გივი თარგამაძე:

გივი თარგამაძე: "ეს ქვეყანა ბევრად ჩვენია, ვიდრე ივანიშვილის, რომელმაც სისხლიანი ფულები იშოვა ყაჩაღურ რუსეთში..."

"მე ოქრუაშვილთან ურთიერთობა ჯერ კიდევ იმ დროიდან მაქვს, ვიდრე ის ქვეყანას უღალატებდა. რაღაც მინიშნებები იყო, რომ ამას აპირებდა. მე და ოქრუაშვილმა ამ თემაზე ვილაპარაკეთ, ვიდრე ამ ნაბიჯს გადადგამდა. ვუთხარი - ამას თუ გააკეთებ, ამის მერე ჩემი მტერი გახდები-მეთქი. ჰოდა, როცა გადადგმა დააპირა, მითხრა, ვიცი, მტერი რომ ვიქნებიო. ეს ამბავი ძალიან ადრე მოხდა - მაშინ, როცა ის ბადრი პატარკაციშვილთან წავიდა. მას მერე ეს ადამიანი აღარ მაინტერესებს, თუმცა მისი სხვა მოქმედებები მეტ-ნაკლებად ჯდებოდა "შიდამოღალატეობის" ჩარჩოში, მაგრამ მერე მართლა კლასიკა გააკეთა - რუსებთან ჩავიდა და დოკუმენტურ ფილმში საქართველოს რაღაცეები დააბრალა. ეს აბსოლუტური ღალატია, ამიტომ ისიც კი მზარავს, რომ დღეს ეს ადამიანი საქართველოს ტერიტორიაზეა. ციხეშია თუ სადაცაა, თავად მისი ამ ქვეყნის ტერიტორიაზე ყოფნის ფაქტი უკვე საზიზღრობაა!" - აცხადებს საპარლამენტო უმცირესობის წევრი გივი თარგამაძე გაზეთ "ვერსიისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "სკანდალური ინტერვიუ, რის გამოც გივი თარგამაძეს დაიჭერენ!"

"ვინ დააწესა, რომ ეკა ბესელია და ნანა კაკაბაძე, რომელსაც რაღაც "ენჯეო" აქვს, რაღაც სტატუსებს ადგენენ?! მე თუ მკითხავთ, ეგ სიები უნდა დახიო და გადაყარო! ამათ ვინ ეკითხება, ან რომელი კანონის მიხედვით მოხდა ეს ყველაფერი? რა შუაშია ერთი ცალი "ენჯეოს" აზრი, არ მესმის! ჩახედეთ სიაში მეშვიდე ნომერს - ზვიად ბერაძე არის ადამიანი, რომელიც კაცისკვლაზე წავიდა. უბრალოდ, ის კაცი, შემთხვევით ცოცხალი გადარჩა. როგორც ნანა კაკაბაძემ განაცხადა, მისი ამ სიაში შეყვანის ერთადერთი საფუძველი ისაა, რომ ჩემი ძმის მეგობარია და ეს საკმარისიაო! "მუხროვანის" ამბოხი ჩემთვის საერთოდ ამაზრზენი მოვლენაა. შევარდნაძის დროს ხომ მოაწყო ბუნტი კობა ოთანაძემ, ჩვენს დროსაც მოაწყო, ახლა ამათ დროსაც უნდა მოაწყოს? "ვარდების რევოლუციის" მერე ოთანაძემ პირდაპირ მითხრა, დამიბრუნეთ სპეცნაზი "ალფა", რომელიც იყო იგორ გიორგაძის და მე, როგორც რუსების კაცი, ვეცდები, ურთიერთობები დაგილაგოთო", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გივი თარგამაძე.

"ლევან პირველი, იგორ გიორგაძე, ეს ადამიანები დამტკიცებულად არიან ამ ქვეყნის მტრები და იმიტომ სურთ დაბრუნება, რომ ჰგონიათ, გზა ხსნილია. ეს სიტუაცია "ღადაობად" ჩანს, მაგრამ ასეთმა უპასუხისმგებლობამ შეიძლება, ქვეყანა ერთ წუთში დაანგრიოს. თუმცა ჩვენ მხნედ ვართ და ვეცდებით, თუ ქვეყანამ ჩამონგრევა დაიწყო, სიტუაცია დავიჭიროთ. ღმერთმა ნუ ქნას, მაგრამ სიტუაციას სწორედ ჩვენ დავიჭერთ და არა ესენი. ჩვენ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხალხი ვართ, ესენი კი თავისთავის კაცები. თუ სახელმწიფოს ჩონჩხს რაღაც ბზარი გაუჩნდა, ამათ აღარ შევხედავთ და ვეცდებით, გავამთელოთ. მე არ მჯერა შეთქმულების თეორიების და იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი რუსების პროექტია. რუსები ბევრად სუსტები და დებილები არიან და მათ ასეთი რაღაცის დაგეგმვა არ შეუძლიათ. ახლა პუტინის პირველი საპრეზიდენტო ვადა რომ ყოფილიყო, თვენახევარში მოგვიღებდა ბოლოს, ისეთი დასუსტებულია საქართველო. მაგრამ ბედმა გაგვიღიმა, მგონი, პუტინს ზურგი აწუხებს და ეს ფაქტი სასიხარულოა", - განაგრძობს რესპონდენტი.

"პირველად არ ვარ ოპოზიციაში, ამიტომ დისკომფორტს არ ვგრძნობ. რა თქმა უნდა, არის ზღვარი, რის მერეც, ჩვენ თუ ჩავთვალეთ, რომ ქვეყანა იღუპება, ახალგაზრდობას გავიხსენებთ, ოღონდ ამას მარტო ჩვენით ვერ გავაკეთებთ, როგორც მაშინ არ გაგვიკეთებია მარტო - ხალხიც ჩვენთან იყო! თუ აქამდე მივა საქმე, ხალხი ამ სიტუაციას თავის ხელში აიღებს და მათაც ისევე დავეხმარებით ტექნიკის ცოდნით, როგორც ჩვენს მეგობრებს. შესაბამისად, ავიღებთ პოლიტიკურ პასუხისმგებლობასაც! ეს ქვეყანა ბევრად ჩვენია, ვიდრე ივანიშვილის, რომელმაც სისხლიანი ფულები იშოვა ყაჩაღურ რუსეთში ბოდიალით და მერე თავის სოფელში ჩაჯდა. ბიძინა კი ისეთი ტემპით მიდის უკან, მის სადარაჯოზე ყველაზე მგრძნობიარე რადარივით ვიდგებით. ჩვენ ზღვარს არაფერში გადავალთ, ოღონდ, როგორც კი საფრთხე შეეხება ქვეყნის სუვერენიტეტს, ჩვენი დღის წესრიგი იმავე წამს შეიცვლება. რა თქმა უნდა, მიხსენებენ ფრაზას "სულს ამოგხდით", მე კი ვამბობ – არ დავუშვებ, პრორუსული ძალების რევანშს, არ დავუშვებ, რუსთაველზე რუსეთის დროშის ფრიალს, სულს ამოგხდით!" – დასძენს გივი თარგამაძე.