„გახარიას ანტიკრიზისული გეგმა მაჭარია, დაღვინება სჭირდება“

„გახარიას ანტიკრიზისული გეგმა მაჭარია, დაღვინება სჭირდება“

ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, რომელიც პრემიერ–მინისტრმა წარმოადგინა, ირკვევა, რომ კრიზისული მენეჯმენტისთვის ქვეყანა 3 მილიარდ 500 მილიონ ლარს დახარჯავს, საიდანაც 1 მილიარდ 35 მილიონი ლარი იქნება მოქალაქის მიზნობრივი სოციალური მხარდაჭერა, ეკონომიკაზე და მეწარმეებზე ზრუნვა იქნება 2 მილიარდ 110 მილიონი ლარი. თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობაზე ზრუნვის თვალსაზრისით, სახელმწიფო დახარჯავს 350 მილიონ ლარს.

გიორგი გახარიას განცხადებით, კრიზისულ მენეჯმენტს ჰქონდა რამდენიმე ძირითადი გამოწვევა – პანდემიის სწარფი გავრცელება, რაც ნიშნავს მოქალაქის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ზრუნვას და შემდგომ ეკონომიკის გადარჩენა. პრემიერის განცხადებით, რომელიმე ცალკე აღებულ ფრონტზე გამარჯვებას არანაირი აზრი არ აქვს ქვეყნის გრძლევადიანი განვითარებისთვის.

პრემიერმა საგანგებო მდგომარეობით გამოწვეული შეზღუდვების შემსუბუქების და ეკონომიკის გახსნის ეტაპები დაასახელა. მისი განცხადებით, პირველ ეტაპზე, ანუ 27 აპრილიდან სრულად იქნება დაშვებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება. გარდა ამისა სრულად იქნება დაშვებული ტაქსების ოპერირება, სრულად იქნება დაშვებული ონლაინ ვაჭრობა – საბითუმო და საცალო, მიტანის მომსახურება ნებისმიერ პროდუქტზე და ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა.

მეორე ეტაპზე, რომელიც გახარიას განცხადებით, სავარაუდოდ, ორი კვირის შემდეგ დაიწყება, იქნება მშენებლობა, მშენებლობის ზედამხედველობასთან დაკავშირებული საქმიანობა, სამშენებლო მასალების წარმოება, ავტოსამრეცხაოები და ავტოსერვისები სრულად, კომპიუტერების და პირადი საყოფაცხოვრებო საქონლის რემონტი და სარეკრეაციო ზონების ფუნქციონირება.

მესამე ეტაპზე გაიხსნება საცალო და საბითუმო მაღაზიები, გარდა მოლებისა, რომლებსაც გააჩნიათ დამოუკიდებელი შესასვლელი ქუჩიდან. ასევე, ყველა ტიპის ღია ბაზრობა, ყველა ტიპის წარმოება და საგამომცემლო საქმიანობა. მეოთხე ეტაპზე გაიხსნება სავაჭრო მოლები, ღია ტიპის რესტორნები და კვების ობიექტები ადგილზე მომსახურებით; ყველა ტიპის საფინანსო მომსახურება, სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები.

მეექვსე ეტაპზე კი გაიხსნება გასართობი, სპორტული–გამაჯანსაღებელი, შემოქმედებითი საქმიანობა. აზარტული და სხვა მომგებიანი სათამაშო ბიზნესი, სასტუმროები, საგანამათლებლო დაწესებულებები და ყველა სხვა საქმიანობა.

გიორგი გახარიას განცხადებით, დაქირავებით დასაქმებული პირები, რომლებმაც დაკარგეს სამსახური, ან გაუშვეს უხელფასო შვებულებაში, მიიღებენ 1 200 ლარს 6 თვის განმავლობაში, თვეში – 200 ლარის ოდენობით. დახმარებით ისარგებლებს 350 ათასამდე მოქალაქე, რაც ბიუჯეტისთვის ნიშნავს 460 მილიონი ლარის ხარჯს. ასევე, ყველა პენსიონერის პენსია გაიზრდება არანაკლებ ინფლაციის მაჩვენებლით, ხოლო 70 წელს გადაცილებული პირებისთვის, ამასთან ერთად, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით. როგორც პრემიერმა განაცხადა, ეს იმას ნიშნავს, რომ 2021 წლიდან პენსია გაიზრდება ყველა პენსიონერისთვის მინიმუმ 20 ლარით, ხოლო 70 წელს გადაცილებლებისთვის – 25 ლარით.

