მამუკა არეშიძე: “რომელმა სახელმწიფომ ისარგებლა პანდემიით?!”

მამუკა არეშიძე: “რომელმა სახელმწიფომ ისარგებლა პანდემიით?!”

“დღეს არაერთი ვერსია ვრცელდება; მსოფლიო ლიდერები, გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციები საფუძვლიან ეჭვებს გამოთქვამენ, ტყუილ-მართალი ერთმანეთშია არეული და დანამდვილებით რამის თქმა რთულია... მე-20 საუკუნის ბოლოდან გაჩნდა მოლოდინი, რომ ქვეყნებს, რომელთაც არსებული ბირთვული პარიტეტის შეცვლა აღარ შეეძლოთ, შეიძლებოდა შეექმნათ განსხვავებული იარაღი, რომელიც არანაკლებ ეფექტიანად იმოქმედებდა, თანაც ინფრასტრუქტურის მასობრივი განადგურების გარეშე. ასეთი იარაღის შექმნაზე კარგა ხანია მუშაობენ და ოდესმე მისი გამოყენების დროც დადგება, თუ უკვე არ გვაქვს საქმე ამ იარაღის გამოყენებასთან...”, - აცხადებს ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით რომელმა სახელმწიფომ ისარგებლა პანდემიით?! / “მთელი ეს ისტორია ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის, რომ თავიდან ეს ყველაფერი ხელოვნურად შეიქმნა, მაგრამ მერე მავანს პროცესი ხელიდან გაუსხლტა” / “სანქციები არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რასაც, ალბათ, აუცილებლად დაუწესებენ ჩინეთს, თუნდაც მხოლოდ ვირუსის შესახებ ინფორმაციის დამალვის გამო”.

“არსებობს ვერსია, რომ ვირუსმა ხელოვნურად გაჟონა ლაბორატორიიდან. ეს მხოლოდ ვერსიაა, თუმცა, ალბათ, როდისმე ამ საქმის დაწვრილებით გამოძიებაზეც მიდგება საქმე, აუცილებლად გამოიკვლევენ ამ ვერსიის საფუძველსაც. მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების არეალს რომ ვუყურებ, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს მესამე სამყაროს ქვეყნებისთვის ეს თემა ნაკლებად აქტუალურია - ვგულისხმობ აფრიკას, წინა აზიას. შევხედოთ ახლო აღმოსავლეთს - აქ გაცილებით რთული ვითარებაა ისრაელში, რომელიც რეგიონში საკვანძო მნიშვნელობის ქვეყანაა, ვიდრე მის გვედით მდებარე ზოგიერთ არაბულ ქვეყანაში, რომლებიც სამედიცინო სისტემით მაინცდამაინც ვერ დაიკვეხნიან. დღეს ვირუსი ყველაზე მასშტაბურად გავრცელებულია ამერიკის შეერთებულ შტატებში, მაგრამ ლათინურ თუ სამხრეთ ამერიკაში ასეთივე მასშტაბსა და დაძაბულობას ვერ ვხედავთ. ეს ყველაფერი კითხვებს აჩენს. მთელი ეს ისტორია ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის, რომ თავიდან ეს ყველაფერი ხელოვნურად შეიქმნა, მაგრამ მერე მავანს პროცესი ხელიდან გაუსხლტა. უამრავი კითხვაა, რომლებზეც პასუხი არ ჩანს. ჯერჯერობით ამ პასუხების მოსაძებნად მსოფლიოს არ სცალია, ჯერ კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან უწევს ბრძოლა, მაგრამ ამის დროც დადგება და არცთუ დიდი ხნის შემდეგ, ეს შეკითხვები ახლაც ისმის ძალიან მაღალ დონეზე - გაეროს, ევროკავშირისა და სხვა გავლენიანი პლატფორმებიდან”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.

