„სცენარის მეორე ფაზა ხალხის დამშევას გულისხმობს – მშიერი მასების რაიმეზე დათანხმება მარტივია“

„სცენარის მეორე ფაზა ხალხის დამშევას გულისხმობს – მშიერი მასების რაიმეზე დათანხმება მარტივია“

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, პოლიტოლოგი ირაკლი გოგავა ამბობს, რომ აპრილი–მაისი უმნიშვნელოვანესი თვეებია, უმრავლეს ქვეყანაში ამ დროს იწყება ხვნა–თესვა. მნიშვნელოვანია, ქვეყნები ამ სამუშაოებს თავს როგორ გაართმევენ, რადგან გლობალისტები მსოფლიო სასურსათო კრიზისი შექმნას შეეცდებიან და ამას მედიის საშუალებით გააკეთებენ, რისი ნიშნები მათ მიერ კონტროლირებადი ტელევიზიებით უკვე აჩვენეს – მაღაზიის ცარიელი თაროები, ხალხის მიერ მარაგების შესყიდვა, ხორბალმა 10%–ით მოიმატა, სურსათის ექსპორტი ზოგიერთი ქვეყნიდან იზღუდება და ა.შ. როგორც გოგავა აცხადებს, კრიზისს სპეციალურად იწვევდნენ, რათა ხალხი ახალ მოსალოდნელ რეალობას ნაკლები პროტესტით დათანხმებულიყო.

for.ge ირაკლი გოგავას ესაუბრა.

ჩვენთან ინტერვიუში თქვენ ასაბუთებთ, რომ კორონავირუსის პანდემია პლანეტარული მასშტაბის მედია პროექტია, რომლის მიზანი მსოფლიო ეკონომიკის გაჩერება და აშშ–ს არჩევნებზე გავლენაა, ხოლო ამ მედია–პროექტის უკან გლობალისტები არიან. თქვენი ინტერვიუდან რამდენიმე დღეში ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმა გორდონ ბრაუნმა განცხადება გააკეთა, რომ მსოფლიოს დროებითი გლობალური მმართველობა სჭირდება პანდემიის ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად, იგივე განცხადებას აკეთებს გერმანიის პრეზიდენტი ვალტერ შტაინმაიერი, ეკვადორის, იორდანიის, ეთიოპიის, სინგაპურის პირველ პირებთან ერთად. რეალურად რა მოვლენას ვაკვირდებით ახლა?

ირაკლი გოგავა: ყოფილი პრემიერი გორდონ ბრაუნი ბრიტანელი ლეიბორისტების ღერძული ფიგურაა. პირადად ვიცნობ, ვესტმინსტერის სასახლეში ორჯერ შევხვდი. უნიკალური განათლების და ჭკუის პატრონია. ტონი ბლერის წარმატებაში მას ლომის წვლილი მიუძღვის. შტაინმაიერიც ძლიერი ფიგურაა. გლობალისტები ცდილობენ, ეს სიტუაცია სათავისოდ გამოიყენონ და გლობალური მთავრობის იდეის პოპულარიზაცია გააკეთონ.

ეკონომიკურ კრიზისის მართვას რაც შეეხება, გლობალური მმართველობის შემოღება კი არა, გლობალური საერთაშორისო საფინანსო–ეკონომიკური სისტემის გადახედვაა საჭირო, რომელიც უფრო სამართლიანი უნდა გახდეს, განსაკუთრებით განვითარებადი ქვეყნების მიმართ, რომლებიც ვალებში იხრჩობიან. „ვაშინგტონის კონსენსუსზე“ დამყარებული სისტემა, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციები ახორციელებენ, მდიდრების გამდიდრებას და ღარიბების გაღარიბებას გულისხმობს. თუ ამ სისტემის ცვლილებები აქვთ მხედველობაში, კი ბატონო, გეგმა წარმოადგინონ და ვიმსჯელოთ.

გლობალური მთავრობის იდეის უკან რეალურად რა გეგმა დგას?

