ახალი კორონავირუსის გავრცელების ფონზე ბევრი სპეციალიტი გამოთქვამს თავის მოსაზრებას. იმასაც ამბობენ, რომ თითქოს კავკასიური გენი, ევროპულთან შედარებით მყარია და ეს ერთგვარი დამცავი მექანიზმიც კი გახლავთ ვირუსთან საბრძოლველად, მაგრამ ეს მხოლოდ ვარაუდია და მტკიცებითი ფორმით საუბარი დაუშვებელია, მით უფრო, რომ ახალი ინფექციის COVID-19-ის ბუნება ბოლომდე დაუდგენელი და შეუსწავლელია.
რა როლი აკისრია გენეტიკას დაავადების მიღებისა თუ მისი მკურნალობის პერიოდში - AMBEBI.GE ამ თემაზე მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, გენეტიკოს ირაკლი ჯოლოხავას ესაუბრა:
- გენეტიკურ ფაქტორს თუ გადამწყვეტი არა, ერთ-ერთი უმთავრესი როლი ეკისრება ნებიმიერი დაავადების მიმღებლობის, მკურნალობის, რეაბილიტაციის პროცესში. ყველაფერი, რაც ადამიანს ახასიათებს, რითაც ის დაავადებისგან თავს იცავს, ან ებრძვის დაავადებას, რასაკვირველია, გენეტიკური ფაქტორებით არის განპირობებული, ეს იქნება იმუნიტეტი თუ სხვა რამ.
- ე.ი. ინფექციებთან და საერთოდ, ნებისმიერ დაავადებასთან ბრძოლა, მისი მიმდინარეობის, გამოჯანმრთელების თვალსაზრისით - ყველაფერი გენეტიკური ფაქტორებითაა განპირობებული?
- დიახ. დღეს ხშირად გაისმის სიტყვა, რეზისტენტობა, იმუნიტეტი - ეს ყველაფერი გენეტიკური ფაქტორებით არის განპირობებული. ნებისმიერი მავნე ფაქტორების ზემოქმედების მიმართ ორგანიზმის მდგრადობას და ბრძოლისუნარიანობას რასაკვირველია გენეტიკური ფაქტორი განაპირობებს. ეს ვარაუდი არ არის, ნამდვილად ასეა!
„გენეტიკური ფაქტორი ერთ-ერთი წარმმართველია დაავადებებთან ბრძოლის პროცესში და ეს მხოლოდ მეცნიერულად კი არ მტკიცდება, ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებითაც“
ვიღაცას გრიპი ემართება, ვიღაცას - არა, ვიღაც ამ პრობლემით საავადმყოფოში მოხვდება და ვიღაც - სამჯერ დაახველებს, დააცემინებს და მესამე დღეს კარგად არის. ესეც გენეტიკური მდგომარეობით არის განპირობებული. აქ არ მაქვს ლაპარაკი ადამიანის თანმხლებ დაავადებებზე, რომელიც მდგომარეობას ართულებს.
ვსაუბრობ ორ ჩვეულებრივ ადამიანზე, რომელთაგან არცერთს აწუხებს ჰიპერტონია, არც ქიმიოთერაპიის კურსს გადის, არც დიაბეტი აქვს და არანაირი თანმხლები დამასუსტებელი სიტუაცია არ აქვს, უბრალოდ, ორივე ერთი და იგივე ვირუსითაა დასნებოვნებული. ვიმეორებ, ერთი დაწვება საავადმყოფოში, რადგანაც მისი მდგომარეობა საშუალოდ მძიმეა, მეორე კი მსუბუქად გადაიტანს. ცხადია, რომ მათ შემთხვევაში გენეტიკურ ფაქტორს დიდი მნიშვნელობა აქვს და ამას ვერავინ უარყოფს.
- იმუნოლოგები დღეს იმუნიტეტზე, მის მზაობაზე, ანტისხეულის გამომუშავებაზე საუბრობენ...
- დღეს ეს ტერმინები აქტიურად ისმის. ადრე თუ ამ ტერმინებით მხოლოდ ექიმები საუბრობდნენ, ახლა სიტუაციიდან გამომდინარე, ამ ვირუსის პერიოდში ხალხიც სამედიცინო ტერმინებით ალაპარაკდა.
თუ თავად თემაზე ვისაუბრებთ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ნივთიერებები და უჯრედები, რომლებიც იმუნიტეტს ქმნიან, უნდა გამომუშავდეს, მათი პროდუცირება ორგანიზმში უნდა მოხდეს. ამას საფუძვლად უდევს გენეტიკა, ისევე როგორც უჯრედის განვითარების საფუძველი გენეტიკაშია.
შესაბამისად, იმუნიტეტის განმაპირობებელი უჯრედების აქტიურობა, მათი მზაობა, ენერგიულობა ეს ანტისხეულებია (ფაქტობრივად ჯარისკაცები), რომლებიც გამომუშავდება კონკრეტული "მტრის" წინააღმდეგ საბრძოლველად. მათ გამომუშავებას, მათ ბრძოლისუნარიანობას, სიმამაცეს, სწორედ მათი გენეტიკა განაპირობებს.