“აშკარაა, მიმდინარეობს მსოფლიოს ახალი წესრიგის ჩამოყალიბების პროცესი და შეიძლება ითქვას, რომ პანდემიის დასრულების შემდეგ აღმოვჩნდებით სრულიად ახალ რეალობაში, სხვანაირ მსოფლიოში, სადაც შეიცვლება არა მხოლოდ სამედიცინო და ეკონომიკური მიდგომები, არამედ პოლიტიკურ ძალთა ბალანსი და, რაც მთავარია, ადამიანის ცნობიერება. ბევრ სახელმწიფოს - განსაკუთრებით ევროპაში - მოუწევს საკუთარი პოლიტიკის გადახედვა; ამის გაკეთება მოუწევთ დიდ პოლიტიკურ გაერთიანებებსაც. ისმის კითხვა: რატომ ვერ უმკლავდებიან ძლიერი ქვეყნების სამედიცინო სისტემები ამ გამოწვევას? უპირველესად იმიტომ, რომ იმდენი ხანია, მსოფლიოში ამგვარი გამოწვევა არ ყოფილა, რომ აღარც ექიმია საკმარისი და არც - მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. საბჭოთა კავშირის დროს კარგა ხნის განმავლობაში რეგიონების მიხედვით არსებობდა შავი ჭირის სადგურები და მუდმივად მიმდინარეობდა ეპიდვითარების აღწერა. საქართველოში იყო უდიდესი სპეციალისტი თამაზ კერესელიძე, რომელმაც ეპიდემიოლოგიის უძლიერესი სკოლა შექმნა. ეს სამი ადამიანი, დღეს გმირებად რომ იქცნენ, სწორედ მისი სკოლის გამოზრდილია. ამ სკოლისა და ლუგარის ლაბორატორიის არსებობამ, ამასთანავე, კრიზისის მართვის სწორმა სისტემამ, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ შეიმუშავა, შექმნა დღევანდელი ვითარება. იმედი ვიქონიოთ, რომ ასე გაგრძელდება და რაც შეიძლება ნაკლები ადამიანური დანაკარგით გავივლით ამ რთულ პერიოდს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ჯერჯერობით სახელმწიფოდ, რომელმაც პანდემიით ისარგებლა ჩანს ჩინეთი, რომელმაც, როგორც თვითონ ამტკიცებენ, კორონავირუსთან გამკლავება შეძლო და ამავდროულად, ეკონომიკურად დიდი დივიდენდი მოიპოვა - პრაქტიკულად, ყველა იმ უცხოური კომპანიის აქციები, რომლებიც ჩინეთის ტერიტორიაზე მუშაობდნენ, ჩინეთში დარჩა, კაპიკებად ჩაიგდეს ხელში. ამით ძალიან მძიმე დარტყმა მიადგა დანარჩენი მსოფლიოს ეკონომიკას. დარტყმა ყველამ მიიღო, ვინც დღეს მსოფლიო პოლიტიკას ქმნის: აშშ-მა, რუსეთმა და ევროკავშირმა, რომელიც სავალალო მდგომარეობაშია, სარგებელი კი ჯერჯერობით მხოლოდ ჩინეთმა ნახა... სანქციები არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რასაც, ალბათ, აუცილებლად დაუწესებენ ჩინეთს, თუნდაც მხოლოდ ვირუსის შესახებ ინფორმაციის დამალვის გამო, თუკი ეს დადასტურდა, მაგრამ ამის გარდა, არსებობს მორალური გადაწყვეტილებებიც. ვფიქრობ, უახლოესი წლების განმავლობაში ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობისგან ქვეყნები მაქსიმალურად შეიკავებენ თავს. მგონია, რომ ჩინეთის დღევანდელი ეფემერული სარგებელი უახლოეს მომავალში აღარ იმუშავებს. იქნება სანქციებიც და მორალური პასუხისმგებლობაც ჩინეთს დაეკისრება”, - მიიჩნევს ექსპერტი.

“დღეს ჩვენი საზოგადოების პოზიტიური ფსიქოლოგიური განწყობა განპირობებულია რამდენიმე ფაქტორით. ერთია ის, რომ საზოგადოებამ ხელისუფლების ძლიერი ხელი იგრძნო და მოარული აზრი, რომ ეს იყო უნიათო ხელისუფლება, გაცამტვერდა; ბევრი უკვე იმასაც ამბობს, ამდენი თუ შეგეძლოთ, აქამდე სად იყავითო... მეორე ფაქტორია ის, რომ საზოგადოებას აქვს კონკრეტული ორიენტირი - 21 აპრილი, როდესაც საგანგებო მდგომარეობა უნდა გაუქმდეს. შესაბამისად, საზოგადოების დიდი ნაწილი ფიქრობს, ამ ვითარებას 21 აპრილამდე გავუძლებთო... მესამე ფაქტორია ხელისუფლების დაპირებები, რაც საზოგადოებას იმედს უჩენს. ეს სამი ფაქტორი განაპირობებს იმას, რომ ხელისუფლებას აქვს დრო და საშუალება, გათვალოს და ისე გადადგას შემდგომი ნაბიჯები. ჯერ არ ვიცით, შედეგიანი იქნება თუ არა მთავრობის პროგრამა, რომელიც გახარიამ წარმოადგინა, მაგრამ ადამიანებს, ვისაც შიმშილის ეშინია, იმედს უსახავს. ხელისუფლებამ ეს ვითარება უნდა გამოიყენოს, ხოლო 21 აპრილის შემდეგ მისი ნაბიჯები უნდა იყოს სწორედ ამ კეთილგანწყობის შენარჩუნებაზე ორიენტირებული. ეს ეკონომიკური პროექტი უნდა ამუშავდეს და მას უნდა დაემატოს სხვა კომპონენტებიც. ხალხმა უბედურების პირისპირ თავი მარტოდ არ უნდა იგრძნოს. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ საზოგადოებაში სოლიდარობისა და თანადგომის უამრავი მაგალითი გაჩნდა”, - დასძენს მამუკა არეშიძე.

