ლუბა ელიაშვილს თანამდებობა კახა ბექაურმა შესთავაზა

ლუბა ელიაშვილს თანამდებობა კახა ბექაურმა შესთავაზა

ცოტა ხნის წინ, პრემიერ-მინისტრის მიერ ტელეკომპანია "მე-9 არხის" ირგვლივ გაკეთებულმა განცხადებამ გაურკვევლობა გამოიწვია. მაშინ პრემიერმა თქვა: უახლოეს პერიოდში თუ მოხერხდა და "პირველი არხი" ჭეშმარიტად "საზოგადოებრივი მაუწყებელი" გახდა, რომლის ბორდის საქმიანობაც იქნება გამჭვირვალე და ყველასთვის გასაგები, ასეთ შემთხვევაში ვფიქრობ, ქონება, რომელიც "მეცხრე არხს" აქვს, "პირველ არხს" ვაჩუქო. კარგი იქნება, ტელეკომპანიის მთელი გუნდი გადავიდეს იქით. თუ ეს არ მოხერხდა, არ გამოვრიცხავ, ჭეშმარიტად საზოგადოებრივი ტელევიზია "მეცხრე არხის" ბაზაზე შეიქმნას". ამ განცხადებას ჟურნალისტების საგანგებო განცხადება მოჰყვა, რაც ნათია ლაზაშვილმა გააჟღერა. თქვა, რომ ამ ფაქტმა გაურკვევლობა და დისკომფორტი, პირველ რიგში, "მეცხრე არხის" ჟურნალისტებს შეუქმნა. "გაჩნდა ლეგიტიმური კითხვა, რატომ იყო საუბარი "მეცხრე არხის" გრანდიოზულ გეგმებზე მხოლოდ არჩევნების წინ და რატომ უნდა წავიდეს "საზოგადოებრივ მაუწყებელში" ის ხალხი, რომელსაც ამის გაკეთება ადრეც შეეძლო, მაგრამ საკუთარი პრინციპების გამო არ გააკეთა?" - ასეთი კითხვა დასვა ლაზაშვილმა, რასაც ისევ პრემიერის განმარტება მოჰყვა. მან განაცხადა, რომ არ უნდა მისი ოჯახის სახელთან იყოს დაკავშირებული ეს ტელევიზია და მზად არის, მმართველობაში გადასცეს საინტერესო ბორდს. ამ ამბიდან მოკლე ხანში ცნობილი გახდა, რომ არხის გენერალურმა დირექტორმა, კახა ბექაურმა თანამდებობა დატოვა. არხიდან წასვლაზე განცხადება პირდაპირ ეთერში ჯერ ვასილ მაღლაფერიძემ გააკეთა, შემდეგ ნათია ლაზაშვილმა განმარტა, რომ მასთან ერთად რამდენიმე ცნობილი სახე არხს ტოვებდა. სამსახურიდან წავიდა საინფორმაციოს უფროსი თამარ რუხაძე, პროდიუსერები და კიდევ რამდენიმე ჟურნალისტი. მიზეზი ახალი გენერალური დირექტორის დანიშვნა გახდა. განაცხადეს, რომ ლუბა ელიაშვილთან ვერ იმუშავებდნენ. რატომ მიიღეს მათ ეს გადაწყვეტილება, რა მოხდა "მე-9 არხზე", ამის გარკვევა ქალბატონ ლუბა ელიაშვილთან და თამარ რუხაძესთან ვცადეთ.