– რეალურად პლანეტარული მასშტაბის კონტროლი სურთ. საერთაშორისო დონეზე კოორდინაცია დღესაც არის – მეცნიერები, მედიკოსები, ქვეყნები ინფორმაციებს პანდემიის შესახებ ყოვედღიურად ცვლიან. რა სურთ გლობალისტებს? უფრო ეფექტური ელ.ფოსტის პროგრამის შექმნა?! არ მგონია, ეს იყოს მათი მიზანი.

როგორ ფიქრობთ, პლანეტარული მასშტაბის მედია პროექტი დიდხანს გაგრძელდება?

– ჯერ მედიაპროექტის მხოლოდ პირველი ფაზაა. სცენარის ავტორებს დონალდ ტრამპის დასუსტება სურდათ. პირიქით კი გამოვიდა: ზოგიერთი მონაცემით, ეპიდემიის დაწყების შემდეგ ტრამპის რეიტინგმა 8–10%–ით მოიმატა. მან კონგრესს $2,2 ტრილიონი დოლარის საფასურის უპრეცენდენტოდ დიდი გეგმა მიაღებინა. ამას გარდა, ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ მას დიდი მხარდაჭერა გამოუცხადა და მზაობა გამოთქვა აშშ–ს ფედერალურ ბიუჯეტს დამატებით $4 ტრილიონი გამოუყოს თუ საჭირო გახდა. 2020 წელს ამერიკის ფედერალური ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი $4,7 ტრილიონი იყო, ხოლო შემოსავლები $3,6 ტრილიონი. რეალურად გააორმაგეს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ აშშ ეკონომიკურ კრიზისს დაძლევს და ტრამპს ეკონომიკის რეცესია ნოემბრის არჩევნებისთვის არ ექნება, თუმცა ეკონომიკური პრობლემები გარდაუვალია. აქედან გამომდინარე, გლობალისტები მედიასტრატეგიას შეცვლიან და აქცენტს ეკონომიკურ ან/და სასურსათო კრიზისზე გადაიტანენ.

თუკი, გლობალისტები შეცვლიან მედიასტრატეგიას, ასეთ შემთხვევაში რა პროცესებს უნდა ველოდოთ?

– აპრილი–მაისი უმნიშვნელოვანესი თვეებია. უმრავლეს ქვეყანაში ამ დროს იწყება ხვნა–თესვა. მნიშვნელოვანია, ქვეყნები ამ სამუშაოებს თავს როგორ გაართმევენ. გლობალისტები მსოფლიო სასურსათო კრიზისი შექმნას შეეცდებიან და ამას მედიის საშუალებით გააკეთებენ. ამის ნიშნები თავიანთი ტელევიზიებით უკვე გვაჩვენეს – მაღაზიების ცარიელი თაროები; ხალხის მიერ მარაგების შესყიდვა; ხორბალმა 10%–ით მოიმატა; სურსათის ექსპორტი ზოგიერთი ქვეყნიდან იზღუდება და ა.შ. გავიხსენოთ, როცა მოსკოვი და КГБ საბჭოთა კავშირს შლიდა, საწყობები სავსე იყო, მაღაზიის თაროები კი ცარიელი; სავსე ვაგონები დეპოებში იდგა, მომხმარებლამდე კი არ მიდიოდა... კრიზისს სპეციალურად იწვევდნენ, რათა ხალხი ახალ მოსალოდნელ რეალობას ნაკლები პროტესტით დათანხმებულიყო.

სასურსათო კრიზისის იმიტაცია შეიძლება ახლაც მოახდინონ?

