წყალტუბოში, საკარანტინო სივრცისთვის განკუთვნილი სასტუმრო „პრომეთეს“ წარმომადგენლები კატეგორიულად უარყოფენ, რომ მათ სასტუმროში პირს კორონავირუსი დაუდასტურდა

წყალტუბოში, საკარანტინო სივრცისთვის განკუთვნილი სასტუმრო „პრომეთეს“ წარმომადგენლები კატეგორიულად უარყოფენ, რომ მათ სასტუმროში პირს კორონავირუსი დაუდასტურდა

წყალტუბოში საკარანტინო სივრცისთვის განკუთვნილი სასტუმრო „პრომეთეს“ წარმომადგენლები კატეგორიულად უარყოფენ, რომ მათ სასტუმროში მყოფ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ სასტუმრო „პრომეთეს“ დირექტორმა ხათუნა მაღლაკელიძემ აღნიშნა, ტელევიზიის მეშვეობით არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, რომლის მიხედვითაც, თითქოს, სასტუმრო საკარანტინო რეჟიმის პირობებს არ აკმაყოფილებს. როგორც მაღლაკელიძე განმარტავს, აღნიშნულმა ცრუ ინფორმაციამ კარანტინში მყოფ პირებსა და პერსონალზე უარყოფითად იმოქმედა.

„ჩვენთან მყოფ არცერთ პირს კორონავირუსი არ აღმოჩენია. ამ 14 დღის განმავლობაში, ვისაც ტემპერატურა უფიქსირდებოდა, ტესტირების ჩატარების მიზნით გადაჰყავდათ და შემოწმების შემდეგ, ისევ აბრუნებდნენ უკან. ერთ-ერთ პირს ბრმანაწლავის ოპერაცია გაუკეთეს და ისევ დააბრუნეს, ასევე დღეს ორ ადამიანს სიცხე დაუფიქსირდა, კონტროლის მიზნით გადაიყვანეს და თუკი, ვირუსი არ აღმოაჩნდებათ, სახლში გაწერენ, რადგან დღეს მე-14 დღეა. ამას გარდა, ერთ-ერთი არხის მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩვენი სასტუმრო სტანდარტებს არ შეესაბამება. იმერეთში ჩვენ მეხუთე საკარანტინო ზონა ვართ. თავდაპირველად, როცა სასტუმროს შერჩევა ხდებოდა, ჩვენთან ჯანდაცვის სამინისტროდან, დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან, საგანგებოდან მოვიდნენ და შეამოწმეს, რამდენად უსაფრთხო იქნებოდა იმ ადამიანებისთვის მომსახურების გაწევა, რომლებიც იზოლაციაში უნდა ყოფილიყვნენ. კამერებით შიდა და გარე პერიმეტრის კონტროლი ხდება, ასევე სახანძრო და სხვა უსაფრთხოების ნორმები დაცულია, ყველა სტანდარტს შევესაბამებით. სწორედ, ამის გამო დაგვრთეს ნება, რომ ამ პროექტში ჩავრთულიყავით. შოკისმომგვრელი იყო ინფორმაციის გავრცელება, თითქოს, ჩვენი სასტუმრო არანაირ სტანდარტს არ შეესაბამება და დარღვევები მიდის. მკაცრი კონტროლი გვაქვს და ყველა იმ რეკომენდაციას ვითვალისწინებთ, რაც 2 აპრილიდან გვაქვს მიღებული. ხვალ ეს ადამიანები უნდა გაწერონ, სტანდარტების შესაბამისად სასტუმროს დეზინფექცია მოხდება და ახალ ნაკადს ველოდებით. არასწორი სიუჟეტითა და ინფორმაციით, რეპუტაცია შეელახა ისეთ კომპანიას, რომელიც ბაზარზე 9 წელია არსებობს“, - განაცხადა მაღლაკელიძემ.