თამარ რუხაძე:
- კერძო კომპანიის ნებისმიერ მფლობელს აქვს ლეგიტიმური უფლება, რომ შეცვალოს მენეჯმენტი. ამაში გასაკვირი და მოულოდნელი არაფერია. პროტესტი არ მოჰყოლია მხოლოდ იმას, რომ ერთი გენერალური დირექტორი მეორით შეიცვალა. ეს საკითხი საერთოდ არ არის განსახილველი თემა, მაგრამ როდესაც საქმე ეხება სატელევიზიო არხს, ეს არის საინფორმაციო არხი და ამავე დროს პრემიერ-მინისტრის ოჯახთან დაკავშირებული, გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი ხდება, ძველი დირექტორი ვისით იცვლება. ქალბატონი ლუბას არხზე მოსვლა დირექტორად ჩემთვის იყო არა მხოლოდ მენეჯმენტის ცვლილების, არამედ დამოკიდებულების ცვლილების მიმანიშნებელი იმ საქმისადმი, რომელსაც მე ვაკეთებდი. სწორედ ამიტომ შეიძინა ამან განსაკუთრებული მნიშვნელობა. მივიჩნიეთ, ეს არ იყო შემთხვევითი ცვლილება, გაჩნდა სერიოზული ეჭვი, რომ სარედაქციო პოლიტიკა, რაც ამ 8 თვის განმავლობაში ჰქონდა "მე-9 არხს", ძალიან დიდი ალბათობით, საფრთხის ქვეშ დადგა. ქალბატონი ლუბა აქამდე იყო მოადგილე, თუმცა ის ძალიან იშვიათად ჩნდებოდა ტელევიზიაში და როგორც წესი, არ მონაწილეობდა სამუშაო რეჟიმში. გასაკუთრებით - ახალი ამბების მუშაობაში, მიუხედავად იმისა, რომ ის დირექტორის მოადგილე იყო საინფორმაციო დარგში. სულ რამდენჯერმე გვყავს ნანახი. მისი მაგიდა და კომპიუტერი იმ ოთახში იდგა, სადაც მე და ნათია ლაზაშვილი ვმუშაობდით და ის ადგილი ყოველთვის თავისუფალი და ცარიელი იყო. რატომ ვერ შეძლო მან თავისი ფუნქციის შესრულება არჩევნებამდე, ან არ შეძლო, ამას შეიძლება ბევრი სხვა მიზეზი ჰქონოდა. თავიდანვე ჰქონდა მას განსხვავებული შეხედულებები ახალი ამბების მომზადებასთან, მიდგომასთან და საერთოდ, არჩევნების გაშუქებასთან დაკავშირებით.

- კონკრეტულად რა შენიშვნები ჰქონდა?
- რა არ მოსწონდა, ეს მას ჰკითხეთ. უბრალოდ, ერთ-ერთ შეხვედრაზე ჟურნალისტებს უთხრა, რომ არ მოსწონს ის სნობური სტანდარტი, რომლითაც ჩვენ ვაკეთებთ ახალ ამბებს. მე ასე გავიგე, რომ ჩვენ ვაკეთებდით ზედმეტად "დავარცხნილ" ახალ ამბებს. მას მოსწონს "ინფო-9"-ის სტანდარტი, მიდგომა. ჩემთვის კი ძალიან დიდი სხვაობაა "ინფო-9"-ის პროდუქტსა და "მეცხრე არხის" ახალ ამბებს შორის. ჩვენ ცალსახად ვამბობთ: ამ 8 თვის განმავლობაში არ გვქონია ივანიშვილის ოჯახისგან რაიმე მითითება. ამას დაეთანხმებიან ისინიც, ვინც წამოვიდა არხიდან და ისინიც, ვინც დარჩა. ახალი ამბების ძირითადი ბირთვი საკმაოდ გამოცდილი, პროფესიონალებით დაკომპლექტებული იყო და მეც რომ მომენდომებინა და არასწორად მემუშავა, არც ერთი მათგანი ამის უფლებას არ მომცემდა. ყოველ დილით გვქონდა განხილვა იმ თემების, რასაც იმ დღეს ვაკეთებდით. არ ყოფილა ერთპიროვნული გადაწყვეტილებები. იყო ერთმანეთის მოსაზრების გაზიარების შედეგად მიღებული გადაწყვეტილება. არათუ გარედან, შიდა ჩარევაც არ ყოფილა. ამიტომაც გახდა ჩემთვის ძალიან მტკივნეული ეს ცვლილება. ჩვენ სხვა ტიპის მუშაობას მიჩვეულები რომ ვყოფილიყავით, ბუნებრივია, ასეთი რეაქცია არ მექნებოდა. ძალიან მინდა, ჩემი ეჭვი, ჩემი პროტესტი აღმოჩნდეს არასწორი. მინდა, ჩემი გადაწყვეტილება პიროვნული შეცდომა იყოს და ჩემი ეჭვები არ გამართლდეს.

- თამარ, ბევრმა ჟურნალისტმა დატოვა ტელევიზია?
- ჩემთან ერთად დატოვა რამდენიმე ჟურნალისტმა, მთავარი გამოშვების პროდიუსერმა, რეგიონის პროდიუსერმა. პროფესიონალმა ადამინებმა თვითონ მიიღეს ეს გადაწყვეტილება.

