GWP  - საქართველოს მთავრობის ნებიერი ინვესტორი

GWP - საქართველოს მთავრობის ნებიერი ინვესტორი

წყალი გაძვირდა - „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ (GWP) თბილისელებისთვის წყლის ტარიფი 2.40-დან 3.15 ლარამდე გაზარდა. მთავრობასა და ინვესტორს შორის დადებული პირველადი ხელშეკრულებით, კომპანიას ტარიფის გაზრდის უფლება მხოლოდ 2014 წლიდან ჰქონდა. თუმცა, როგორც ირკვევა, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის რეკომენდაციით, ინვესტორთან დადებულ ხელშეკრულებაში ეს პუნქტი შეიცვალა. 

კომპანიამ ტარიფის გაზრდა ითხოვა, მარეგულირებელი კი მოთხოვნას დაეთანხმა. ხელისუფლება GWP-ს წყლის საფასურის ამოღებაშიც დაეხმარა. 1 დეკემბრიდან ძალაში ერთიანი ქვითარი შევიდა და ყველა იმ აბონენტს, რომელიც 2011 წლის 1 იანვრიდან წყლის გადასახადს არ გადაიხდის, ელექტოენერგიისა და გაზის მიწოდება შეუწყდება. უნდა ითქვას, რომ ქართულ საინვესტიციო გარემოში GWP „ბედნიერი“ გამონაკლისია: მას ხელისუფლება შეღავათებით პერმანენტულად ანებივრებს. წყლის ტარიფის გაზრდის უფლების გარდა, კომპანიას განსახორციელებელი ინვესტიციის ოდენობაც შეუმცირეს და დედაქალაქის უწყვეტი წყალმომარაგების ვალდებულება 2 წლით - 2013 წლამდე გადაუწიეს. გარდა ამისა, ინვესტორს არც წყლის ხარისხის გაუმჯობესება დაევალა. კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, „წყლის ხარისხი მუდმივად უნდა შეესაბამებოდეს, „ჯანმოს“ (WORLD HEALTH ORGANIZATION) ტექნიკურ რეგლამენტს, მაგრამ არ უნდა იყოს ქალაქ თბილისში დღეს არსებულზე უარესი.“

ტარიფი იმ მოქალაქეებისთვის გაძვირდა, რომლებსაც წყალი 24-საათიან რეჟიმში მიეწოდებათ. GWP-ის მონაცემებით, ასეთი აბონენტების რიცხვი თბილისის მოსახლეობის 86 პროცენტია. კომპანიის გენერალური დირექტორი იორგ მათისი არ მალავს, რომ წყლის ტარიფის გაზრდის გადაწყვეტილება მთავრობასთან შეთანხებული იყო: 
„წყლის ტარიფის გაზრდის გადაწყვეტილება მთავრობასთან ერთად მივიღეთ. ჩვენ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით დიდი ინვესტიცია განვახორციელეთ. ჩვენს მიერ ჩადებული ინვესტიცია შესაბამისი ტარიფით უნდა იყოს გამართლებული. ფული, რომელსაც კომპანია ტარიფით გამოიმუშავებს, ისევ ინვესტიციაში იქნება დაბანდებული“. 

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, წყალმომარაგებისა და წყალარინების მომსახურებაზე დაწესებულმა ტარიფმა უნდა უზრუნველყოს არა მხოლოდ წყლის ხარისხი და მომხმარებლებისთვის მომსახურების გაწევა, არამედ სხვადასხვა ტიპის სარეაბილიტაციო, პროფილაქტიკური და გადაუდებელ სამუშაოთა ჩატარებაც. კომპანიის მონაცემებით, თბილისში წყალმომარაგების საფასურს მოსახლეობის 45 პროცენტი არ იხდის, ან გადასახადს ნაწილობრივ ფარავს, რაც კომპანიას დიდ ზარალს აყენებს. როგორც „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“ აცხადებენ, კომპანია მოსახლეობის მხრიდან წყლის არარაციონალური მოხმარების გამოც ზარალდება. GWP-ში აცხადებენ, რომ მოსახლეობის კუთვნილ ქსელებში წყლის დანაკარგი ძალიან დიდია. სამაგიეროდ, ინვესტორი არ აკონკრეტებს წყლის დანაკარგის იმ ოდენობას, რომელიც მის საკუთრებაში არსებული ინფრასტრუქტურის გაუმართაობის გამო იკარგება“. 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე გურამ ჩალაგაშვილი აცხადებს, რომ კომპანიამ ტარიფის ზრდის ეკონომიკურად დასაბუთებული მოთხოვნა წარადგინა: 
„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია იმისთვის არსებობს, რომ ტარიფი განსაზღვროს. GWP-ს მოთხოვნა ეკონომიკურად დასაბუთებული იყო და კომისია ტარიფის ზრდის მოთხოვნას დაეთანხმა. წყლის ტარიფი ერთ სულზე დღგ-ს გარეშე 2,67 თეთრით განისაზღვრა“. 