– რა თქმა უნდა, და ეს სცენარის მეორე ფაზა იქნება, რაც ხალხის დამშევას გულისხმობს – საკვების სანაცვლოდ მშიერი მასების რაიმეზე დათანხმება მარტივია. გლობალისტები ბიბლიურ სიუჟეტებს კარგად იცნობენ და თავიანთ პროგრამებს ბიბლიური სიუჟეტების მიხედვით ადგენენ, რათა პროცესებს მეტი მისტიკა, ძალა და დამაჯერებლობა შესძინონ. ახალ აღქმაში, იოანეს გამოცხადებაში, რომელსაც აპოკალიფსსაც უწოდებენ, ბოლო ჟამის აღწერაში აპოკალიფისის 4 მხედარია ნახსენები, რომელთაგან მესამე შიმშილის სიმბოლოდ არის მიჩნეული.

მეორე მხედრის, ანუ ომის სცენარს გამოტოვებენ, რადგან ბირთვულ სამყაროში დიდი ომი გლობალისტებსაც არ აწყობთ, რადგან უმართავი პროცესები შეიძლება წავიდეს. თანაც ამ ვირსუსის პანდემიას „ომი უხილავ მტერთან“ უკვე დაარქვეს. მესამე მხედრის შემდეგ ჩნდება მეოთხე მხედარი, რომელიც სიკვდილის სიმბოლოდ არის მიჩნეული.

მიუხედავად იმისა, თუ რას მოიმოქმედებენ გლობალისტები, ჩვენი ამოცანა მარტივია: პირველ რიგში, საქართველოს სასურსათო უსაფრთხოებას მივხედოთ. ქვეყანამ მინიმუმ თავისი საკმარი სურსათი უნდა აწარმოოს. ეროვნული უსაფრთხოების საკითხების ანალიზის და დაგეგმვის დროს ამოსავალი წერტილი ყველაზე ცუდი სცენარი უნდა იყოს. ამიტომ, ამ ვითარებაში, სასურსათო ბაზის შექმნაზე სახელმწიფომ და ხალხმაც რესურსი არ უნდა დაიშუროს.

რა პრობლემები გვაქვს სასურსათო საკითხში და რა უნდა გაკეთდეს?

– დღეს სურსათის 80%–ზე მეტი იმპორტულია. 2019 წელს 1,2 მილიონი ჰექტარი სახნავი მიწიდან მხოლოდ 207 ათასი ჰექტარი დაიხნა. ეს ლიბერალური თავისუფალი ბაზრის კონცეფციის შედეგია, რომელსაც თავს გვახვევენ და 2004 წლიდან ბრმად მივყვებით. მაგალითად, 2000 წელს 800 ათასამდე ჰექტარი იხვნებოდა, კომუნისტების დროს 1,2 მლნ. ჰექტარი. მიიჩნევა, რომ წლის განმავლობაში ერთი ადამიანის გამოსაკვებად 0.6 ჰექტარი ნათესია საჭირო.

გამოდის, რომ დღეს მიწათმოქმედებით მხოლოდ 350,000 ადამიანის გამოკვება შეგვიძლია; მეხილეობით, მესაქონლეობით, რძის პროდუქტებით, მეფრინველეობით, მეთევზეობით, შინამეურნეობების აღურიცხავი პროდუქტით კი კიდევ 700,000 ადამიანის. ყველაზე ოპტიმისტური გათვლებით, საკუთარი პროდუქტით ერთ მილიონ ადამიანმდე შეგვიძლია გამოვკვებოთ. დანარჩენი 2,7 მლნ. კი იმპორტულ პროდუქტზეა დამოკიდებული.

დღეს რას ვხედავთ?! სოფლის მეურნეობის მინისტრი იმპორტულ საქონელზე ფასებს არეგულირებს, მთავრობა კი 10 მლნ ლარით იმპორტული საქონლის სუბსიდირებას ახდენს. ასე არ გამოვა! სასურსათო კრიზისი მედიაკამპანიით მალე შეიძლება შექმნან. დაახლოებით ისე, როგორც კორონაკრიზისი. სოფლის მეურნეობის მინისტრს რა საქმე აქვს იმპორტულ საქონელთან?! ის ახლა რეგიონებში რუკებთან უნდა იდგეს და გეგმავდეს, რომელი ტექნიკა რომელ მიწის მასივს დაამუშავებს;

