"ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ კრიტიკული შეცდომა დაუშვა, როდესაც არჩევნების შემდეგ უარი თქვა ლობისტურ კომპანიებზე. გარდა ამისა, ახალ ხელისუფლებას საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ინტერესთა კონფლიქტი აქვს. ამ საკითხის გავრცობისგან თავს შევიკავებ, მაგრამ გამგები გაიგებს. რასაკვირველია, საქართველოში არანაირ პოლიტიკურ დევნას ადგილი არ აქვს და ხელისუფლება აკეთებს იმას, რაც მოსთხოვა ქართველმა საზოგადოებამ - დანაშაულის ჩამდენთა გასამართლება", - აცხადებს ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "სიმართლის საზღვარგარეთ გატანას ყოველდღიური და დამღლელი შრომა სჭირდება" / "თვე-თვენახევარში კრიტიკასთან დაკავშირებით მდგომარეობა გამოსწორდება" / სანამ სემეკი პრეზიდენტის დაქვემდებარებაშია, მანამდე ტარიფები არ შეიცვლება".
"სულაც არ მეჩვენება შეცდომად ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება, რომელმაც ამ ეტაპზე აშშ-ში ვიზიტი გადადო და ვაშინგტონში საგარეო საქმეთა მინისტრი გაგზავნა - ეს აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება იყო. ივანიშვილს სურს ბარაქ ობამასთან შეხვედრისას ხელშესახები შედეგი ჰქონდეს. ტონი მართლაც შერბილებულია და ამაში წვლილი ამერიკაში მაია ფანჯიკიძის ვიზიტსაც მიუძღვის. თუმცა სიმართლის საზღვარგარეთ გატანას ყოველდღიური და დამღლელი შრომა სჭირდება. იმედია, პროფესიონალებით დაკომპლექტდება კანცელარიის უცხოეთთან ურთიერთობის განყოფილება და შეიქმნება ისეთივე სტრუქტურა, როგორიც შევარდნაძის დროს გელა ჩარკვიანმა შექმნა. სხვათა შორის, ახალმა მთავრობამ ადეკვატურად შეაფასა სიტუაცია და ამას ადასტურებს კანცელარიაში უცხოეთთან ურთიერთობების განყოფილების შექმნა. ასე რომ, ჩემი აზრით, თვე-თვენახევარში კრიტიკასთან დაკავშირებით მდგომარეობა გამოსწორდება. მით უმეტეს, რომ 25 დეკემბრიდან იწყება დაკავებულთა სასამართლო პროცესები, რომლის დროსაც წარმოდგენილი იქნება არსებითი მტკიცებულებები", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სანდრო თვალჭრელიძე.
"... ნუ გვავიწყდება, გარკვეული ბერკეტები კვლავ პრეზიდენტის ხელშია - პირველ რიგში ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიას ვგულისხმობ. სანამ პროფესიონალები არ დასხდებიან და ყველაფერს არ დაითვლიან, მანამ ტარიფების შემცირებაზე ლაპარაკი ძნელია. დღეს მიმდინარეობს პროცესი, რომ იქნებ უმსხვილესმა დისტრიბუტორმა გამოიჩინოს "კეთილი ნება" და გარკვეული შეღავათების სანაცვლოდ, თავისი მოგების შემცირების ხარჯზე დასწიოს ფასი. არადა, ეს ის არ არის, რაც საჭიროა. ხელისუფლების ეკონომიკური გუნდი ვერ გაერკვა ტარიფის სტრუქტურაში - ჯერ მისი გამოთვლა ვერ მოხერხდება, სანამ სემეკის ყველა დოკუმენტი თუ გადარიცხვა ცნობილი არ გახდება. სანამ სემეკი პრეზიდენტის დაქვემდებარებაშია, ტარიფები არ შეიცვლება. თუ ეს წინაღობა მოიხსნა, ჩემი აზრით, ტარიფების 40%-ით შემცირებაა შესაძლებელი. ასევე, შესაძლებელია ზამთრისა თუ ზაფხულის, დღისა თუ ღამის ტარიფების თემის განხილვაც. თუმცა სანამ სემეკის ხელმძღვანელობა არ შეიცვლება, ტარიფების გაიაფებას არ უნდა ველოდოთ", - დასძენს რესპონდენტი და შეკითხვას - "მე-9 არხში" რეორგანიზაცია იწყება, რამაც საზოგადოებაში აჟიოტაჟი, თავად ტელეკომპანიაში კი არეულობა გამოიწვია", პასუხობს:
"ჩემი აზრით, სიმართლე ისაა, რაც ივანიშვილმა თქვა - ის გულწრფელი ადამიანია და განაცხადა, რომ როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრს აწუხებს, როდესაც კონკრეტული ტელეკომპანია მასთან ასოცირდება. გავიხსენოთ ისიც, რომ ივანიშვილი საუბრობდა ნამდვილი საზოგადოებრივი ტელევიზიის აუცილებლობაზე და მზად იყო, წინმსწრებად 20 წლით ადრე გადაეხადა ფული. თუ ამის გაკეთებას აპირებს, ცუდი ნამდვილად არ არის".
"ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის ტაქტიკაში შეცდომებია დაშვებული -მაგალითად, სამართლიანობის აღდგენა ციხეებში მასობრივი დანაშაულის, ზურაბ ჟვანიას, სანდრო გირგვლიანის, ბუტა რობაქიძისა და ვაზაგაშვილის მკვლელობათა გამოძიებითა და ამ საქმეებში მხილებულ პირთა დასჯით რომ დაწყებულიყო, აღარავის გაუჩნდებოდა კითხვები გენერალ კალანდაძისა და სხვა პირთა დაკავებაზე და პირიქით - თუკი პირველივე დაპატიმრებებს ამდენი (თუნდაც უსამართლოდ დასმული) კითხვა მოჰყვა, მაშინ შესაძლებელია უნდობლობის ჩრდილი ზემოხსენებულ გახმაურებულ საქმეთა გამოძიებასაც მიადგეს", - აცხადებს მწერალი კონსტანტინე ჯანდიერი გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "რა უნდა მოვთხოვოთ დასავლელ მეგობრებს, რომლებსაც არ უცხოვრიათ ამ ცხრაწლიან კოშმარში" / "ნაციონალების გააქტიურება ახალი ხელისუფლების შეცდომებითაა ნაკარნახევი".
"ამ ვითარების გამოსწორება შეიძლება ქართველ და საერთაშორისო საზოგადოებრიობასთან მუდმივი კომუნიკაციით, ხელისუფლების პოზიციის პერმანენტული განმარტებით და მთელი სახელისუფლებო გუნდის ურთიერთშეთანხმებული საჯარო გზავნილებით - დასავლეთში სიტყვებს მეტ მნიშვნელობას რომ არ ანიჭებდნენ, ვიდრე საქმეს, სააკაშვილი ცხრა წლის განმავლობაში ვერ იმეფებდა. მოგვწონს თუ არა კრეტინიზმამდე მისული, ლამის ცივილიზაციურ პრობლემად ქცეული პოლიტკორექტულობა, ხელისუფლებაში მყოფი პირები ვალდებული არიან, ანგარიში გაუწიონ ამ სტანდარტს, რათა ქვეყანა არ დაზარალდეს. მესმის, როდესაც გენერალური პროკურორი აცხადებს, საქმეები განიხილება იმ რიგითობით, როგორითაც საჩივრებია შემოსულიო. ეს სამართლიანი მიდგომაა, მაგრამ არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საქმეები, რომელთა დროული გამოძიება ნდობას განაპირობებს როგორც შინ, ისე გარეთ", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კოტე ჯანდიერი.
