შაქრის წარმოების აღორძინების გადაწყვეტილებამ ბიზნესმენებს შორის ბევრი კითხვა გააჩინა. ადგილობრივი წარმოების ამოქმედებას ყველა ემხრობა, თუმცა გარკვეული პირობებით.
„აგარის შაქრის კომბინატის“ ამუშავების დავალება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ეკონომიკის სამინისტროს რამდენიმე დღის წინ მისცა და ნათია თურნავამ იმავე დღეს პირობა დადო, რომ ქარხანა 2 თვეში ამოქმედდებოდა. ეს ვადა ივნისის დასაწყისია, მანამდე ყველაფერი მოგვარებული და მოწესრიგებული უნდა იყოს.
ნათია თურნავა აცხადებს, რომ მთავრობამ გადაწყვიტა დაეხმაროს და გვერდში დაუდგეს, არა მაინც და მაინც კონკრეტულ კომპანიას - „აგარის შაქრის კომბინატს“, არამედ ადგილობრივი წარმოებას და ეს ერთ-ერთ იმ დარგთაგანია, რომელის სერიოზულად განვითარებასაც აპირებენ.
„საკუთარი რესურსით მაქსიმალურად უნდა შევძლოთ საკუთარი ბაზარი მოვამარაგოთ ყველგან, სადაც ეს უპრიანია. შაქრის წარმოება არის ასეთი დარგი. აქედან გამომდინარე, როცა ჩვენ ვამბობთ, რომ დავეხმარებით „აგარის შაქრის“ კომბინატს, ამით ვამბობთ, რომ ნებისმიერი საწარმო, რომელიც საქართველოში აწარმოებს შაქარს, იგივე პირობებს მიიღებს. ამ ეტაპზე ეს არის „აგარის შაქრის კომბინატი“, რომელიც ყველაზე მეტად მზად არის და პრაქტიკულად, 2 თვეში შეძლებს, რომ დაიწყოს წარმოება. თუკი რომელიმე სხვა კომპანია იქნება მზად ამისთვის, ჩვენ იგივენაირად დავუდგებით მათ გვერდში სხვადასხვა საშუალებით“, - განაცხადა თურნავამ.
ადგილობრივი წარმოების ამოქმედება მაინცდამაინც არ ესიამოვნათ შაქრის უმსხვილეს იმპორტიორებს. კომპანია „ალფა“, რომელსაც შაქრის ადგილობრივ ბაზარზე 17-20%-იანი წილი უჭირავს, შაქრის ადგილობრივი წარმოების განვითარების მომხრეა, თუმცა როგორც კომპანიის დირექტორი გურამ ბროძელი „ბიემ.ჯი“-სთან აცხადებს, ეს არ უნდა მოხდეს ისე, როგორც აქამდე ხდებოდა, ანუ სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირებით და ნედლეულის (შაქრის ლერწმის) უცხოეთიდან შემოტანის გზით.
გურამ ბროძელი ამბობს, რომ შაქრის ადგილობრივი წარმოების განვითარებას უფრო დიდი პერიოდი სჭირდება, ვიდრე 2 თვეა. მას შემდეგ რაც, 2019 წლის მარტში „აგარის შაქარი“ დაიხურა, კომპანია ისედაც შაქრის იმპორტით და რეალიზაციით იყო დაკავებული.
„ჩვენ მომხრე ვართ ქართული წარმოების გაძლიერების, მაგრამ თუკი აგარის ქარხანას კვლავ ექნება საშუალება, ლერწამი შემოიტანოს, რაფინირება გაუკეთოს და ცოტა დაბალი ხარისხის შაქარი აწარმოოს, ამის ნამდვილად არ დავეთანხმებით. მოიყვანონ შაქრის ჭარხალი, დაასაქმონ გორის და ქარელის მოსახლეობა და აწარმოონ შაქარი. იმ შემთხვევაში, თუ ისევ შემოიტანენ ლერწამს, თან სუბსიდიებს მიიღებენ სახელმწიფოსგან და ჩვენ კონკურენტუნარიანები აღარ ვიქნებით, ეს არ იქნება სწორი.
ვიცით, რომ ადრე აგარის შაქრის ქარხანა გარკვეული შეღავათებით სარგებლობდა, მაგრამ მაინც ვერ მიიღეს ის შედეგი... და შედეგს ვერ მიიღებენ თუ ადგილობრივი მოსახლეობა არ დასაქმდება. სჯობს, სოფლის მეურნეობა ავაღორძინოთ და აგარის გარშემო არსებული სავარგულები დაიტვირთოს, მოსახლეობაც დასაქმდება“, - განაცხადა ბროძელმა და დასძინა, რომ 2 თვეში აგარის შაქრის კომბინატის ამუშავება ნიშნავს იმას, რომ ეს ისევ იმპორტირებული ნედლეულის ხარჯზე მოხდება.
ბაზრითვის კბილებით იბრძვიან, წარმოებაზე კი ალერგია აქვთ. სამწუხაროდ მერკანტელიზმი ფიზიოკრატიზმს დღემდე ვერ დაუმარცხებია. სამაგიეროდ ეროვნული ეკონომიკის პროტექციონიზმია დამარცხებული.
ნაკლები პოლიტიკა, მეტი ეკონომიკა. სულის და გონის მძლავრი იმპულსი სჭირდება საქართველოს, მძლავრი, უანგარო, უშიშარი, თავგადადებული მსახურება ქვეყნის. უტოპიურად ჟღერს, ხომ?
ამას რაღა კომენტარი უნდა?!