დავით ბაქრაძე: ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ ძალიან დროული და ეფექტური ნაბიჯები გადაიდგა

დავით ბაქრაძე: ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ ძალიან დროული და ეფექტური ნაბიჯები გადაიდგა

ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ ძალიან დროული და ეფექტური ნაბიჯები გადაიდგა. ჩვენ ამ თვალსაზრისით მართლა მოწინავე აღმოვჩნდით. როგორც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაც აღნიშნავს, ძალიან კარგი პრაქტიკა დავამაკვიდრეთ ბევრი მიმართულებით, რაც შედეგებშიც აისახება, - ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს ელჩმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

დავით ბაქრაძის განმარტებით, ამ არაორდინალურ ვითარებაში ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობენ აშშ-ს ხელისუფლებასთან, რომ ყველა შესაძლებლობა იყოს მაქსიმალურად გამოყენებული.

„ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ცდილობს, რომ მაქსიმალურად რომ თავისი ლიდერის ფუნქცია იტვირთოს საერთაშორისო დონეზე, კორონავირუსთან ბრძოლის თვალსაზრისით. მათ შორის საქართველოს დაეხმარა 1.1 მილიონით, რომელიც სწორედ ამ მიმართულებით დაიხარჯება“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მისი თქმით, ინტენსიური კომუნიკაცია აქვთ, როგორც კონგრესთან, ისე ადმინისტრაციის წარმომდგენლებთან, რომ შემდგომი ნაბიჯები განიხილონ.

„აქამდე რა მასტიმულირებელი ეკონომიკური პაკეტებიც იყო აშშ-ს კონგრესის, მაინც შიდა ბაზრის გაჯანსაღებისთვის იყო. დარწმუნებული ვარ, იქნება შემდგომი განხილვები ორმხრივი სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერების შესახებ და ამ მიამართულებით ვმუშაობთ კონგრესთან და ადმინისტრაციასთან. ასევე ვმუშაობთ მსოფლიო ბანკთან და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებთან, რათა განსაზღვრული ფინანსური აქტივების ფარგლებში საქართველომ შესაბამისად მიიღოს დახმარება. ნახეთ, რომ ევროკავშირმა 140 მილიონიანი დახმარება გამოყო, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნებისთვის არის განსაზღვრული“ - განაცხადა აშშ-ში საქართველოს ელჩმა.

დავით ბაქრაძის თქმით: „გადავდივართ უკვე ახალ ეტაპზე, როდესაც ერთობლივი ძალისხმევით ვებრძვით ამ გამოწვევას და საქართველო ამ თვალსაზრისით არის ძალიან ძლიერი პარტნიორი მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებისთვისაც“.