WBO-ს ვერსიით, მსოფლიო ჩემპიონი ტერენს კროუფორდი კორონავირუსს ადამიანებში პანიკის დათესვის და მათი გაკონტროლების საშუალებად მიიჩნევს. ამის შესახებ მან Sports Illustrated-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ჩემთვის არაფერი შეცვლილა, სახლში არ ვიკეტები და არც ბავშვებს ვუზღუდავ გადაადგილებას. არ მჯერა, რომ ეს გარდაცვლილთა რიცხვი, რომელზეც საუბრობენ, რეალურია. ამ შიშს ადამიანების გასაკონტროლებლად იყენებენ. მსოფლიოს მასმედია მართავს. ისინი წერენ ყველაფერს, რასაც მოისურვებენ, შემდეგ კი ადამიანებს ამის ეშინიათ. ყველა ამბობს, რომ კორონავირუსი არაა სახიფათო ჯანმრთელი ადამიანებისთვის, მაგრამ ამის თქმა ნებისმიერი გრიპის შესახებ შეიძლება“, - განაცხადა მოკრივემ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.