საგარეო საქმეთა მინისტრმა განმარტა რამდენ მოქალაქეს დაეხმარა ქვეყნის დიპლომატიური კორპუსი. როგორც დავით ზალკალიანმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, ამ საკითხთან დაკავშირებით ბევრი ცრუ ინფორმაცია ვრცელდება, მაშინ როცა საელჩოები და საკონსულოები საკუთარი შესაძლებლობების ზღვარზე მუშაობენ.
„დღეის მდგომარეობით, 40-ზე მეტ ქვეყანაში საქართველოს 2 425 მოქალაქეს გაუწია შესაბამისი დახმარება საქართველოს დიპლომატიურმა მისიებმა და საკონსულოებმა. დახმარება მოიცავს როგორც საცხოვრებლით, ისე საკვებით, ტრანსპორტით, მედიკამენტებით, ონლაინ-სამედიცინო კონსულტაციებით და გადაუდებელი სხვა რეკომენდაციებით ჩვენი მოაქალაქეების დახმარებას. მე მინდა საზოგადოებამ იცოდეს ზუსტად ის რაოდენობა და ის საქმიანობა, რომელსაც ჩვენი მისიები ახორციელებენ საზღვარგარეთის ქვეყნებში. ჩვენი დიპლომატები, საკონსულო დაწესებულებები მუშაობენ არსებული შესაძლებლობების ზღვარზე. სიტუაცია გაცილებით უფრო მძიმეა ყველა იმ ქვეყანაში, ვიდრე საქართველოში, სადაც პანდემიის დინამიკა არის მზარდი და ჩვენს დიპლომატებს ამ სიტუაციაში საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის რისკის ფასად უჯდებათ საქმიანობის განხორციელება და ამას ახორციელებენ ძალიან ღირსეულად. და მიუხედავად ბევრი შეურაცხყოფის, ძალიან ბევრი ცრუ ინფორმაციის გავრცელების, ისინი აგრძელებენ საქართველოს მოქალაქეებისთვის შესაბამისი დახმარების აღმოჩენას“, - განაცხადა მინისტრმა.