მერაბიშვილი: ხელისუფლება პოლიციას რეპრესიულ მანქანად იყენებს

მერაბიშვილი: ხელისუფლება პოლიციას რეპრესიულ მანქანად იყენებს

მერაბიშვილის თქმით, დასანანია, რომ ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ პოლიცია გამოყენებულია, როგორც "რეპრესიული მანქანა ოპოზიციური აზრის და ოპოზიციის წინააღმდეგ". მერაბიშვილმა ეს შეფასება გამოთქვა შინაგან საქმეთა სამინისტროში შაბათს, დაახლოებით, ორსაათიანი დაკითხვის დასრულების შემდეგ. "ძალიან სიმბოლური იყო ჩემი ყოფნა პოლიციაში. მე სიამაყით მევსება გული, როცა ვხედავ საქართველოს პატრულს და, რა თქმა უნდა, დასანანია, რომ დღეს პოლიცია, შსს ივანიშვილის მიერ გამოიყენება, როგორც რეპრესიული მანქანა ოპოზიციური აზრის და ოპოზიციის წინააღმდეგ", - განაცხადა მერაბიშვილმა.

ჟურნალისტებთან საუბარში მერაბიშვილი არ შეხებია მისთვის დაკითხვისას დასმულ შეკითხვებს და არ უსაუბრია კონკრეტულ ფაქტზე, რომელთან დაკავშირებითაც დაკითხვაზე დაიბარეს. იუწყებიან აგრეთვე, რომ მერაბიშვილის დაკითხვის მსვლელობაში, სამინისტროს შენობასთან შეიკრიბნენ აქტივისტები, რომლებიც მერაბიშვილს სხვადასხვა ბრალდებას უყენებდნენ და მის დაპატიმრებას მოითხოვდნენ.

მერაბიშვილი დაკითხვაზე იქნა გამოძახებული ინციდენტთან დაკავშირებით, რომლის შესახებაც შაბათს, შუადღისას გაავრცელა ინფორმაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ. მასში ნათქვამია, რომ ”30 ნოემბერს მერაბიშვილი, სახელმწიფო დელეგაციის შემადგენლობაში მივიდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ამ დელეგაციის შემადგენლობაში ქალაქ ერევანში გასამგზავრებლად. სამინისტროს განცხადებით, რომელიც წაიკითხა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა, ნინო გიორგობიანმა, ”საპასპორტო კონტროლის გავლის დროს, საქართველოს პრეზიდენტის პროტოკოლის სამსახურის თანამშრომელმა აეროპორტის მესაზღვრე კონტროლიორს წარუდგინა ივანე მერაბიშვილის პასპორტი. მესაზღვრე კონტროლიორმა, კანონით დადგენილი პროცედურის გავლის დროს აღმოაჩინა, რომ სინამდვილეში, პასპორტი გაცემული იყო ვინმე ლევან მაისურაძის სახელზე, ივანე მერაბიშვილის ფოტოსურათით. აღნიშნულ ფაქტზე, თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამსახურის მიერ დაიწყო გამოძიება ყალბი დოკუმენტის გამოყენებისა და სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე. იმის გამო, რომ არ შეფერხებულიყო სახელმწიფო ვიზიტი და დელეგაციას არ შექმნოდა პრობლემა, ივანე მერაბიშვილს მიეცა საშუალება, წარმოედგინა სხვა, ნამდვილი პასპორტი და მის მიმართ სამართლებრივი პროცედურები მყისიერად არ განხორციელდა”.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვანო მერაბიშვილი პარასკევს საღამოსვე, 23 საათზე დაბრუნდა საქართველოში და პრეზიდენტის ესკორტთან ერთად დატოვა თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, რის გამოც მის მიმართ კანონით დადგენილი საგამოძიებო მოქმედებები ვერ ჩატარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ განცხადებას მალევე გამოეხმაურა ვანო მერაბიშვილი. მისი განმარტებით, ის პრეზიდენტის დელეგაციასთან ერთად ერევანში მიფრინავდა ევროპის სახალხო პარტიის სამიტში და მაღალი დონის შეხვედრებში მონაწილეობის მისაღებად. ყოფილი პრემიერ-მინისტრი ერთ რიგში განიხილავს როგორც მასთან, ისე სხვა პირებთან დაკავშირებით ბოლო დროს სამართალდამცავთა მიერ განხორციელებულ ქმედებებსაც და ოპონენტების მიერ გაკეთებულ პოლიტიკურ შეფასებებსაც:

”მაღალჩინოსან პოლიციელს ჩაუდეს იარაღი და ნარკოტიკი. შემდეგ მას, იმისათვის, რომ დაეკავებინათ, ბენზინის ტალონები ჩაუდეს. დღეს გოგა ხაჩიძის ოჯახში ჩაატარეს ჩხრეკა. ”ნაციონალურ მოძრაობას” ბრალდება მსოფლიო მედიის მოსყიდვა და სხვა აბსურდული იდეები და გამონათქვამები. ეს რომ მარტო მე მეხებოდეს, რა თქმა უნდა, მე ამას იუმორით შევხვდებოდი, მაგრამ ეს ეხება მთელ საზოგადოებას იმიტომ, რომ ეს ხელისუფლება აპირებს თვალში ნაცარი შეაყაროს ჩვენს საზოგადოებას”.

”ნაციონალური მოძრაობის” ოფისში შაბათს გამართულ ბრიფინგზე განცხადებები გააკეთეს 30 ნოემბერს ერევანში საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში მყოფმა საპარლამენტო უმცირესობის წევრებმაც. დეპუტატი ირმა ნადირაშვილი აცხადებს, რომ საბაჟო კონტროლისას რაიმე ინციდენტს ადგილი არ ჰქონია. უკან დაბრუნებისას კი ვანო მერაბიშვილმა არა პრეზიდენტის ესკორტით, არამედ საკუთარი მანქანით დატოვა აეროპორტის ტერიტორია.

”ჩვენი ვარაუდით, ეს დრო სჭირდებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს იმისთვის, რომ კარგად დაედგა აბსურდის თეატრი და რაც მთავარია, ამ თეატრის, ამ სპექტაკლის სცენარი შეეთანხმებინა მთავარ სცენარისტთან - ბიძინა ივანიშვილთან. მე გალხდით სწორედ აეროპორტში ღამე, როდესაც ეს ამბები მოხდა და იქ იყო მობილიზებული მთელი სპეცრაზმი და მთელ ამ ოპერაციას ხელმძღვანელობდა შევარდნაძისდროინდელი და ახლანდელი ჩინოვნიკიც - ალეკო ტაბატაძე”, ამბობს ირმა ნადირაშვილი.