საწვავ–საპოხი მასალები საიდან, როგორ და ვის მიეწოდება; სად და რა ითესება; მელიორაცია და ირიგაცია როგორ ხდება; სასუქი თუ არის საკმარისი; აგრარული კოოპერატივების შექმნა და წახალისება; სასაწყობე და სამაცივრე ინფრასტრუქტურა სად და როგორ იქნება; ქარსაცავი ზოლების დაგეგმვა და აღდგენა; თევზსაშენი მეურნეობების მოტივაცია; რა უჭირს მეცხოველეობას, მეფრინველეობას, მერძევეობას; კვების მრეწველობის წარმოებების კონკრეტული სია ადგილების და სანედლეულო ბაზის განსაზღვრით და ბევრი სხვა.

დღეს წელიწადში $550 მილიონის სურსათს ვყიდულობთ, როცა შეიძლება, რომ ეს $550 მილიონი ჩვენმა ფერმერებმა მიიღონ და დაახლოებით ერთი ამდენის პროდუქცია საექსპორტოდ აწარმოონ. ეს ფული ხომ ეკონომიკაში დატრიალდება, ბიუჯეტი გადასახადებს მიიღებს და ეკონომიკაც გაიზრდება. დღეს კი რა გვაქვს? ისეთი სიტუაციაა შექმნილი, რომ მიწის დამუშავებას აზრი არ აქვს. ერთი ჰექტრის დამუშავება საქართველოში მეტი ჯდება, ვიდრე უკრაინაში ან სხვა მეზობელ ქვეყანაში. შექმნილ პროდუქტს გლეხი გაჭირვებით ყიდის, ვინაიდან უცხოურ გენმოდიფიცრებულ, შხამ-ქიმიკატებით გაჯერებულ, სუბსიდირებულ და ზოგ შემთხვევაში დემპინგურ საქონელს კონკურენციას ვერ უწევს.

ეს ორი უძვირფასესი თვე თუ დავკარგეთ, შემდეგ გვიან იქნება! სასწრაფოდ უნდა შეიქმნას შტაბი პრემიერის ხელმძღვანელობით, რომელიც 800,000 ჰექტარი მიწის ხვნა–თესვას დაგეგმავს. დიზელის ფასმა დაიწია და აგროსამუშაოები შედარებით იაფი დაჯდება. სოფლის მეურნეობის განვითარება აუცილებლად კვების მრეწველობის განვითარებასთან ერთად უნდა დაიგეგმოს.

„მედიაკორონაკრიზისის“ ფონზე კვების მრეწველობის საწარმოო ხაზები გაიაფდა და იტალიიდან და გერმანიიდან მათი შემოტანა შესაძლებელია განვადებითაც კი. საწარმოო ხაზების იმპორტი დღგ–სგან თავისუფალი უნდა იყოს. დიზელზე უნდა მოიხსნას აქციზი, სახელმწიფო მოსაკრებელი, სასუქი დღგ–სგან გათავისუფლდეს. კვების მრეწველობას რამდენიმეწლიანი არდადეგები სჭირდება. პრემიერი ამის თავისმომბმელი ჩანს, მაგრამ იმპორტიორები შეჭამენ – ისინი ხომ მტაცებლები არიან და მხოლოდ მოგება აინტერესებთ.

დამატებით, კიდევ რისი გაკეთება შეიძლება სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად?

