ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) კლუბის, „იუტა ჯაზის“ ცენტრი რუდი გობერი აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც კორონავირუსით დაინფიცირდა, სოციალურ ქსელებში მას სიკვდილით ემუქრებოდნენ. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
„ჩემდამი ხალხის დამოკიდებულება შეიცვალა. ბევრი სიკვდილით მემუქრებოდა. არ მინდა პანიკის დათესვა, უბრალოდ ვიცი, რომ უნდა მოვიცადო და ეს ყველაფერი ჩაწყნარდება. ადრე თუ გვიან სიმართლე ყოველთვის ირკვევა, მაშინ კი კორონავირუსის გამო საზოგადოებაში ძალიან დიდი პანიკა იყო", - ამბობს რუდი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.