ექიმი მამუკა მაჩაიძე იმ სიმპტომებს ასახელებს, რასაც კორონავირუსის ინფექციის ამოსაცნობად უნდა მიექცეს ყურადღება

ექიმი მამუკა მაჩაიძე იმ სიმპტომებს ასახელებს, რასაც კორონავირუსის ინფექციის ამოსაცნობად უნდა მიექცეს ყურადღება

კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების 35%-ს ყნოსვა უქვეითდება, - ამის შესახებ ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ქართველმა ექიმმა, ინფექციონისტმა მამუკა მაჩაიძემ განაცხადა, რომელმაც მოქალაქეების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

მისივე თქმით, კორონავირუსით ინფიცირებულმა პაციენტებმა ოთხ ძირითად სიმპტომს უნდა მიაქციონ ყურადღება. ერთ-ერთი არის ყნოსვის დაქვეითება.

„კორონავირუსისთვის ყველაზე ხშირად სამი სიმპტომია დამახასიათებელი. ცხელება, ხველა, ზოგადი სისუსტე, კუნთებისა და სახსრების ტკივილი. სტატისტიკურად ეს სამი არის ჯერჯერობით ყველაზე ხშირი, მაგრამ კიდევ ერთ სიმპტომზე მინდა გავამახვილო ყურადღება, რომელზეც უკვე ბევრი საუბრობს. ეს არის ანოსმია ან ჰიპოსმია. ყნოსვის დაქვეითება ან დაკარგვა. ამის შესახებ ცნობა პირველად დიდი ბრიტანეთიდან წამოვიდა. არსებობს ორგანიზაცია UKANT, რომელიც აცხადებს, რომ კორონავირუსით ინფიცირებულ დაახლოებით 35% პაციენტში ყნოსვის დაკარგვა ან დაქვეითება იყო ან მხოლოდ ერთადერთი სიმპტომი ან წამყვანი სიმპტომი, სხვა სიმპტომებთან ერთად. ასე, რომ ყურადღება მიაქციეთ ამას. რადგანაც ვირუსი ყნოსვის ბოლქვებს აზიანებს, მას თან მადის დაქვეითება მოსდევს. ეს არის მეოთხე სიმპტომი იმ სამ ძირითად სიმპტომთან ერთად“, - განაცხადა მამუკა მაჩაიძემ.

მისივე თქმით, შესაძლოა ასევე იყოს არაორდინალური სიმპტომები, როგორიც არის ფაღარათი, თავის ტკივილი და იშვიათად სხვადასხვა გამოვლინება.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 148 შემთხვევა დადასტურდა, მათგან 26 ადამიანი უკვე განიკურნა.