ტექნიკური ხარვეზი არის მხოლოდ საფუძველი იმის, რომ რაღაცნაირად თავი გაიმართლოს ხაზარაძემ. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ეს ადამიანი თავს აარიდებს ნებისმიერი ტიპის გადასახადს, რაც კი საშუალება აქვს, - ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი საჯარო რეესტრში დარეგისტრირებულ დოკუმენტს, რომლითაც „ლელოს“ ლიდერის მეუღლემ უწყებას მას შემდეგ მიმართა, რაც ხაზარაძეების და გერმანიის ელჩის გარიგების შესახებ ინფორმაცია საჯარო გახდა და შემოსავლების სამსახურმა საკითხის მოკვლევა დაიწყო.
დეპუტატს კითხვები აქვს იმასთან დაკავშირებით, რომ გერმანიის ელჩი ამ სკანდალს სათანადოდ არ გამოეხმაურა.
„თვითონ ის ფაქტი, რომ გერმანიის ელჩი ამას არ გამოეხმაურა იმ დონეზე, რომ განემარტა ქართლი საზოგადოებისთვის საერთოდ რატომ ქირაობს ასეთი ტიპის პოლიტიკოსისგან, მით უმეტეს ვითომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსისგან, რომელიც რადიკალურ პროცესებშია მხილებული, უძრავ ქონებას. რა, დაილია საქართველოში უძრავი ქონება თუ გერმანიის საელჩოს აღარ ჰქონდა საშუალება და ხაზარაძემ უფასოდ მიაქირავა თუ რა? აი ეს არის აქ ყველაზე მთავარი“, - მიიჩნევს მაჭარაშვილი.
მამუკა ხაზარაძე პიტერ ფიშერისგან და გერმანიის საელჩოსგან მიღებულ შემოსავალს ქონებრივ დეკლარაციაშიც მალავს.
ანტიკორუფციულმა ბიურომ გერმანიის ელჩთან ქირავნობის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მამუკა ხაზარაძის ქონებრივი დეკლარაციის შესწავლა დაიწყო. პარალელურად, მამუკა ხაზარაძის ოჯახსა და გერმანიის საელჩოს შორის არსებულ საიჯარო ურთიერთობაზე მოკვლევას ატარებს შემოსავლების სამსახური.