პირველი მსოფლიო ომის დროს მატა ჰარი (ნამდვილი სახელია მარგარიტა გერტრუდა ცელე) გერმანიის დაზვერვის თანამშრომელი გახდა. საფრანგეთის კონტრდაზვერვამ თავისი აგენტის ჰანა ვიტიგის დახმარებით შესძლო მატა ჰარის საქმიანობის გამოაშკარავება და 1917 წლის 13 იანვარს (სხვა მონაცემებით 14 თებერვალს) დააპატიმრა.
"1917 წლის 24 ივნისს მატა ჰარი სრულიად მშვიდად დაჯდა ბრალდებულთა სკამზე პარიზის მესამე სამხედრო სასამართლოში. მას თორმეტი ოფიცერი ასამართლებდა... რა თქმა უნდა, პროცესი დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. თავდაპირველად მატა ჰარის სჯეროდა, რომ მართალია საქმე სერიოზული იყო, მაგრამ რაიმენაირად მოახერხებდა თავის გადარჩენას. მაგრამ პროცესის მიმდინარეობასთან ერთად, როდესაც უკვე ის თანხებიც კი გამჟღავნდა, რომელსაც იგი გერმანიის დაზვერვისგან იღებდა, იგი სულ უფრო რწმუნდებოდა, რომ თავის გადარჩენის იმედი არ უნდა ჰქონოდა. მისი მდგომარეობა ყოველ საათს მძიმდებოდა. იგი თავს იმით იმართლებდა, რომ იმ თანხებს იგი გერმანული დაზვერვისგან ჯაშუშური საქმიანობისთვის სულაც არ იღებდა.
- არა! – წამოიყვირა მან, – ამისთვის არა! მათ ჩემი სიყვარულისთვის ვიღებდი...
როდესაც სასამართლომ სრულიად ჭეშმარიტი დამამტკიცებელი საბუთები წარმოადგინა, მან თავისი ბოლო კოზირი გადმოაგდო და განაცხადა:
- დიახ, ბატონო მოსამართლენო, ვაღიარებ, ზოგჯერ ჯაშუშობითაც ვიყავი დაკავებული. და თქვენთვის ეს შემთხვევა, როდესაც მე ასეთ სამარცხვინო საქმეზე წავედი, კარგად უნდა იყოს ცნობილი. გაიხსენეთ შემთხვევა, როდესაც მე თქვენ ორი გერმანული წყალქვეშა ნავის თაობაზე მოგაწოდეთ ინფორმაცია.
ამ სიტყვებზე მისი ადვოკატი გაოგნებული წამოხტა, მან არაფერი იცოდა ამ ისტორიის შესახებ, მაგრამ სასამართლოს თავმჯდომარემ მოხერხებულად მოიგერია განსასჯელის გამოხტომა და აღშფოთებულმა ესროლა:
- ეს სიმართლეა. ეს თქვენ მართლაც გააკეთეთ, მაგრამ ეს სწორედ თქვენ საწინააღმდეგოდ მოწმობს. თქვენ ახლახანს ამტკიცებდით, რომ არასოდეს გისაუბრიათ სამხედრო საკითხებზე არც გერმანელ ჯაშუშებთან, არც გერმანიის არმიის მაღალ ჩინოსნებთან. ნება მიბოძეთ გკითხოთ, მაშინ რა გზით შეიტყვეთ გერმანული წყალქვეშა ნავების ადგილმდებარეობა?
ამ კითხვაზე კუთხეში მიმწყვდეულმა, უბედურმა ქალმა ვერაფერი უპასუხა.