- მოვლენების ასე განვითარება ბიძინა ივანიშვილის გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა. ესეც ხომ არ იყო თქვენთვის მიუღებელი?
- ზოგადად ის დისკომფორტი, რასაც პრემიერი განიცდიდა მისი ოჯახის კუთვნილებაში არსებული ტელევიზიის გამო, აბსოლუტურად გასაგები, მისაღები და ძალიან კარგია. გასაგებია მისი სურვილი, რომ ეს ტელევიზია არ ყოფილიყო მისი ოჯახის კუთვნილება. ბექაურისგან ვიცოდით, რომ ამ ფორმის ძიება მიმდინარეობდა და მიდიოდა ფიქრი იმაზე, რა ფორმით იქნებოდა უკეთესი ამის განხორციელება, თუმცა ვიცოდით ასევე, რომ არხის დახურვაზე არ იყო საუბარი. პირველი განცხადება, რაც ივანიშვილმა გააკეთა, ძალიან უსიამოვნო აღმოჩნდა თითოეული ადამიანისთვის, მათ შორის - ჩემთვის. ეს იყო ტექნიკას მიყოლებული, გაჩუქებული ჟურნალისტები, თუმცა მერე პრემიერმა თქვა, რომ არასწორად იქნა გაგებული მისი ნათქვამი. დავსვამ მარტივ კითხვას: რატომ არ შეიძლებოდა, ამ ფორმების ძიება მომხდარიყო იმავე მენეჯმენტის ხელში, რა მენეჯმენტიც მართავდა "მეცხრე არხს". გასაგებია, რომ შეიძლება მენეჯერი არ მოსწონდა მესაკუთრეს, კი ბატონო, მაგრამ საინფორმაციო არხზე გენერალური დირექტორის მოსვლა არ უნდა იწვევდეს ბევრ კითხვის ნიშანს, რომელიც გაჩნდა ქალბატონი ლუბას მოსვლის შემდეგ.

- რაიმე პირადი უთანხმოება ხომ არ გქონდათ მასთან?
- არანაირი პირადი უთანხმოება არ მქონია და არ მაქვს, მაგრამ საქმისადმი დამოკიდებულება არის აბსოლუტურად განსხვავებული. ერთ დილით მოვიდა ქალბატონი ლუბა და დაიწყო ტელევიზიის სამომავლო გეგმებზე საუბარი თანამშრომლებთან. მსგავსი ტიპის უფლება-მოვალეობებით აღჭურვილი არ გვინახავს და გაგვიკვირდა. წამოსვლისას დავწერე განცხადება და შევთავაზე, რომ მზად ვიყავი, იმდენ ხანს გავჩერებულიყავი არხზე, რამდენ ხანსაც საჭიროდ მიიჩნევდა, რომ მაუწყებლობას არ შექმნოდა პრობლემა. სხვებმაც იგივე შესთავაზეს, მაგრამ გვითხრა, რომ ამის საჭიროება არ არსებობს. მოგვიანებით, ეს მისი მხრიდან საბოტაჟად შეფასდა, რაც არასწორია.

ლუბა ელიაშვილი:
- მშვიდობიანად გავართვით თავი ამ ყველაფერს და ჩვეულებრივ რეჟიმში მიმდინარეობს მუშაობა.

- ქალბატონო ლუბა, როგორ ფიქრობთ, რატომ არ ისურვეს მუშაობა თქვენთან იმ ჟურნალისტებმა, რომლებმაც არხი დატოვეს?
- როგორც თვითონ მითხრეს, არ უყვართ რძე, ძროხა და ფერმა, არ უნდათ ფერმაში და ამიტომ წავიდნენ.

- რა ცვლილებებს გეგმავთ არხზე?
- ცვლილებები უკვე განხორციელდა. 10-10-წუთიანი ნიუსები გადის 12 საათამდე, შემდეგ ცოტა უფრო დიდი ინფორმაცია, შემდეგ კი მოზრდილი ნიუსები.

