ქართულმა ფარმაცევტულმა კომპანიებმა ფასების გაძვირება მოილაპარაკეს?!

ქართულმა ფარმაცევტულმა კომპანიებმა ფასების გაძვირება მოილაპარაკეს?!

ლარის კურსის ვარდნა პირველად მედიკამენტების ფასზე აისახა. ფარმაცევტული კომპანიები ამბობენ, რომ ფასები ძველ ნიშნულს ლარის კურსის დაწევისთანავე დაუბრუნდება.

სიძვირის გამო ისედაც ჯანდაცვის გარეშე დარჩენილი მოსახლეობისთვის მედიკამენტების კიდევ უფრო გაძვირებამ უკვე საპარლამენტო უმრავლესობაშიც გამოიწვია უკმაყოფილება.

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ქრისტიან–დემოკრატმა, მაგდა ანიკაშვილმა წამლების გაძვირება გააპროტესტა და აღნიშნა, რომ ლარის კურსის ცვალებადობით სპეკულირება ხდება. მას სახელისუფლებო პარტიაც არათუ ჩამორჩა, პარლამენტის ვიცესპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა "არაპატიოსან" ბიზნესმენებს, რომლებიც ხელიდან არ უშვებენ შანსს, ქოქოლა აყარა: "ოღონდ მიზეზი მიეცეთ და ფული ჩაიდონ ჯიბეში!".

ნებით თუ უნებლიეთ მაჭავარიანის ადრესატები სწორედ ის ბიზნესკომპანიები და ბიზნესმენები აღმოჩნდნენ, ვისი სახელებიც აქტიურად უკავშირდება სახელისუფლებო პარტიას. "პეესპე”-ს დამფუძნებელი კახა ოქრიაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის წევრია, "ავერსის" ხელმძღვანელი პაატა კურტანიძე, როგორც ოპოზიცია ამბობს, სამედიცინო ბაზარზე სწორედ სახელისუფლებო ლობის შემწეობით აყვავდა. "ჯიპისი", რომლის მეწილეც ავთო ჯორბენაძე იყო, ვარდების რევოლუციის შემდეგ ვანო მერაბიშვილის სახელს დაუკავშირდა.

სწორედ ეს კომპანიები წარმართავენ დღეს ფარმაცევტულ ბაზარს და ამაზე რამდენიმე თვის წინ პრეზიდენტმაც კი გამოთქვა პროტესტი. ეს მაშინ იყო, ახალმა მემარჯვენეებმა მთელი საქმე რომ დადეს, როგორ და რა მოგებას ნახულობენ წამყვანი ფარმაცევტული კომპანიები და მათი დათვლით, ხშირ შემთხვევაში, მედიკამენტებით მოგება 800 პროცენტია. ამ განცხადებიდან ორ დღეში მიხეილ სააკაშვილი ჯანდაცვის მინისტრ სანდრო კვიტაშვილის თანხლებით ესტუმრა თბილისელ პენსიონერებს და მრისხანების წვიმა დაატეხა ფარმაცევტ მონოპოლისტებს. ორ დღეში სააფთიაქო კომპანიები ერთმანეთს ასწრებდნენ ტელევიზორში ფასდაკლებების გამოცხადებას. მაშინ წინასაარჩევნო პერიოდი იყო და ფასების კლება დიდხანს არ გაგრძელებულა.

ფასების მატებას ოპოზიცია ისევ არჩევნებს უკავშირებს. მათი არგუმენტებით, ფარმაცევტულმა კომპანიებმა ადგილობრივი არჩევნების დროს ნაცმოძრაობის გამარჯვებისთვის გვარიანი ფული გაიღეს და ამჯერად ხელისუფლების მხრიდან ხალხზე ნებადართულ "რეკეტს" ეწევიან, სახელისუფლებო პარტიის გამარჯვებისთვის გაღებული ხარკი ხალხის კისრიდან ამოიღონ.

ახალგაზრდა ეკონომისტთა და ბიზნესმენთა ფედერაცია (აფბა) ამბობს, რომ მედიკამენტებზე ფასები წამყვანმა კომპანიებმა 7 პროცენტით მოუმატეს, რაც არალოგიკურია. წესით, კომპანიებს წამლების გარკვეული მარაგი უნდა ჰქონდეთ, რადგან მედიკამენტების იმპორტი წელიწადში რამდენჯერმე ხორციელდება.

- ფარმაცევტულმა კომპანიებმა ზედმეტ თავის ტკივილს თავი აარიდეს და ყველა მედიკამენტის ერთი ხელის მოსმით გაძვირება არჩიეს, რაც გვაფიქრებინებს, რომ ფარმაცევტულ კომპანიებს შორის კარტელურ გარიგებას აქვს ადგილი, - განაცხადა "აფბას" პრეზიდენტმა მერაბ ჯანაშვილმა.

ახალი მემარჯვენე დავით საგანელიძის მტკიცებით, ლარის კურსის 7 პროცენტით დაცემისას არ შეიძლება მედიკამენტებზე ფასის 7 პროცენტით მატება, თუნდაც იმიტომ, რომ ბიზნესმენები გადასახადებს არა დოლარში, არამედ ლარში იხდიან, ისევე როგორც ხელფასებს. ამ თანხებს კი მედიკამენტების ღირებულებების განსაზღვრაში მნიშვნელოვანი წილი აქვს.