერ უნდა მივაკვლიოთ, სად არის და შემდეგ მოვიწვევთ მეცნიერებს. კონსულტაციები მქონდა ისტორიისა და არქეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორთან, გივი ღამბაშიძესთან, რომელმაც განაცხადა, რომ სულხან-საბა, სავარაუდოდ, ვსეხსვიატსკოეს ტაძარში უნდა იყოს დაკრძალული. ეს ეჭვი ამავე ტაძრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ სემიონოვმაც დამიდასტურა. მისი თქმით, სულხან-საბა ტაძარში განისვენებს და ადგილიც მიმითითა, რადგან 30-იან წლებში მეტროს მშენებლობის დროს, რომელიც ტაძრის გვერდით გადის, ეკლესიის სარდაფები მიწით ამოივსო და ის ადგილიც დაიფარა, სადაც იგი განისვენებს.

სარდაფების დათვალიერებისას ვნახე, რომ ტაძრის უმეტესი ნაწილი გამოსუფთავებულია, მაგრამ მაინცდამაინც ის ნაწილი, სადაც მიგვითითებენ, რომ სულხან-საბა არის დაკრძალული, ამოვსებულია. ეკლესიას თავისი არქივი აქვს, სადაც შესვლის უფლებაც მოვიპოვეთ და რაც მთავარია, გვაქვს უფლება, სარდაფში ჩაყრილი მიწა გამოვიტანოთ.

ახლა კომისიის შექმნას ველოდებით. მოსკოვიდან რეკავენ, როდის ჩამოხვალთო.

ამ ეტაპზე თუ არის ცნობილი, რა თანხა იქნება საჭირო?

- ჯერ არ ვიცით. შემოწირულობებით ეს ვერ მოხერხდება, ჩვენ კი ბიუჯეტი არა გვაქვს. დახმარებას მოსკოვში მცხოვრები ქართველები გვპირდებიან, ნაწილს ბოლნისის რაიონიც გაიღებს. შესაძლებელია, არქივებში ისეთ რამეს მივაკვლიოთ, სულაც აღარ იყოს საჭირო მისი გადმოსვენება.

რაც შეეხება ისტორიულ წყაროებს, მასზე ბევრს საუბრობენ, თუმცა ისტორიკოსები სულხან-საბას განსასვენებლის შესახებ არაფერს აკონკრეტებენ.

„ალიასთან“ საუბარში აკადემიკოსმა მარიამ ლორთქიფანიძემ განაცხადა, რომ ამის შესახებ არაფერი იცის. სამაგიეროდ რუსი ისტორიკოსები დაბეჯითებით გვარწმუნებენ, რომ სულხან-საბა ორბელიანი განისვენებს მოსკოვში, ვსეხსვიატსკოეს, ანუ ყველაწმინდის ტაძარში. რაც შეეხება ყველაწმინდის ეკლესიას, იგი მოსკოვის გარეუბანშია, სადაც პეტრე პირველის საზაფხულო რეზიდენცია ყოფილა.

პეტრე დიდის დროს იგი მფლობელობაში იმერეთის მეფის, არჩილის შვილს, დარეჯანს გადაეცა. დარეჯანის გარდაცვალების შემდეგ ტაძარს ვახტანგ მეექვსის შვილი ხელმძღვანელობდა. ვსეხსვიატსკოეში, ვახტანგ მეექვსესთან ერთად, საქართველოდან 1500 ქართველი ჩასულა, რომელთა შორის იყო ხუთი არქიმანდრიტი და ხუთი ეპისკოპოსი.

წიგნში, რომელიც ვსეხსვიატსკოეს ეკლესიაზე მოგვითხრობს, სულხან-საბას შესახებ წერია: „არსებობს გადმოცემა, რომ ტაძარში ერთ-ერთ აკლდამაში იპოვა თავისი მუდმივი განსასვენებელი დიდმა ქართველმა პოეტმა და მწერალმა, ქართლის სამეფოს სახელმწიფო მოღვაწემ და ღვთისმსახურმა, წმინდა დავით გარეჯელის სახელობის მონასტრის არქიმანდრიტმა, სულხან-საბა ორბელიანმა.“

სულხან-საბას ვსეხსვიატსკოეს ტაძარში განსვენების შესახებ იუწყება რუსეთის საპატრიარქოც, რომელმაც კობიაშვილს მოსწერა: „ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი ტაძრის საცავებში განისვენებს მთელს მართმადიდებლურ სამყაროში ცნობილი თქვენი თანამემამულის, არქიმანდრიტ საბას ნეშტი (სულხან-საბა ორბელიანი)“.

სულხან-საბას ნეშტის გადმოსვენების ინიციატორის, ქვემო ქართლის გუბერნატორის, ლევან მამალაძის თქმით, „ნეშტის მოძიების ინფორმაციის გავრცელებისთანავე უამრავი ხელის შემშლელი ქმედება ხორციელდება. მაგალითისთვის ავიღოთ ახლახან ინტერნეტში ერთ-ერთ რუსულ საიტზე გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც სულხან-საბა ეჩმიძინშია დაკრძალული. ეს ინფორმაცია სომეხ ჟურნალისტს ეკუთვნის და, სავარაუდოდ, ჭეშმარიტების დადგენისთვის ხელის შეშლას ემსახურება, რაშიც შესაძლოა, პრორუსული ძალები იყვნენ დაინტერესებულნი.“