გასული კვირის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მოვლენა უდავოდ იყო, ცნობა „გარეთ დარჩენილი“ მხედრიონელების ხელახალი შეკრების შესახებ საბურთალოს სასაფლაოზე, სადაც აფხაზეთის ომისა და სამეგრელოს სამოქალაქო ომში დაღუპული მხედრიონელები განისვენებენ.
მრავალი მათგანი მართლაც გმირულად დაიღუპა სამშობლოს ერთიანობისთვის ბრძოლაში. თუმცა ემოციური მუხტი მოვლენას პოლიტიკურ შეფერილობას ვერ შესძენს. „მხედრიონი“ ამჟამად განადგურებულია. მისი რეანიმაცია ფაქტობრივად, შეუძლებელია. ჯაბა იოსელიანი ციხეში ზის, მხედრიონის ძველი გვარდია მის ბედს იზიარებს. და, რაც მთავარია, საზოგადოებაში აღარ არსებობს შესაბამისი ფსიქოლოგიური ფონი შეიარაღებული ფორმირების რეანიმაციისთვის.
თუმცა ძალზე ნიშანდობლივია მოთხოვნები, რომლის წამოყენებასაც „ახალი მხედრიონელები“ აპირებენ: სამართლიანი პრივატიზების ჩატარება, პრეზიდენტის ინსტიტუტის გაუქმება და ასე შემდეგ. ეს მოთხოვნები კლასიკური მხედრიონის მოთხოვნილებებს იმეორებს, მაგრამ დღევანდელ ვითარებაში კიდევ უფრო არანორმალურად ჟღერს.
რაც შეეხება სამართლიან პრივატიზებას „- ნიშანდობლივია, რომ მხედრიონი ყოველთვის ამ მოთხოვნით გამოდიოდა - მაშინაც კი, როდესაც „პრივატიზება“ ჩანასახოვან მდგომარეობაში იმყოფებოდა - 1990-1991 წლებში „მხედრიონელებმა“ დაიწყეს აქტიური კონტაქტის დამყარება სხვადასხვა სოციალურ შრესთან, რომელსაც ქონების „ახალ გადანაწილებაში“ მონაწილეობა სურდა.
ძირითადი მიზანი იყო არ დაეშვათ ამ პროცესის მონოპოლიზება კომუნისტური ნომენკლატურის მიერ. საფრთხე კი რეალური ჩანდა - პარტიული ელიტა თითქოს პოლიტიკურ ძალაუფლებას აღარ ფლობდა, სამაგიეროდ „მეორე ეშელონი“ და ქვემოთ - მთლიანად მის მიერ იყო დაკავებული ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგაც კი, ამ ვითარებაში კომუნისტური ნომენკლატურის გარდა სხვა რომელიმე სოციალური ფენის მონაწილეობა „კაპიტალის პირველად დაგროვებასა“ და „წითელი ფულის გარეცხვაში“ - შეუძლებელი ჩანდა.
სწორედ მაშინ გამოჩნდა არენაზე მხედრიონი, რომელმაც კომუნისტური დიქტატურის დამხობით გამოწვეული ბალანსი უმალვე აღადგინა და თავადაც ჩაება პროცესში. პრეზიდენტის ინსტიტუტი სწორედ ამიტომ იყო მიუღებელი მხედრიონელთათვის. იგი ხელს უშლიდა მათ, ქონების გადანაწილების თანასწორუფლებიანი მონაწილენი გამხდარიყვნენ. ანუ დაპირისპირებას სწორედ ეკონომიკური საფუძველი ჰქონდა და არა პოლიტიკური, ან მით უმეტეს მსოფლმხედველობრივი, მიუხედავად ამისა, ძალიან ბევრი რიგითი მხედრიონელი სავსებით გულწრფელად ეთაყვანებოდა ჯაბა იოსელიანს და მას გმირად მიიჩნევდა. უფრო მეტიც - იდეალად, რომელსაც უნდა მიბაძო და რომლისკენაც უნდა ისწრაფვო.
ზვიად გამსახურდია ამ ფენომენს ასე ხსნიდა: ქართველები ხასიათით სანგვინიკები არიან, ამიტომ იარაღით კეკლუცობა უყვართ. იგივე ახასიათებდათ და ახასიათებთ სამხრეთ იტალიელებს. მაგალითად, ალ კაპონე და ასე შემდეგ. ნაწილობრივ, ეს განსაზღვრება შესაძლოა, სწორიც იყოს, მაგრამ საქართველოს პირველი პრეზიდენტი ან მართლა ვერ ხვდებოდა, ან თავს იკატუნებდა და ისე სურდა საქმე წარმოეჩინა, თითქოს ეთნოფსიქოლოგიური თვისებების გარეგნულ გამოვლენებთან გვქონდა საქმე. თუმცა 1991-19992 წლების მიჯნაზე საქართველოში მომხდარი ტრაგედია უკვე სულ სხვა შინაარსის მოვლენა იყო. მე მიმაჩნია, რომ „მხედრიონმა“ მართლაც მოახდინა რევოლუცია საქართველოში, რომელიც შემდგომ, სახელმწიფო გადატრიალების ფორმით, გააგრძელა კიტოვანის გვარდიამ - შინაარსობრივად მხედრიონის მსგავსმა ფორმირებამ და თვისებრივად, მისმა სოციალურმა ტყუპისცალმა.
„ახალი მხედრიონი“ მდინარეში მეორედ შესვლას, რასაკვირველია, ვერ შეძლებს. იგი ბევრ მხედრიონელსაც ვერ მოუყრის თავს - ვინც ადრე აქტიურობდა, შემდგომ ციხეში მოხვდა, გათავისუფლდა ან საეროთდ გადაურჩა დაპატიმრებას. ზოგიერთმა დამკვირვებელმა უკვე შეამჩნია, რომ ჯაბა იოსელიანი ამ წრეში აღარ სარგებლობს ისეთი ავტორიტეტით, როგორც წინათ, შესაძლოა, ამის მიზეზი „დამარცხების სინდრომი“ იყოს. ჯაბა იოსელიანი საბოლოოდ მაინც დამარცხდა და არა მხოლოდ ფიზიკურად. ციხეში იგი ზვიად გამსახურდიას დროსაც იჯდა, მაგრამ მაშინ მთელი 11 თვის მანძილზე გამარჯვებული იყო მორალურად.