ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. კომიტეტის ერთ-ერთი წევრი, რომლის ვინაობაც არ სახელდება, სახლში თვითიზოლაციაშია გადაყვანილი და დადგენილია ყველა ის პირი, ვისაც ინფიცირებულთან მჭიდრო კავშირი ჰქონდა.
დღეიდან ისინიც თვითიზოლაციაში არიან. შენობის ის სართული კი, სადაც მუშაობდნენ, დაიხურება და დეზინფექცია ჩაუტარდება.
ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტი იაპონიის ოლიმპიური კომიტეტის, პარალიმპური კომიტეტის, ტოკიოს მთავრობის და იაპონიის მთავრობის 3800-მდე თანამშრომლისგან შედგება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.