„ჩვენ უკვე შეგვეძლო მეტ–ნაკლებად შეგვეფასებინა პრობლემის სირთულე და მისი მასშტაბი. აქტიური მუშაობა დავიწყეთ საერთაშორისო პარტნიორებთან და დონორებთან, რის შემდეგადაც შევძელით სამი მილიარდი ფინანსური რესურსის მოზიდვა. ამან საშუალება მოგვცა პასუხისმგებლიანად მივდგომოდით იმ სოციალური დახმარების მიზნობრივი დახმარების პორტფელს, რომელიც დღეს წარმოვადგინეთ არა პოპულისტურად, არა ფუჭი დაპირებების სახით, არამედ პასუხისმგებლიანად და აგვეღო ის ვალდებულებები, რისი შესრულებაც სახელმწიფოს ძალუძს.

კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ყველამ ვიცოდეთ, რომ ჩვენ, თითოეული ლარი უნდა დავხარჯოთ და გამოვიყენოთ უკიდურესად ხელმომჭირნედ, რადგან პირველი – ჩვენი ეკონომიკა არის საკმაოდ სუსტი, მეორე – არავინ არ არის დღეს მზად, მოგვცეს ზუსტი პროგნოზი დროის თვალსაზრისით, სად არის ამ კრიზისის, გამოწვევის, პანდემიის გადალახვის ზუსტი დრო“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმას მხარს უჭერს უმრავლესობა. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმით ხელისუფლება ზრუნავს თითოეულ ადამიანზე, ვისაც სჭირდება ჯანდაცვა, სოციალური დახმარება და ეკონომიკური აქტივობები განახლების გეგმის მოსამზადებლად. არჩილ თალაკვაძემ სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის არსებულ კარგ კოორდინაციაზე გაამახვილა ყურადღება და გეგმის შემუშავებაში ჩართულ ყველა მხარეს მადლობა გადაუხადა.

„ჩვენი თანამოქალაქეების მხარდაჭერით, ჩვენ მოვიგეთ დრო კოვიდ ინფექციის შეკავების პროცესში და ეს დრო გამოვიყენეთ იმისთვის, რომ მოგვემზადებინა სოციალური და ეკონომიკური დახმარების გეგმა და ეკონომიკური აქტივობების განახლების გეგმა. ამ გეგმით ჩვენ ვზრუნავთ თითოეულ ადამიანზე, ვისაც სჭირდება ჯანდაცვა, სოციალური დახმარება და ეკონომიკური მხარდაჭერა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მთავრობის მიერ წარმოდგენილმა ანტიკრიზისულმა გეგმამ კრიტიკა უკვე დაიმსახურა ოპოზიციის მხრიდან. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მთავრობის გეგმამ მეტი კითხვის ნიშანი გააჩინა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის რომან გოცირიძის განცხადებით, ბიუჯეტიდან უსარგებლო ხარჯები უნდა გამოთავისუფლებულიყო და ის სოციალურ პროგრამებს უნდა მოხმარებოდა.

„ეს მილიარდნახევრიანი პაკეტი წარმოადგინეს, ფაქტობრივად, დღეს არსებული, უსარგებლო, კორუფციული და მრავალი სხვა არაპრიორიტეტული ხარჯების დასაბალანსებლად. ამიტომ არ წარმოადგინა მთავრობამ ბიუჯეტი. სწორედ ბიუჯეტიდან უნდა გამოთავისუფლებულიყო თანხები და ისინი სოციალური პროგრამების გასაძლიერებლად უნდა წარმართულიყო“, – აცხადებს რომან გოცირიძე.

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარის მოადგილე, ლევან კობერიძე აცხადებს, რომ მთავრობა დღეს არსებული ვითარებით შინაგანად კმაყოფილია, რადგან ეს მათთვის, როგორც ჩანს, პოლიტიკურად მომგებიანია.

„როგორც ჩანს, მთავრობა შინაგანად კმაყოფილია იმ სიტუაციით, რაც ქვეყნაში არსებობს. ამიტომ აქედან გამოსავალს კი არ ეძებენ, არამედ ცდილობენ იმას, რომ ამ სიტუაციაში, რომელსაც მე დავარქვი – დაზაფრე და იბატონე, მათ აწყობთ ხელისუფლება რაც შეიძლება დიდხანს იყოს სახლში. ეტყობა მათთვის ეს სიტუაცია პოლიტიკურად მომგებიანია“, – აღნიშნა ლევან კობერიძემ.

გეგმის ბუნდოვანებაზე საუბრობს „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია, რომელიც იმ კრიტერიუმებს ასახელებს, რის გამოც მისი კრიტიკის ობიექტი გახდა ანტიკრიზისული გეგმა.

