ყოფილმა პარლამენტარმა კობა ბექაურმა, ბევრისთვის მოულოდნელად, ჯერ ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში შალვა რამიშვილის გადაცემაში სააკაშვილის ხელისუფლების მიერ მასზე ზემოქმედების შესახებ ისაუბრა, შემდეგ კი "ყველა სიახლეს" (იხ. #48. 28 ნოემბერი-4 დეკემბერი, 2012 წ.) დეტალურად უამბო ნაცხელისუფლების მხრიდან მის ოჯახზე განხორციელებულ წნეხზე, თუ როგორ წაართვეს შპს "ოპიზაში" კუთვნილი წილი ძმებმა კოდუებმა და რომ დღეს ის კოდუების დედის, ლაურა ღაჭავას საკუთრებაა. ინტერვიუს გამოქვეყნებისთანავე "ყველა სიახლეს" დაუკავშირდა "ოპიზის" ყოფილი დირექტორი ზურაბ ლორია, რომელმაც განაცხადა, რომ კობა ბექაურმა სიმართლე სანახევროდ თქვა და რომ მას არაფერი უთქვამს იმის შესახებ, თვითონ როგორ წაართვა "ოპიზის" მფლობელებს ქონება.
ზურაბ ლორია:
- კობა ბექაურმა "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში მხოლოდ იმაზე ისაუბრა, რაც მას ხელს აძლევდა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, საზოგადოებას თქვენი გაზეთის მეშვეობით ვუთხრა სიმართლე, რა მოხდა რეალურად "ოპიზაში". კობა ბექაური ინტერვიუში რომ ამბობს, რეაბილიტაცია მჭირდება, შვილები მეზრდება და საზოგადოებამ უნდა იცოდეს სიმართლეო, კი ბატონო, მას აქვს უფლება მოინანიოს, მაგრამ, თუ სიმართლის თქმა გადაწყვიტა, ბოლომდე უნდა თქვას და არა სანახევროდ. მან და მისმა სამეგობრო წრემ სწორედ შანტაჟითა და დაშინებით წაგვართვეს კანონიერ მფლობელებს "ოპიზა". რატომ მაშინ არ იფიქრა კობა ბექაურმა, ჩვენც რომ გვყავდა შვილები, ასეულობით ადამიანს ლუკმა-პური რომ გამოაცალა პირიდან და უსახსროდ, შეურაცხყოფილი დატოვა მან და მისმა ნაცბანდამ?!
"ოპიზის" ამბავს დავიწყებ მოკლე წინა ისტორიით: 1995 წლის ოქტომბერში სს "ლილოს" დირექტორმა თამაზ ჩიკვაიძემ შპს "ცისკარი-92"-ს 10-წლიანი იჯარით, შემდგომი გამოსყიდვის უფლებით, გადასცა საწარმოს ტერიტორიაზე არსებული ნავთობბაზა. გარკვეული დროის შემდეგ შპს "ცისკარი-92"-მა ბაზა გამოისყიდა. 1997 წელს "ცისკარი-92"-ის დამფუძნებლებად შევიდნენ: კალისტრატე სიჭინავა, თემურ სანიკიძე, ზაალ გენძეხაძე, ალექსანდრე ლომიძე და ჩემი ვაჟი ზვიად ლორია. შპს-ს საქმიანობას ძირითადად ნავთობპროდუქტების შენახვა-რეალიზაცია წარმოადგენდა. რამდენიმე წელიწადში ორმა დამფუძნებელმა დატოვა "ცისკარი-92". 2004 წელს შპს-ს შეეცვალა სახელწოდება და იგი შპს "ფანტასტიკა" გახდა, რომელმაც ისანი-სამგორის საგადასახადო ინსპექციაში გაიარა რეგისტრაცია და საიდენტიფიკაციო კოდიც მიენიჭა. ნავთობბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული იყო სს "ოპიზა" (ყოფილი შპალერის ქარხანა), რომლის ერთ-ერთი აქციონერის წილი - 96,037% - შეიძინა ზემოთ ნახსენებმა ჯგუფმა. სს "ოპიზა" დარეგისტრირდა შპს "ოპიზად", რომლის 96,037%-ის მფლობელი გახდა კალისტრატე სიჭინავა, ხოლო დანარჩენის - ამავე საწარმოს ყოფილი 43 თანამშრომელი. საწარმო "ოპიზა" განთავსებული იყო 8 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე, სადაც ასევე მდებარეობდა 13 კაპიტალური შენობა-ნაგებობა. ამ მომენტისთვის ობიექტი არ ფუნქციობდა და ვცდილობდით ინვესტიციების მოზიდვას. 