– ბევრი ღონისძიების გატარება შეიძლება. საქართველო მცირემიწიანი ქვეყანაა, ამიტომ სასათბურე მეურნეობას ალტერნატივა არ აქვს. 1 ჰექტარი სათბური ხშირ შემთხვევაში 10–12 ჰექტარი ღია მიწის მოსავალს იძლევა. თუ „სათბურის გაზის“ ტარიფი იაფი იქნება და ბანკები სათბურების მონტაჟის განვადებას დააფინანსებენ, უზარმაზარი შედეგი გვექნება. აზერბაიჯანი ყოველწლიურად $350 მილიონზე მეტი ღირებულების სათბურის ბოსტნეულის ექსპორტს ეწევა. ჩვენთან გაზით გათბობა ძვირია, ნახშირით ვინც ათბობს, აჯარიმებენ, გამონაბოლქვი აქვსო. ჩემი ნება რომ იყოს, შავი ზღვის თევზის გატანას შევზღუდავდი და თევზის საკონსერვო წარმოებებს ადგილზე შევქმნიდი. რა უნდა საქართველოში უცხოურ წვენს?! – ხილს მიაქვს ქვეყანა და ზოგ შემთხვევაში ფერმერები არც კი კრეფენ, რადგან ვერ ყიდიან.

ფაქტია, რომ კორონავირუსმა მთელ სამყაროში ადამიანების ცხოვრების წესი შეცვალა. რა ტიპის დასკვნა უნდა გავაკეთოთ დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე?

– ოთხი მთავარი დასკვა უნდა გავაკეთოთ: 1. მოსახლეობის საინფორმაციო უსაფრთხოება კრიზისის დროს უნდა რეგულირდებდეს მწყობრად გაწერილი წესებით, რადგან ამ კონკრეტულ სიტუაციაში პრობლემის 70%–ს მოსახლეობაზე საინფორმაციო ტეორორი წარმოადგენს. მეცნიერული ფაქტია, რომ ფსიქოლოგიური სტრესის დროს ადამიანის იმუნური სისტემა სუსტდება და უფრო მოწყვლადი ხდება დაავადებებისადმი;

  1. 2. ვალდებულები ვართ ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოება საკუთარი ძალებით უზრუნველვყოთ; 3. კეთილდღეობას, სიმდიდრეს და სამუშაო ადგილებს ქმნის მხოლოდ რეალური სექტორი ანუ მრეწველობა. 4. იმპორტის უარყოფითი სალდო, რომელიც $5 მილიარდი გვაქვს, სიღარიბის, უმუშევრობის და კრიზისების დროს არასტაბილურობის წყაროა.

როგორ შეიცვლება პოლიტიკური წესრიგი კორონავირუსის დასრულების შემდეგ და ლიდერი ქვეყნისთვის როგორ გადალაგდება პრიორიტეტები?

– დღეს განვითარებადი ქვეყნების მიმართ იყენებენ „ვაშინგტონის კონსენსუსის“ მიდგომებს და ის განვითარებადი ქვეყნების მიმართ აშკარად უსამართლოა. ეს სისტემა ემსახურება მდიდარი ქვეყნების და მდიდარი კორპორაციების კიდევ უფრო გამდიდრებას. განვითარებადი ქვეყნების წინსვლა კი მინიმალურია, ხშირ შემთხვევაში უკუსვლაც არის. აუცილებელია ახალი სამართლიანი კონსენსუსის მოძებნა. სუსტი ქვეყნების განვითარება ხელოვნურად არ უნდა იბლოკებოდეს. ეს ნიშნავს, რომ მსოფლიოში მეტი სტაბილურობა იქნება და მიგრანტთა ნაკადებიც არ იქნება მასიური. შრომის საერთაშორისო დანაწილების დღევანდელი მოდელი მიუღებელია.

რატომ უნდა იყოს ჩინეთში 3 მილიონი ქარხანა და ხოლო საქართველოში მხოლოდ რამდენიმე ათეული?! ვფიქრობ, გაეროს პლატფორმაზე, ყველა სახელმწიფოს მონაწილეობით, ახალი საერთაშორისო სისტემის, სამართლიანი შრომის საერთაშორისო დანაწილების წესები და უსაფრთხოების პრინციპები უნდა იქნას შემუშავებული. საწარმოო ჯაჭვებში მონაწილეობა ყველამ უნდა მიიღოს. მულტინაციონალურ კომპანიებს ზრდის ზღვარი უნდა დაუწესდეთ და მედიის ფლობა მკაცრად რეგულირებული უნდა გახდეს.