„დაგვიანებული, ზედაპირული, მავნებლური ინსტინქტებითა და არაადეკვატური კრიტერიუმებით სავსე – ბუნდოვანი პრეზენტაცია მოვისმინეთ გახარიასგან. არ ხდება გადასახადების რეალურად დაწევა, არ ხდება ასევე, წნეხის შემცირება მეწარმეებისთვის, რაც ამ ვითარებაში წარმოუდგენელი რამ არის. დახმარება არის გაუგებარი, მასში არასაკმარისი კრიტერიუმებია. ისინი ისევ ინარჩუნებენ მთავრობის როლს, არჩევანს აკეთებენ ვის რა მისცენ, თითქოს მათ უკეთ იციან, ჩვენ ჩვენს ფულს როგორ დავხარჯავთ. ეს კორუფციის რისკიც არის და მავნებლობაც. ამასთან, საპენსიო შენატანზე ხალხს ისევ უარს ეუბნებიან, რომელიც შეიძლება ამ გაჭირვების დროს გამოიყენონ“, – აცხადებს გიგა ბოკერია.

გახარიას ანტიკრიზისულ გეგმას უწუნებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, რომლის განცხადებით, აშკარად ნაჩქარვი გეგმაა, რადგან ანტიკრიზისული გეგმა ოპოზიციის პედალირებით წამოიწია, ოპოზიცია ახდენდა პედალირებას ეკონომიკის საკითხებზე. წარმოდგენილი გეგმა ნაჩქარევიც კი არის საიმისოდ, რომ რაც შეიძლება სწრაფად გასცემოდა პასუხი ოპოზიციის კრიტიკას.

„მე მაინც მგონია, რომ გახარიას ანტიკრიზისული გეგმა მაჭარია, დაღვინება სჭირდება. ბევრი პირობები ამოტივტივდება დროთა განმავლობაში, ბევრი პირობები დაზუსტდება, ბევრი აღრიცხვა მივა ბოლომდე, ვინაიდან აქამდე ყველაზე ჩქარა კეთდებოდა. უფრო დეტალური გეგმები სიტუაციის დეტალიზაციის შედეგად შეიძლება ვნახოთ. კორონასთან ბრძოლაში გამარჯვებამ რაღაცა უნდა გვასწავლოს. პრინციპში გამარჯვება უნდა გვასწავლოს“, – აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ პოლიტიკურ სარბიელზე ისევ დაძაბული და შეშინებული დაბრუნდა, ისეთივე როგორიც იყო ადრე.

„იქნებ გასაზიარებელია კორონასთან ბრძოლა იმ მხრივ, რომ გახარიამ აშკარად მოიგო ეს ბრძოლა იმით, რომ დაეყრდნო პროფესიონალებს და მათგან მიღებული კონსულტაციების საფუძველზე გადადგა გაბედული ნაბიჯები. ანალოგიურად მუშაობდა მთელი ცხოვრება რონალდ რეიგანი.

პოლიტიკოსი აკეთებს თავის საქმეს, ის ვალდებულია პროფესიონალურად განახორცილოს პროექტი, პროექტი კი უნდა შეირჩეს პროფესიონალებისგან. აი, ეს სინთეზი კორონასთან ბრძოლის დროს წარმოაჩინა გახარიამ. ანალოგიური ნაბიჯებია გადასადგამი ეკონომიკაში და ყველა იმ პრობლემურ სიტუაციაში, რომელიც აღმოცენდება. თავისივე გამარჯვებიდან უნდა ისწავლონ“, – აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.

პოლიტოლოგ სოსო მანჯავიძის შეფასებით, პირველად საქართველოს უახლეს ისტორიაში ქვეყნის პირველი პირისგან გავიგონეთ სიტყვები, რომლებიც გულისხმობენ სახელმწიფოს მიერ ადგილობრივი მწარმოებლის დაცვა – წახალისებას და გონიერ პროტექციონიზმს. ეს კი მისი თქმით, იდეოლოგიურ ცვლილებებს ნიშნავს.

„შთამბეჭდავად გამოიყურება მეწარმეების მხარდაჭერის პროექტი – კერძოდ, დღგ–ს ავტომატური დაბრუნება, ბიზნესის მხარდაჭერისათვის გამოყოფილი 500 მილიონი ლარი და კომერციული ბანკებისთვის გამოყოფილი პირობიანი რესურსი 600 მილიონი ლარის ოდენობით. ასევე დიდი ეფექტი შეიძლება მოგვცეს თანადაფინანსების პირობების გაუმჯობესებამ „აწარმოე საქართველოს“ პროგრამებში.