- საინფორმაციოს ყოფილი უფროსი ამბობს, რომ თქვენ არ მოგწონდათ იმ ფორმის მაუწყებლობა, რაც გადიოდა. რა შენიშვნები გქონდათ და როგორ შეავსეთ ოპერატიულად ჟურნალისტების ადგილები?
- მე ყველაფერი მომწონდა ძველ მმართველობაში. ვფიქრობ, საერთო მაუწყებლად უნდა გარდაიქმნას "მეცხრე არხი" და მარტო ახალი ამბები არ უნდა იყოს. რაც შეეხება თანამშრომლების წასვლას, ბევრი ნამდვილად არ წასულა. ჟურნალისტი იმედა დარსალია ისევ დაბრუნდა არხზე, კაციტაძე უკვე დიდი ხანია, წასვლას აპირებდა, თეონა გეგელიას 15 დეკემბერს უმთავრდებოდა კონტრაქტის ვადა და იცოდა, რომ ამით ასრულებდა ამ არხზე მუშაობას, რადგან სხვა სახის დილის გადაცემა მზადდებოდა. რაც შეეხება ვასილ მაღლაფერიძეს, რამდენჯერაც აქ მოვედი, სულ მეუბნებოდა, რომ წასვლას აპირებდა. საბოლოო ჯამში, მოულოდნელად წავიდნენ თამარ რუხაძე, ნათია ლაზაშვილი და კიდევ ორი ჟურნალისტი. ბუნებრივია, როცა სახეები მიდიან ეთერიდან, ეს დანაკლისია, მაგრამ რას ვიზამთ, დანაკლისი უნდა ამოივსოს და მუშაობა გაგრძელდეს. მინდა გითხრათ, ძალიან მარტივად მოხდა ჩანაცვლება. ჯერ ერთი, აქაური რესურსიც საკმარისი იყო რაღაც დროის გასაყვანად, ამასთანავე, "ინფო-9"-ში არსებობდა "ინფო-ტვ", სადაც პროფესიონალები მუშაობენ და მათი გადმოყვანით შეივსებოდა.

- თამარ რუხაძე ამბობს, რომ შემოგთავაზათ დროებით არხზე დარჩენა, სანამ ამას საჭიროდ ჩათვლიდით, მაგრამ თქვენ უარი უთხარით ყველა წამსვლელს თანამშრომლობაზე. რატომ?
- მენეჯმენტურად არასწორი გადაწყვეტილება იქნებოდა მათი დარჩენა. ადამიანები წავიდნენ, იმიტომ, რომ შენ არ მოსწონხარ და შენს დასახმარებლად რატომ დარჩებიან? არ იყო იმის აუცილებლობა, რომ დარჩენილიყვნენ, არ გვჭირდებოდა მათი დახმარება, ეთერი არ გაჩერებულა.

- ვასილ მაღლაფერიძეს რატომ არ მიეცა შიდა თათბირზე დასწრების უფლება? ის ნაწყენია, საქმის კურსში რომ არ ჩააყენეს და ტელევიზიით გაიგო ცვლილებების შესახებ.
- ეს პრეტენზია შეიძლება იყოს ძველი დირექტორის მისამართით, რადგან ბატონი კახა ბექაური იღებდა გადაწყვეტილებას და მას უნდა ეთქვა ვასიკოსთვის. ვერც იმ საუბრისას მე ვერავის დავუძახებდი. მართლა ვლაპარაკობდით მე და ბატონი კახა, ამ დროს შემოიხედა ვასიკომ, ბექაურმა უთხრა, მერე შემოდიო. თუ ამას გულისხმობს, ეს ფაქტი მართლაც იყო. ნებისმიერ შემთხვევაში, ცვლილებების შესახებ მისთვის ბექაურს უნდა ეცნობებინა.

- ამბობენ, რომ თქვენ არ დადიოდით ტელევიზიაში და ფორმალურად გეჭირათ თანამდებობა.
- ნამდვილად არ დავდიოდი სამსახურში, არ ვერეოდი საინფორმაციო დამოუკიდებლობაში. მე ვმუშაობდი არხის განვითარების კონცეფციაზე.

- კონკრეტულად ვინ შემოგთავაზათ ეს თანამდებობა, ეკატერინე ხვედელიძემ?
- კახა ბექაურმა შემომთავაზა. მითხრა, რომ აპირებდა გადადგომას. არ ვიცი, იყო თუ არა ეს გადაწყვეტილება შეთანხმებული არხის მეპატრონესთან, ეკატერინე ხვედელიძესთან. რამდენადაც ვიცი, კახა ბექაური სხვა სამსახურში მიდის. სხვა არანაირი ინფორმაცია ამაზე არ მაქვს.