პროცესის ბოლოს მისმა რწმუნებულმა ბრწყინვალე სიტყვა წარმოსთქვა, რომელშიც ამტკიცებდა, რომ ყველა ბრალდება წაყენებული მისი დასაცავი პირის მიმართ, მხოლოდ აგენტურის მოხსენებებს ეყრდნობა, ხოლო თავად აგენტები სასამართლოს არ დასწრებიან. ყველაზე დიდი, რასაც ბრალდებამ მიაღწია, რამდენიმე პოლიციური ოქმის წარმოდგენა იყო, რომელთა სამართლიანობის შემოწმება სასამართლოზე შეუძლებელი იყო. ადვოკატმა ღია სასამართლო პროცესი მოითხოვა. პროკურორის საპასუხო სიტყვა საკმაოდ მოკლე იყო. იგი სიკვდილით დასჯას მოითხოვდა. სასამართლო განხილვის მეორე დღეს მოსამართლეები სათათბიროდ გავიდნენ, რომელიც დიდხანს არ გაგრძელებულა. როდესაც ისინი სხდომათა დარბაზში დაბრუნდნენ, თავმჯდომარემ ფეხზე წამოდგომა შესთავაზა იქ მყოფთ და სასამართლოს მდივანმა გამოტანილი განაჩენის შემდეგი სტრიქონები წაიკითხა:
- რესპუბლიკისა და ფრანგი ხალხის სახელით სამხედრო სასამართლო, ჰოლანდიის ქვეშევრდომს, რომელიც საკუთარ თავს მატა ჰარიდ მოიხსენიებს, ცნობს დამნაშავედ საფრანგეთის წინააღმდეგ ჯაშუშობაში და ადგენს მისი სიკვდილით დასჯას.
სამარისებურ სიჩუმეში უბედური განსასჯელის ისტერიული ღრიალი გაისმა:
- მაგრამ ეს შეუძლებელია! ეს შეუძლებელია!
წამის შემდეგ მან დიდი ძალისხმევის ფასად საკუთარი თავი ხელში აიყვანა და მტკიცე ნაბიჯებით გაემართა გასასვლელისკენ. ბადრაგმა იგი უკან ციხეში დააბრუნა. მეორე დღეს დამცველმა აპელაცია შეიტანა, მაგრამ არც კი განუხილიათ. მაშინ მან შეწყალების თხოვნა წარადგინა პრეზიდენტის სახელზე დაწერილი და ისევ უარი მიიღო. დამცველის კვალად შეწყალების თხოვნით პრეზიდენტს მთელმა რიგმა ფრანგმა და ნეიტრალურმა მაღალი თანამდებობის პირებმა მიმართეს, მაგრამ კვლავ წარუმატებლად. პუანკარე შეურყეველი იყო. სასიკვდილო განაჩენი ძალაში რჩება.
სამი თვის მანძილზე ციხეში ყოფნის დროს მატა ჰარიმ ძლიერი სულისკვეთება და უზარმაზარი თავშეკავებულობა გამოავლინა, რითიც ყველას მხრიდან, ვისაც მასთან იმ დღეებში ჰქონია შეხება ღრმა პატივისცემა დაიმსახურა.
1917 წლის 15 ოქტომბრის დილით იგი მშვიდად და ამაყად ჩაჯდა ავტომობილში, რომელმაც იგი დასახვრეტად გამოყოფილ ადგილამდე მიიყვანა. იგი მაშინვე დადგა ბოძთან, სადაც განაჩენი უნდა აღსრულებულიყო. მისი მიმართულებით ჯარისკაცების მიერ გასროლილი ყველა ტყვიიდან, მას მხოლოდ ერთადერთი ტყვია მოხვდა, რომელმაც მაშინვე მოუსწრაფა სიცოცხლე. ტყვია პირდაპირ გულში მოხვდა. აქედან გამომდინარე, მთელ ათეულში, რომელსაც მატა ჰარის დახვრეტა ჰქონდა დავალებული, მხოლოდ ერთი ჯარისკაცი მოიძებნა ისეთი, რომელმაც მათ თოფი ზუსტად დაუმიზნა. დანარჩენებმა აცილება გადაწყვიტეს, ხოლო ერთი ახალგაზრდა ჯარისკაცი უგონოდ დაეცა და მისი მოსულიერება ექიმ ბიზარს მოუხდა, რომელიც სასჯელის აღსრულებას დასჯილის სიკვდილის დასადასტურებლად ესწრებოდა.
ამ ისტორიას უნდა დავამატოთ, რომ გერმანელი ჰანა ვიტიგი, რომლის წყალობითაც ფრანგებმა მატა ჰარის მხილება მოახერხეს, ომის დასრულების შემდეგ ცოლად გაჰყვა გრაფ დე შიინს და კინოს ცნობილი მსახიობი გახდა კლოდ ფრანსის სახელით. თუმცა მას მუდმივად აწუხებდა სინდისის ქენჯნა მატა ჰარის სიკვდილის გამო და ბოლოს ვეღარ გაუძლო. 1928 წელს ჰანა ვიტიგმა თავი მოიკლა.