“როცა საზოგადოება ხედავს, რომ მასზე ვიღაც ზრუნავს, ბევრ რამეს ითმენს, მაგრამ ეს მოთმინება უსასრულო ვერ იქნება. ხელისუფლებამ დროულად უნდა მოიძიოს რესურსი და დაანახვოს საზოგადოებას, რომ პოსტეპიდემიური პერიოდი იქნება მშენებლობის პერიოდი. საზოგადოებამ უნდა დაინახოს საბაზისო ნაბიჯები, რომლებიც მომავალში შედეგს მოიტანს. მიმაჩნია, რომ ადგილობრივი პროდუქციის წარმოებისთვის უნდა ამუშავდეს შეღავათიანი საგადასახადო სისტემა. მე ეკონომისტი არ ვარ და შეიძლება ვცდები, მაგრამ შეღავათებისა და წახალისების გარეშე არაფერი გამოვა. ეს შეეხება სოფლის მეურნეობის პროდუქტების მოყვანასაც. ხორბალი ავიღოთ... საქართველოში, რაც გვჭირდება, იმის მხოლოდ 10% მოგვყავს და როცა მსოფლიოში ასეთი მძიმე მდგომარეობაა, ჩვენი მომწოდებლები - რუსეთი და ყაზახეთი შეძლებენ კი იმდენი მოსავლის მოყვანას, რომ ჩვენც მოგვაწოდონ?! სრულიად ახალი მიდგომებია საჭირო. აქამდე ჩვენ მთელი ყურადღება ღვინის ექსპორტისა და მევენახეობისკენ გვქონდა მიპყრობილი. ეს კარგია, მაგრამ, ვფიქრობ, სხვა რამეებზეც უნდა გამახვილდეს ყურადღება და გადაიდგას შესაბამისი ნაბიჯები”, - თვლის რესპონდენტი და შეკითხვაზე - “რას ფიქრობთ კრიზისის დროს ქართული ოპოზიციის ქმედებებზე?” - პასუხობს:

“ოპოზიცია ერთი უკიდურესობიდან მეორეში ვარდება. ერთი სული აქვთ, ხელისუფლება გააკრიტიკონ; მერე ხვდებიან, რომ ეს კრიტიკა არ არის რელევანტური და საზოგადოების დიდი ნაწილის უკმაყოფილებას იწვევს და ვარდებიან მეორე უკიდურესობაში - ხელისუფლებას თანამშრომლობას სთავაზობენ... მოკლედ, ოპოზიციის დიდი ნაწილი არასერიოზულ შთაბეჭდილებას ტოვებს. თუ დახმარება უნდოდათ, გადაერიცხათ კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში თანხა იმ სახელმწიფო დაფინანსებიდან, რომელსაც იღებენ. ახლა, როცა მათ ამისკენ ხალხი სოციალური ქსელით მოუწოდებს, ალბათ, აღარ გადარიცხავენ და ამას მათთვის პოლიტიკური ეფექტიც არ მოჰყვება... უცებ ყველა `ნაციონალი~ ეპიდემიოლოგად იქცა და ექიმებს ჭკუას ასწავლიან - მესმის სწრაფი ტესტების მნიშვნელობა, მაგრამ ისეთ მდგომარეობაში არ უნდა ჩავცვივდეთ, როგორშიც ჯერ იტალიის და შემდეგ ჰოლანდიის ხელისუფლებები აღმოჩნდნენ, როდესაც იჩქარეს და მიიღეს აბსოლუტურად უხარისხო პროდუქცია ჩინეთიდან...”