არ შეიძლება მედიას ფლობდეს იარაღის მწარმოებელი ან წამლების მწარმოებელი. დღეს მედიიდან სიმართლე რომ გაიგო 10–მდე რესურსი უნდა წაიკითხო, შემდეგ საკუთარი განათლების და გამოცდილების მეშვეობით ანალიზი უნდა გააკეთო და მიახლოებით სიმართლეს მიაგნებ. ახლა ისმის კითხვა: რამდენს აქვს მსოფლიოში მსგავსი ანალიზისთვის საჭირო დრო, ცოდნა და გამოცდილება?! მსოფლიო მასშტაბის მედიაეთიკის და რეგულაციების შემოღება პირდაპირ ეროვნული უსაფრთხოების თემას უკავშირდება და თანაც ყველა ქვეყნისთვის.

ამერიკა ჩინეთს, ჩინეთი და რუსეთი ამერიკას ადანაშაულებენ ვირუსის გავრცელებაში. როგორ ფიქრობთ, შეთქმულების თეორიასთან გვაქვს საქმე, თუ შესაძლოა რომელიმე მხარის ბრალდებას მართლაც ჰქონდეს რაიმე საფუძველი?

– მსოფლიო პოლიტიკის ისტორიას რომ გადავხედოთ, მას ომების და შეთქმულებების ისტორიაც კი შეიძლება ვუწოდოთ. რთულია იმის თქმა, ვინ და როგორ გაავრცელა ვირუსი, ბევრი კითხვის ნიშანი კი ნამდვილად ჩნდება. თუ ვირუსი ოქტომბრიდან ვრცელდებოდა უხანში და მან ეპიდემიის შესახებ მხოლოდ 31 დეკემბერს გააკეთა განცხადება, ცხადია, დგება ჩინეთის პასუხისმგებლობის საკითხი და მათ შორის დაზარალებული ქვეყნებისთვის კომპენსაციის თემაც. ამას დიდი ქვეყნები ერთმანეთში გაარკვევენ. ჩვენ კი ჩვენს თავს უნდა მივხედოთ.

ვირუსის შემდეგ შექმილ ახალ მოცემულობაში როგორ წარმოგიდგენიათ საქართველოს როლი?

– მსოფლიო ელიტების ბრძოლაში საქართველო არ უნდა ჩაერთოს, რადგან გავლენის მოხდენის რესურსი არ გვაქვს. მსოფლიო ბანკთან, EBRD, აზიის განვითარების ბანკთან, სავალუტო ფონდთან, ევროკავშირთან მოლაპარაკებების შედეგად თუ „გამოვტყუებთ“ სოფლის მეორნეობის, კვების მრეწველობის და ზოგადად მრეწველობის დაფინანსების რესურსებს, იდეალური იქნება. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერით საქართველოს შეეძლო 1,5 მილიარდი ევროს მიღება, რაც წარმოების ევროპულ სტანდარტზე გადასვლას და სხვა შესაბამის ღონისძიებებს მოხმარდებოდა, მაგრამ ქართული მხრიდან ეს პოზიცია არ იქნა დაცული მოლაპარაკების დროს, უკრაინამ კი ეს შეძლო და 15 მილიარდი მიიღო ამ მიზნებისთვის.

ამ თემის წამოწევა ისევ შეიძლება, რადგან ევროკავშირს ჩვენთან ვაჭრობაში ყოველწლიურად 2 მილირდიანი დადებითი სალდო აქვს. საქართველომ, პირველ რიგში, ადგილობრივი სურსათის წარმოება უნდა დაიწყოს, თანაც დაუყოვნებლივ, ამის გადადება არ შეიძლება. ვერც ერთი ხელისუფლება ვერ გაუძლებს მშიერი ხალხის ზეწოლას. მეორე - კვების მრეწველობის განვითარებაა აუცილებელი, რადგან მხოლოდ მიწათმოქემდება ვერ იქნება რენტაბელური და ბიუჯეტს ტვირთად დააწვება. მესამე - მთავარი აქცენტი იმპორტჩანაცვლებასა და სამუშაო ადგილების შექმნაზე უნდა მოხდეს...