2004 წელს შპს "ოპიზის" მესაკუთრეებმა მიიღეს საქმიანი შემოთავაზება "ლილოს ბაზრობის" დამფუძნებელთა ჯგუფისგან. კერძოდ, ვაჟა უსანეთაშვილის, გია გაგუასა და სხვათა მხრიდან: თუ "ოპიზის" მესაკუთრეები დათმობდნენ წილის 40%-ს, ისინი თავიანთი სახსრებით აამუშავებდნენ ობიექტს. მოლაპარაკება შედგა და წილებიც შემდეგნაირად გადანაწილდა; კალისტრატე სიჭინავა - 39%, ზვიად ლორია - 9,4%, დავით ბოლოთაშვილი - 9,4%, 40% კი "ლილოს ბაზრობის" დამფუძნებლებზე - გიორგი გაგუაზე, ილია შონიაზე, ნიკოლოზ ჯავახაძესა და ვაჟა უსანეთაშვილზე გადანაწილდა. დირექტორად კი დავინიშნე მე, ზურაბ ლორია.
- კობა ბექაური როდის გამოჩნდა "ოპიზაში"?
- ობიექტის მშენებლობისა და კეთილმოწყობისას "ლილოს ბაზრობის" ჯგუფს მადა გაეხსნა და ობიექტის საბაჟო ტერმინალად გადაკეთება მოისურვეს, რისთვისაც მხარდაჭერა სჭირდებოდათ ხელისუფლებისგან. სწორედ ამ მიზნით, ისე რომ პარტნიორებისთვის არაფერი უკითხავთ, საქმეში შემოიყვანეს ნაციონალი დეპუტატი კობა ბექაური. მისი გამოჩენის შემდეგ დაიწყო ჩვენი, ანუ მოწილეების ოჯახის წევრებზე მუქარა და შანტაჟი. პირდაპირ განმიცხადა კობა ბექაურმა, წილი უნდა დათმოო, შენც და ვასილ დავითაიაც შს ყოფილი მინისტრის კახა თარგამაძის თანამშრომლები ხართ და მაინც დაგიჭერენ, რადგანაც ვასილ დავითაიას ცოლისძმა კალისტრატე სიჭინავა "ოპიზის" ერთ-ერთი მოწილე იყო. ამიტომ ჯობია, ნებით დათმო წილი, ვიცი, შვილები გყავს და ამაზე იფიქრეო. კობა ბექაური "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში რომ ამბობს, 2005 წელს ხელისუფლების წინააღმდეგ ხმის ამოღებას ვერავინ გაბედავდაო, სწორედ იმ ხელისუფლების წევრი კობა ბექაური აშანტაჟებდა "ოპიზის" ყველა მესაკუთრეს: ჩემი მეუღლე წაიყვანეს ნოტარიუსთან, კობა ბექაურის დავალებით აიძულებდნენ, დაწერე, რომ არც შვილები გყავს და არც ქმარიო. ჩემი მეუღლე ნავთობბაზის მეწილე იყო. საკუთარ ოჯახზე უარის თქმას აიძულებნენ და ამის ჩამდენ კობა ბექაურს ვინმეს შანტაჟი და წნეხი უკვირს?! ვერც მე და ვერც ჩემმა პარტნიორებმა ვერ გავუძელით მუქარას და ჩვენი ოჯახების წევრები რომ გადაგვერჩინა, ოპიზის" წილის 60% ნოტარიუსში მოწილეთა "კოლექტიური" მისვლით, გადავუფორმეთ კობა ბექაურის ცოლს, თამარ გაგნიძეს და "ლილოს ბაზრობის" სხვა წევრებს.
- "ოპიზასა" და ნავთობბაზაში რამე გადაგიხადეს ბექაურმა და მისმა პარტნიორებმა?
