კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად ბელარუსის ჩემპიონატი ევროპაში ერთადერთია, რომელშიც ჯერ კიდევ თამაშობენ. აღნიშნულ ქვეყანაში რამდენიმე ქართველი ფეხბურთელიც ასპარეზობს.
5 ტურის შემდგომ Tribuna.com-მა 10 საუკეთესო ფეხბურთელი გამოარჩია და მათ შორის მოხვდა ჩვენებური გიორგი ქანთარია.
ადგილობრივმა მედიამ ქართველი ფეხბურთელის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა და შემდეგნაირად შეაფასა:
„სატურნირო ცხრილში „ნემანის“ პოზიციაზე ყურადღებას ნუ გაამახვილებთ. ქანთარია არის მნიშვნელოვანი მოთამაშე და ერთ-ერთი საუკეთესო საყრდენი ნახევარმცველი ჩემპიონატში. ის გამორჩეულია ბრძოლისუნარიანობით.
5 მატჩში გიორგი ბრძოლაში 141-ჯერ ჩაება, საიდანაც 93 შემთხვევა მისთვის სასარგებლოდ დასრულდა. ჩემპიონტში უფრო ხშირად ორთაბრძოლებს ვერავინ იგებს და ჩაჭრების მხრივ (61) ქართველი ფეხბურთელი ლიდერია.
იგი გამოირჩევა ასევე დრიბლინგითაც, რომლის ანგარიშზე უკვე 33 დრიბლინგია, რომელთაგანაც 76% წარმატებით დასრულდა. ისეთ საპასუხისმგებლო პოზიციაზე, როგორიც მას აქვს, მსგავსი რამის გაკეთების უფლებას საკუთარ თავს მხოლოდ თავდაჯერებული მოთამაშეები აძლევენ.
ასევე, გარდა საჯარიმო დარტყმებისა, მას კარგად გამოსდით თერთმეტმეტრიანი ნიშნულიდან დარტყმა, რაც მიმდინარე სეზონში უკვე მოახერხა“, - წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში ქანთარიამ 5 შეხვედრა ჩაატარა და ყველა თამაშში სასტარტო შემადგენლობაში იმყოფებოდა, აღნიშნული მატჩებში კი 1 გოლის გატანაც მოახერხა. რაც შეეხება ჩვენებურის გუნდს - “ნემანს“ 5 ტურში 1 მოგება, 2 ფრე და 2 მარცხი აქვს და 5 ქულით მე-14 პოზიციაზე იმყოფება.