დაბოლოს, ყველას მინდა მივმართო, ვისაც მიწის ნაკვეთი აქვს: აუცილებლად დაამუშავეთ, დათესეთ, მოიყვანეთ მოსავალი. გააკეთეთ სათბური, თუ გაქვთ შესაძლებლობა. თუ გაამწვავეს მსოფლიო მედიით სასურსათო კრიზისი, ნაკლები გაჭირვებით გამოვალთ, თუ არ იქნება სასურსათო კრიზისი, ნატურალური ჯანმრთელი პროდუქტი გვექნება. ნებისმიერ შემთხვევაში, ამ ორი თვის დაკარგვა არ შეიძლება. საქართველო მადლიანი ქვეყნაა და ჭკუით თუ ვიქნებით, მჯერა, გადავივლით მოსალოდნელ კატაკლიზმებს.

Katana . როგორი საჭირონი არიან ასეთი ადამიანები ხელისუფლების საკვანძო პოზიციებზე!
როგორი აუცილებელია, რომ მოვლენების მართვის ბერკეტები ჰქონდეს ამ ხალხს!
დავიჯერო, "ზემოთ" ვერავინ ვერ ხედავს ამას ?
1 თვის უკან
Aburjga Tasmanieli ძალიან მომწონს ამ ადამიანის მსჯელობა! უნაკლოა! ერთი-ერთში ემთხვევა ჩემს აზრებს, მაგრამ რად გინდა?! ამ ადამიანს სჭირდება რეალური ასპარეზი, რეალური ძალაუფლება თავისი იდეების განსახორციელებლად! ეს ადამიანი ვერასდროს ამას ვერ ეღირსება იმიტომ, რომ თავის-თავზე უფრო ჭკვიან და კომპეტენტურ ადამიანს მმართველ გუნდში ვინ მიიღებს?!
1 თვის უკან
ლაზი "საკვების სანაცვლოდ მშიერი მასების რაიმეზე დათანხმება მარტივია". კი ნამდვილად, მაგრამ გარკვეულ ზღვრამდე.
მშიერმა დამამშევლის ვინაობა საზოგადოდ ყოველთვის იცის და მისი მანამ "ეშინია" სანამ უკეთესობის იმედი აქვს. თუ დადგა მომენტი, როცა მშიერს დასაკარგი აღარაფერი აქვს, მშიერი უკვე საშიში ხდება იმავე დამამშვლისათვის. ეს ცივილიზაციის განვითარების ისტორიამ არაერთხელ დაამტკიცა.
ასეთი მომენტების შემდეგ ისტორიულად ახალი ეპოქები იწყებოდა. დღევანდელი დამამშეველი ძალიან ჭკვიანია იმისათვის, რომ საქმე კულმინაციამდე მიიყვანოს. ასე რომ, გამორიცხული არ არი ეს კრიზისი ისევე მოულოდნელად შეწყდეს როგორც დაიწყო. გააჩნია რამდენად აკონტროლებს სიტუაციას მისი გამჩაღებელი.
1 თვის უკან
ზაზა ასეთი ადამიანების საქმო ლაყბობა იმისთვის, რომ ჰონონარი აიღოს. ბჟუტურობს.
1 თვის უკან
Katana . :)
ვისაც ეჩვენება, რომ გოგავა უსაქმური ყბედია და ბჟუტურობს, კეთილინებოს და კონტრარგუმენტებით დაამტკიცოს ეს! თუ არა და, საკუთარი ნააზრევი წარმოგვიდგინოს ისეთი, 9000 მკითხველი დაეთანხმოს და მხოლოდ ერთმა სულელმა თქვას - ბჟუტურობსო!
1 თვის უკან