- 8 ჰექტარზე განთავსებული "ოპიზა", თავისი შენობა-ნაგებობებითა და ძვირად ღირებული ტექნიკური აღჭურვილობით, 300 ათას აშშ დოლარად ჩაიგდეს ხელში. თანაც ბანკში ჩადეს "ოპიზა", გამოიტანეს 2 მილიონი აშშ დოლარი და ჩვენ, ამდენ მოწილეს, 275 ათასი დოლარი მოგვცეს. ხომ წარმოგიდგენიათ, ბანკმა რომ 2 მილიონი კრედიტი გასცა, "ოპიზის" საბაზრო ღირებულება რამდენი იქნებოდა?! რაც შეეხება ნავთობბაზას, მასში ერთი თეთრიც არ გადაუხდიათ. უხეშად რომ ვთქვათ "აგვახიეს".
- როცა ბექაური "ოპიზის" მფლობელი გახდა, პრესაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მის ზურგს უკან პარლამენტის ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი იდგა და "ლილოს ბაზრობის" წევრები ვაჟა უსანეთაშვილი და ნიკოლოზ ჯავახაძეც მასთან დაახლოებული პირები იყვნენ. თუ ყოფილა "ოპიზაში" მიხეილ მაჭავარიანი ოდესმე?
- ეს კობა ბექაურს არც დაუმალავს. "ოპიზის" ტერიტორიაზე ორჯერ მყავს ნანახი მიხეილ მაჭავარიანი. ისინი ერთად ათვალიერებდნენ ობიექტს.
- როცა ჟურნალისტი შალვა რამიშვილი დააკავეს და გახმაურდა, რომ ეს დაკავება "ოპიზის" შესახებ გადაღებული ფილმის გამო მოხდა, პარლამენტში "ოპიზის" საქმის შემსწავლელი კომისია შეიქმნა მარტვილის მაჟორიტარ დეპუტატ ფრიდონ რუხაიას ხელმძღვანელობით. კომისიის დასკვნის შემდეგ ბექაურმა პარლამენტარის სავარძელიცა და "ოპიზის" წილიც ერთდროულად დაკარგა. რა ეწერა პარლამენტის კომისიის იმ დასკვნაში ასეთი?
- გაგიკვირდებათ და, ამ საგამოძიებო დასკვნის შესახებ არაფერი ვიცი და არც არავის მოუწოდებია ტექსტის შინაარსი. კანონით კი, როგორც მხარეს, მას უნდა გავცნობოდი, მაგრამ მისი შინაარსი დღემდე გასაიდუმლოებულია.
- აპირებთ ბრძოლას "ოპიზის" დასაბრუნებლად?
- რა თქმა უნდა, ვაპირებ ბრძოლას სამართლებრივი გზით ჩემი კუთვნილი ქონების დასაბრუნებლად! დარწმუნებული ვარ, ახალი ხელისუფლების პირობებში ამას აუცილებლად მოვახერხებ.
- შესაძლებელია კი თქვენი ქონების დაბრუნება? "ოპიზა" ბექაურის შემდეგ ხომ გასხვისდა და მისი ახალი მფლობელი ლაურა ღაჭავაა?
- მე და ჩემს პარტნიორებს ქონება კობა ბექაურმა წაგვართვა და არა ლაურა ღაჭავამ. ღაჭავას საწინააღმდეგო ამ ეტაპზე არაფერი მაქვს, პირიქით - ორი კვირის წინ ვიყავი "ოპიზის" ტერიტორიაზე და ქალბატონი ლაურა შესანიშნავად შემხვდა, დამათვალიერებინა მთელი ტერიტორია და ყველას ეუბნებოდა და აცნობდა ჩემს თავს, ეს ქონება ადრე ამ ადამიანს ეკუთვნოდაო. ყველამ იცის, რაც მოხდა "ოპიზის" გარშემო და მისი კანონიერი მფლობელები მხოლოდ ჩვენ რომ ვართ. ყველა დოკუმენტი და მტკიცებულება მაქვს, რომ ის "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა კობა ბექაურმა, სხვა თანამდებობის პირთა დახმარებით, შანტაჟითა და მუქარით წაგვართვა.