„თუ ავიღებთ ვირუსს როგორც გენეტიკას და ადამიანს როგორ გენეტიკას - ეს ორი გენეტიკის შერკინებაა, ფაქტობრივად, გენეტიკის გადმოსახედიდან ასეა“
ვფიქრობ, შესადავებელიც არაფერია - ვირუსი ადამიანს ებრძვის თავისი გენეტიკით, ადამიანიც ვირუსს თავის გენეტიკით უპირისპირდება. გენეტიკის არსი, ამ შემთხვევაში გამოიხატება იმაში, რომ, რაც შეიძლება დროულად, ყოჩაღი ანტისხეულები და იმუნური უჯრედები გამოიმუშავოს და საბრძოლველად მიუშვას...
ხშირ შემთხვევაში ძლიერი გენეტიკის ფონზე, ბრძოლა ადამიანის გენეტიკის გამარჯვებით სრულდება. ეს სასურველი შედეგია და კარგი იქნება, თუ ყოველთვის ასეთი შედეგი გვექნება.
- არის ასეთი მოსაზრებაც, რომ ამ ვირუსთან ბრძოლისას, თითქოს ქართული გენეტიკა, აქვე კავკასიურიც, სხვა ხალხების გენეტიკაზე მეტად მყარია...
- ამ თემაზე ვერ ვიქნები ვერც კატეგორიული და ვერც სავარაუდო ვარიანტებს შემოგთავაზებთ თუნდაც იმიტომ, თვითონ ცნება „კავკასიური“, ჩემი აზრით, სრულფასოვნად ვერ ასახავს კავკასიაში მცხოვრები ადამიანების გენეტიკურ საერთოობას. იმიტომ, რომ ქართველების, სომხების და აზერბაიჯანელების წარმოშობა გენეტიკურად საერთო, წესით და რიგით, არ უნდა იყოს. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის ასეა ცნობილი და ამაზე საუბარიც შორს წაგვიყვანს...
თან, ვფიქრობ, სხვა ქვეყნებში არსებული მდგომარეობა და ჩვენი მდგომარეობა მხოლოდ ამ ფაქტორებით არ განსხვავდება ერთმანეთისგან. ამიტომ, მხოლოდ გენეტიკური ფაქტორებით ამ საკითხთან დაკავშირებით ვერ ვიქნები სრულფასოვანი მოპასუხე, რადგანაც საქმე გვაქვს ეპიდემიოლოგიურ სიტუაციასთან, ინფექციის გავრცელებასთან, მის სტადიებთან, ფაზებთან, ბრძოლის სხვადასხვა ასპექტებთან. საუბარია აგრესიულ და ნაკლებ აგრესიულ ტესტირებაზე, აცრებზე და ეს ისეთი მრავალწახნაგოვანი მდგომარეობაა
„დღეისთვის იმის თქმა, რომ ამ ბრძოლაში კავკასიური გენი უფრო მძლავრია, ან პირიქით, ჩემთვის კონკრეტულად მიუღებელია და მიზანშეუწონელია“
რამდენადაც სპეციალისტებისგან ვიგებ, ჯერ არ ვიცით, როგორ განვითარდება მდგომარეობა. პირველი ფაზა ნორმალურად კი წავიდა, მაგრამ მეორე ფაზას როგორ გადავიტანთ, არა მარტო გენეტიკურად, არამედ ჩვენი გაგებით, მოქმედებებით, ეს ჯერჯერობით უცნობია. სასურველია, რომ ყველაფერი ისევე წავიდეს, როგორც აქამდე.
თუ ამ პრობლემასთან დაკავშირებით ერთობლივი ძალისხმევა იქნება საქართველოს მოსახლეობის მხრიდან, ეს ყველაფერი ნაკლები ზიანის მომტანი იქნება.
ყველა მოთხოვნა, რჩევა, ასპექტი, რასაც ჩვენზე გამოცდილი, პროფესიონალი ადამიანები გვეუბნებიან, უნდა შესრულდეს და ასეთი საქციელი არა მარტო ჩვენთან, მთელ მსოფლიოშია გამოსავალი. ეს ყველამ უნდა გაითავისოს.
მე მაგალითად, კონსულტაციებს ვატარებ ტელეფონით, თუმცა ადრე ეს არ შეიძლებოდა, რადგანაც პაციენტთან პირდაპირი საუბარია საჭირო, მაგრამ ახლა გვიწევს და ამ მოთხოვნას ვასრულებ. ამით ჩემს თავსაც ვიცავ, პაციენტებსაც და ოჯახის წევრებსაც. თუ რაიმე აუცილებელი საქმე არ მაქვს, გარეთ არ გავდივარ.
ადამიანს რომ ეუბნებიან, გარეთ არ გახვიდე და ძალით გადის, თავს ძალით იჯარიმებს - ეს გენეტიკა ახლა არ „გვაწყობს“, სხვანაირი გენეტიკა გვჭირდება, ისეთი, რომელიც ჩვენს მოსახლეობაში ოდესღაც მეტად მძლავრობდა. თუმცა იმედი მაქვს, რომ ის გენები ისევ იმძლავრებს და წინა პლანზე ამოიწევს.