როგორც GWP-ში აცხადებენ, კომპანიას წყლის ტარიფის გაზრდის უფლება აქამდეც ჰქონდა და ის ფაქტი, რომ ტარიფი პრივატიზაციამდელ დონეზე დარჩა, ინვესტორის მხრიდან გამოჩენილი კეთილი ნების ნიშანია. ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, ის ფაქტი, რომ 2010 წლის პირველ ნახევარში GWP-მ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისისიაში წყლის ტარიფის გაზრდის შესახებ განაცხადი არ შეიტანა, მაისში ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნებით აიხსნება - არჩევნების წინ ასეთი გადაწყვეტილების მიღება ხელისუფლებისთვის წამგებიანი იქნებოდა.

GWP-სთან დადებული ხელშეკრულების თანახმად, კომპანიას თბილისის ძველი საზღვრების ფარგლებში (31.12.06 მდგომარეობით) არსებული ქალაქი წყლის უწყვეტი მომარაგებით 2011 წლამდე უნდა უზრუნველეყო, ხოლო ქალაქი ახალი საზღვრების ფარგლებში - 2013-2015 წლებში. იორგ მათისი აცხადებს, რომ ხელშეკრულებაში ცვლილება შევიდა და დედაქალაქის უწყვეტი წყალმომარაგების ბოლო ვადამ 2013 წლამდე გადაიწია: 
„ჩასატარებელი სამუშაოების მასშტაბებიდან გამომდინარე, არარეალურია, დედაქალაქის უწყვეტი წყალმომარაგება 2011 წლისთვის მოესწროს. ამის გათვალისწინებით, ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმად თბილისის უწყვეტი წყალმომარაგება, ძველ ადმინისტრაციულ საზღვრებში, 2013 წლამდე განხორციელდება“.

ამჟამად GWP-ი დედაქალაქის მასშტაბით 400 000-მდე აბონენტს ემსახურება. აქედან 2000-მდე საბიუჯეტო ორგანიზაციაა, 15 000 - კომერციული ობიექტი, დანარჩენი კი მოსახლეობაა. წყალმომარაგებისა და წყალარინების მომსახურების ტარიფი 1 მ3 სასმელ წყალზე გამრიცხველიანებული მოსახლეობისთვის 0,1 ლარია (აქედან, 1მ3 წყლის მიწოდების ტარიფი 0,08 ლარია, ხოლო 0,02 ლარი 1მ3 ჩამდინარე სითხის გატარება-გაწმენდის მომსახურების ტარიფი). „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც საკუთარი სურვილით ინდივიდუალურად გამრიცხველიანდა, დღეისათვის გაცილებით ნაკლებს იხდის, ვიდრე სულადობის მიხედვით გადახდის შემთხვევაში იხდიდა. აბონენტთა ამ კატეგორიამ სასმელი წყლის ხარჯვა და მისი საფასურიც საშუალოდ 4-ჯერ შეამცირა. 

რაც შეეხება თბილისის სრულ გამრიცხველიანებას, GWP-ში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე თბილისის მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილია გამრიცხველიანებული და ინდივიდუალური მრიცხველის დაყენების სურვილით კომპანიას მოსახლეობა თითქმის არ მიმართავს. არსებული კანონმდებლობით კი, გამრიცხველიანება მოსახლეობისთვის ნებაყოფლობითია. 

Multiplex Energy Limited-ი და გასაიდუმლოებული ხელშეკრულება
Multiplex Energy Limited-ს 2008 წლის 14 მაისს საქართველოს მთავრობასთან, ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და ქ. თბილისის მთავრობასთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, გადაეცა შპს „რუსთავწყალკანალის“, შპს „მცხეთაწყალკანალის“, შპს „საქწყალკანალისა“ და შპს „თბილისის წყლის“ 100% წილები. წილების გასხვისება საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 10 აპრილის №245 განკარგულებით დადგენილი პირობებით მოხდა.

Multiplex Energy Limited-თან დადებული ხელშეკრულება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზეა განთავსებული. თუმცა, ხელშეკრულება არასრულადაა წარმოდგენილი. ხელშეკრულების დანართები და ხელშეკრულებაში 2009 წლის დეკემბერში შესული ცვლილების შესახებ შეთანხმება კვლავ გასაიდუმლოებულია. 

საჯარო რეესტრის ვებ-გვერდზე ხელშეკრულების ტექსტის განთავსებამდე, საზოგადოებისათვის ცნობილი იყო, რომ „თბილისის წყლის“, „საქწყალკანალის“, „მცხეთაწყალკანალის“ და „რუსთავწყალკანალის“ 100% პრეზიდენტის №245 განკარგულების თანახმად, Multiplex Energy Limited-ს პირდაპირი მიყიდვის ფორმით უნდა გადასცემოდა: შპს „რუსთავწყალკანალის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100% წილი 10 მილიონ აშშ დოლარად; შპს „საქწყალკანალის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100% წილი და შპს „მცხეთაწყალკანალის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100% წილი 662 ათას აშშ დოლარად. ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად, მყიდველს დაევალა ბანკის მიერ გაცემული 5 მილიონი აშშ დოლარის გამოუხმობადი საბანკო გარანტიის წარმოდგენა. ინვესტიციების ოდენობა 100 მილიონი აშშ დოლარი უნდა ყოფილიყო. 

ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული შპს „თბილისის წყლის“ 100% წილი მყიდველს 85 მილიონ აშშ დოლარად გადაეცა. საბანკო გარანტიის მოცულობა უნდა ყოფილიყო 10 მილიონი აშშ დოლარი; შესაბამისად, ინვესტიციების მოცულობა 200 მილიონი აშშ დოლარი. საწარმოების წილების შესასყიდად მყიდველს ჯამში უნდა წარმოედგინა 15 მილიონი აშშ დოლარის საბანკო გარანტია.

თუმცა, საზოგადოებისთვის ცნობილი გასხვისების პირობები, ხელშეკრულების დადებისას მნიშვნელოვნად შეიცვალა და Multiplex Energy Limited-ს გადაეცა:
შპს „რუსთავწყალკანალის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100% წილი - 8 996 857 აშშ დოლარად; შპს „საქწყალკანალის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100% წილი და შპს „მცხეთაწყალკანალის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100% წილი - 585 480 აშშ დოლარად. ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული შპს „თბილისის წყლის“ 100% წილი - 70 428 871 აშშ დოლარად. 

ამასთან, ხელშეკრულებითვე, ინვესტიციების ჯამური ოდენობა განისაზღვრა 220 მილიონით. საბანკო გარანტიების ოდენობა ხელშეკრულებაში მითითებული არ არის, მაგრამ ინვესტიციის ოდენობა ამის გამოთვლის საშუალებასაც იძლევა - საბანკო გარანტია 11 მილიონი აშშ დოლარია.

ამგვარად, პრეზიდენტის 2008 წლის 10 აპრილის №245 განკარგულებითა და ინვესტორთან ხელმოწერილი ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შედარების შედეგად, გამოდის რომ ინვესტორს საწარმოების 100% წილების ჯამური ფასი 15 650 792 აშშ დოლარით შეუმცირეს, განსახორციელებელი ინვესტიციის ჯამური ოდენობა - 80 000 000 აშშ დოლარით, ხოლო საბანკო გარანტიის ოდენობა - 4 000 000 აშშ დოლარით.

გარდა ამისა, მთავრობისა და „თბილისის წყლის“ დიდი მონდომებით, ინვესტორმა მაქსიმალურად რეაბილიტირებული ობიექტი მიიღო - კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების შეყოვნების გამო „თბილისის წყალმა“ მოახერხა და საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაციის და დედაქალაქის გამრიცხველიანების გამალებულ პროცესს ათეულობით მილიონი ლარი მოახმარა.

რით დაიმსახურა Multiplex Energy Limited-მა საქართველოს ხელისუფლების ასეთი წყალობა? ამ კითხვას პასუხი რომ გავცეთ, კომპანიის საკუთრებასთან დაკავშირებული ინფორმაცია უნდა მოვიშველიოთ, რომლის თანახმად, GWP-ი რუსი ოლიგარქის, ანდრეი რაპაპორტის საკუთრებაა. წყალკანალში რაპაპორტის აშკარად შემოსვლა, როგორც ჩანს, ხელისუფლებისთვის, რომელსაც რუსებთან ფარულ გარიგებებში ისედაც ხშირად ადანაშაულებენ, წამგებიანი იყო. ამიტომ, წყალკანალის შესასყიდად სპეციალურად შეიქმნა კომპანია, რომელიც შვეიცარიულად მოინათლა და თბილისის წყლის ტენდერში მიიღო მონაწილეობა. რუს ოლიგარქს ქართველი ჩინოვნიკებიც დაეხმარნენ და სამაგიეროდ, რაპაპორტისგან საჩუქრის სახით თბილისის წყლის წილის 15% მიიღეს. სწორედ ამ კომბინაციით აიხსნება მთავრობის მხრიდან GWP-სთვის პერმანენტული შეღავათების მინიჭება. 

GWP-ს ერთ–ერთი ქართველი მეწილე გახდა ლევან კაჭარავა, იგივე „ტილიკა“, რომელიც „სილქ როუდის“ აქციონერი იყო და მისი სახელი ყაზახურ ინვესტიციებს უკავშირდება. მეორე მეწილე – გოჩა მეგრელიძე, ხოლო მესამე – გიორგი გაჩეჩილაძე. ეს უკანასკნელი შევარდნაძის მთავრობის ეკონომიკის მინისტრი იყო. თბილისის წყლის კიდევ ერთი მეწილეა ევგენი დოდი, რომელიც „ინტერრაოს“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეა. როგორც ამბობენ, გერმანელ იორგ მათისსაც ძალიან ბევრი რამ აკავშირებს რუსეთთან. მამამისი რუსეთში წლების მანძილზე გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის საელჩოს თანამშრომელი იყო და ის ფაქტობრივად, ლენინგრადშია გაზრდილი. ამბობენ, რომ მათისს ძალიან კარგად იცნობენ და ენდობიან „ინტერრაოში“.