სოფლის მეურნეობისთვის გამოყოფილი გრანტების მოცულობაც – 300 მილიონი ლარი – დიდი სტიმული იქნება, ისევე როგორც ერთწლიანი კულტურების დაფინანსება კრედიტით, რომლის პროცენტსაც ბიუჯეტი დაფარავს. ამან დიდწილად უნდა განაპირობას ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოება“, – აცხადებს სოსო მანჯავიძე.

მისი თქმით, სოციალური პაკეტებიც ნამდვილად არ დაიწუნება, მთავარია, მან ეფექტურად მოიცვას რეალური შიმშილის წინაშე მდგარი ადამიანები და ამაში ჩვენი სოლიდარობაც გადამწყვეტი ფაქტორია.

„მომეწონა პრემიერ გახარიას პოზიციაც, რომელმაც ეს პროგრამა ღია დატოვა შენიშვნებისა და დახვეწისათვის. ეს ძალიან კარგია, რადგან უშეცდომო პროექტი ასეთ არაპროგმოზირებად რეალობაში არ შეიძლება არსებობდეს. ამიტომ, რაც უფრო მეტად იქნება ჩართული საზოგადოების კონსტრუქციული ნაწილი განხილვებში – მით უკეთესი.

ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვანია ამ პროექტის განხორციელების მენეჯმენტი და საზოგადოების სწორი ინფორმირება. ღმერთმა ქნას, რომ საქართველო ამ მძიმე კრიზისიდან ნაკლები ზიანით გამოვიდეს, ამაზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის არსებობა და მომავალი“, – აღნიშნა სოსო მანჯავიძემ.

 

ხიროხიტო „ძალიან კარგია რომ მთავრობამ კომერციულ ბანკებს 600 მილიონი ლარი გამოუყოო„ - აცხადებს ექსპერტი სოსო მანჯავიძე, მაინტერესებს აქ რა დაინახა კარგი? რაიმე ზიანი განიცადეს და ამის საკომპენსაციოდ? სრული სიშლეგეა. კომერციულ ბანკებს მთავრობა გამოუყოფს თანხას და ისინი 15%-ად მიასესხებენ მეწარმეებს და ხალხს. სამწუხაროდ ჩემო სოსო, ეს არის ხელის მოთბობა და საბიუჯეტო ფულის გათეთრება. ის ფული რომელიც ეკუთვნის ხალხს (უპროცენტოდ) ახლა კომერციული ბანკების საშუალებით ხელმისაწვდომი ხდება ხალხისთვის 15%-ის გადახდის შემდეგ. გარდა ამისა 600 მილიონი, რომლის ფლობაშიც კომერციულ ბანკს არანაირი წილი არ აქვს (თუნდაც იმიტომ რომ კომერციულია) სახელმწიფოსგან ეძლევა საჩუქრად (0%-ად). ასეთი კრეტინიზნი ჯერ ფსიქიატრიაშიც კი არ არის აღწერილი არა თუ ეკონომიკაში და რას უჭერს მხარს სოსო გასაკვირია. ჩემო სოსო, ჭკვიანი კაცი ხარ და არ არის საჭირო ასეთი მლიქვნელობა. ხომ ცხადია, რომ ეს 600 მილიონი არის სახელმწიფო ბიუჯეტის ძარცვა პანდემიის საბაბით და პოლიტიკური მეთოდებით. სრული ანტისახელმწიფოებრივი აზროვნების შედეგი, რადგან არანაირი ზარალი ბანკებს არ განუცდიათ. არანაირი
3 წლის უკან
ხიროხიტო გახარიაზე ამბობენ კარგი კრიზისული მენეჯერიაო. სად დაინახეს მისი თუნდაც კრიზისული მენეჯერობა? 600 მილოინის გაფლანგვა (სულ რბილად რომ ვთქვათ) არის კარგი მენეჯერობა? თუ გაბრაზებული რომ გველაპარაკება იმაში იგულისხმება კარგი მენეჯერობა? ასეთი ტოპკების აწევა თითქმის მკვდარი ნაციონალებისთვის არის კარგი მენეჯერობა? ეს ნაბიჯები არის სრული პოლიტიკური და ეკონომიკური სიბეცე (როგორც მინიმუმ) და ეს კაცი იყო ეკონომიკის მინისტრი, ანუ მან თითქოსდა იცის რა არის ეკონომიკა... არადა აზრზე არ ყოფილა...
3 წლის უკან