დადასტურებულად ვიცით, რომ ხაზარაძე არის თაღლითი. საქმე გვაქვს თუ არა პოლიტიკურ კორუფციასთან, ამაზე კეთილი უნდა ინებოს და პასუხი გასცეს გერმანიის საელჩომ და პირადად გერმანიის ელჩმა, - განაცხადა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ, საჯარო რეესტრში დარეგისტრირებულ დოკუმენტთან დაკავშირებით, რომლითაც „ლელოს“ ლიდერის მეუღლემ უწყებას მას შემდეგ მიმართა, რაც ხაზარაძეების და გერმანიის ელჩის გარიგების შესახებ ინფორმაცია საჯარო გახდა და შემოსავლების სამსახურმა საკითხის მოკვლევა დაიწყო.
მისი თქმით, გერმანიის საელჩო და პირადად ელჩი ვალდებულია კითხვებს პასუხი გასცეს.
„ხაზარაძე დადასტურებულად ვიცით, რომ არის თაღლითი, პოლიტიკურ თუ პირდაპირ სისხლის სამართლის დანაშაულში მხილებული ადამიანი, რომ კონკრეტულად ერთ გარიგებას არ ასახავს თავის დეკლარაციაში ეს გასაკვირი საერთოდ არ არის. მთავარი ის კი არ არის შეიტანა თუ არ შეიტანა მამუკა ხაზარაძემ დეკლარაციაში კონკრეტული იჯარის ხელშეკრულება და აქედან მიღებული შემოსავლები და გადაიხადა თუ არა თუნდაც გადასახადები. აქ მთავარი არის თუ სად იყო და ვისთან იყო ეს ხელშეკრულება დადებული და ეს არის გერმანიის საელჩო. საქმე გვაქვს თუ არა ახლა პოლიტიკურ კორუფციასთან, ამაზე კეთილი უნდა ინებოს და პასუხი გასცეს გერმანიის საელჩომ და პირადად გერმანიის ელჩმა“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
მამუკა ხაზარაძე პიტერ ფიშერისგან და გერმანიის საელჩოსგან მიღებულ შემოსავალს ქონებრივ დეკლარაციაშიც მალავს.
ანტიკორუფციულმა ბიურომ გერმანიის ელჩთან ქირავნობის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით მამუკა ხაზარაძის ქონებრივი დეკლარაციის შესწავლა დაიწყო. პარალელურად, მამუკა ხაზარაძის ოჯახსა და გერმანიის საელჩოს შორის არსებულ საიჯარო ურთიერთობაზე მოკვლევას ატარებს შემოსავლების სამსახური.