"ახალი ხელისუფლების დისკრედიტაცია სააკაშვილის ბანდის სტრატეგიული ამოცანაა, ამასთან, ეს პრევენცია და პიარსვლაცაა - მოსალოდნელი დაპატიმრება, რა ბრალდებითაც უნდა მოხდეს, ოპოზიციის მიერ წინასწარ ცხადდება "შეთითხნილ" და პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებად. "ნაცების" სტრატეგიაცა და ტაქტიკაც სრულ ჰარმონიაშია ერთმანეთთან. ამას ემატება დასავლეთის მედიასთან, აკადემიურ და პოლიტიკურ წრეებთან ურთიერთობის მრავალწლიანი გამოცდილება, ლობისტური საქმიანობისთვის საჭირო უკონტროლო ფული და სხვ. "ნაცების" გააქტიურება, ერთი მხრივ, თვითგადარჩენის ინსტინქტითაა ნაკარნახები, ხოლო მეორე მხრივ, განპირობებულია ახალი ხელისუფლების შეცდომებით, სწორი კომუნიკაციის დეფიციტითა და ასინქრონული გზავნილებით. მაგრამ მაინც მინდა ვთქვა, რომ სააკაშვილის გარყვნილ, სისხლში ამოსვრილ და დისკრედიტირებულ გუნდს საქართველოში პოლიტიკური მომავალი არა აქვს", - განაგრძობს მწერალი.
"დასავლეთის მედიასთან, ანალიტიკურ ცენტრებსა და მთავრობებთან მუდმივი კომუნიკაცია და სწორად ინფორმირების მექანიზმები რომ ყოფილიყო აწყობილი, არ იქნებოდა რასმუსენის განცხადებები და "ვაშინგტონ პოსტის" კატასტროფული სარედაქციო წერილი. ახლა "ვაშინგტონ პოსტთან" პოლემიკის დრო კი არა, სერიოზული, მათ შორის საკადრო ნაბიჯებიცაა გადასადგმელი. დიდი ყურადღება უნდა მიექცეს მმართველი ძალის წარმომადგენელთა ფრაზეოლოგიასა და ლექსიკას. გასაგებია, ყველა თეა წულუკიანი ვერ იქნება, მაგრამ ხომ შეიძლება შეთანხმება იმაზე, რომ ხელისუფლების სახელით ილაპარაკოს იმან, ვინც იცის თანამედროვე პოლიტიკური ენა. ჩვენს სამინისტროებსა და უწყებებს არ გააკოტრებს კვალიფიციური პიარმენეჯერისა და პოლიტტექნოლოგის დაქირავება, რომლებიც შექმნიან ერთიან სამთავრობო საკომუნიკაციო ქსელს, რომელიც გამორიცხავს ურთიერთშეუთანხმებელი ან პოლიტიკურად არამიზანშეწონილი განცხადებების კეთებას. რაც შეეხება განათლების, კულტურის, ენერგეტიკისა და სხვა სამინისტროებში არსებულ პრობლემებს, ვფიქრობ, ეს ჩვეულებრივი, პროცესის თანამდევი მოვლენებია, განსაკუთრებით იმ მძიმე მემკვიდრეობით დამძიმებული, რაც წინა ხელისუფლებამ დაგვიტოვა. თუ რომელიმე საკადრო გადაწყვეტილება არ აღმოჩნდა სწორი, ივანიშვილის გამოცდილების მქონე მენეჯერს არ გაუჭირდება ასეთი ხარვეზების გამოსწორება", - მიიჩნევს კოტე ჯანდიერი და შეკითხვას - "როგორ წარმოგიდგენიათ სააკაშვილის ბედი?"
"ამაზე ფიქრით თავი არ დამიღლია. იმედია, სააკაშვილს გაცნობიერებული აქვს რევანშის ნებისმიერი მცდელობის უპერსპექტივობა. მისი პატარ-პატარა მავნებლობა განკუთვნილია იმისთვის, რომ საპრეზიდენტო ვადის დასრულებამდე შეინარჩუნოს "ნაცმოძრაობის" ფრაგმენტები და სრულ მარტოობასა და იზოლაციაში არ აღმოჩნდეს".