რა ჯდება ანბანის კოშკის

რა ჯდება ანბანის კოშკის "შენახვა"

ბათუმში "ანბანის კოშკის" მშენებლობა 2010 წელს დაიწყო და 2011 წელს პრეზიდენტმა სააკაშვილმა საზეიმოდ გახსნა. ამ კოშკის არქიტექტორია ესპანელი ალბერტო დომინგო კაბო. ეს ის დომინგო კაბოა, ვისი პროექტითაც ქუთაისში პარლამენტის შენობა აიგო... "ანბანის კოშკი" 65 მილიონი ლარი დაჯდა, მაშინ, როდესაც მთლიანად აჭარის ბიუჯეტი 115 მილიონ ლარს შეადგენდა. დღეს აჭარის ახალი მთავრობა საგონებელშია ჩავარდნილი, რადგან ამ დაახლოებით 130-მეტრიანი კოშკის შენახვა წელიწადში 700 ათასი ლარი ჯდება... ამ საკითხზე კომენტარი ვთხოვეთ აჭარის უზენაესი საბჭოს დეპუტატ კაკო ძნელაძეს:

- გარდა იმისა, რომ ამ ე.წ. ანბანის კოშკის ასაგებად კოლოსალური თანხა დაიხარჯა, ალპინისტების დაქირავება კოშკის გასაწმენდად, შეღებვა, განათება, ლიფტი - წელიწადში 700 ათასი ლარი ჯდება. ამიტომაც დავიწყეთ ფიქრი იმაზე, რომ ამ კოშკს რამენაირად ფული გავაკეთებინოთ...

- როგორ?
- მასზე შეიძლება სათვალთვალო ობიექტი ან ობსერვატორია განთავსდეს. მთავარია, რაიმე შემოსავალი მოიტანოს, რომ თავისი თავი ნაწილობრივ მაინც შეინახოს.

- ზოგიერთი ამ კოშკის დემონტაჟსაც ვარაუდობს...
- მის დემონტაჟზე ჯერჯერობით არ ვფიქრობთ, უმჯობესია, გამოვიყენოთ და ფული გავაკეთებინოთ. მართალია, ეს ვეებერთელა რკინის კონსტრუქცია ქალაქს არ უხდება, მაგრამ, პირველ რიგში, დასანგრევი, ძველ ბათუმში აღმართული უსახური ნაგებობები, მაგალითად, ქორწინების სახლი ბულვარში და აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ერთ-ერთი ბანკის სახურავი, რომელსაც ჩიპოლინოს ქუდი შევარქვი. მათი დემონტაჟი და ქუჩების პირვანდელი სახის დაბრუნება აუცილებელია. რაც შეეხება "ანბანის კოშკის" დემონტაჟს, ეს დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული, რისი საშუალებაც ჯერჯერობით არ გვაქვს. დღეს ბათუმში და, საერთოდ, აჭარაში მძიმე სოციალური მდგომარეობაა. ჩვენთვის ჯერ ადამიანი, მისი ყოფაა მთავარი და შემდეგ სხვა დანარჩენი. ამიტომ, პირველ რიგში, ამ საქმეს უნდა მივხედოთ.